საზოგადოება

თურქეთში დააკავეს საქართველოსა და რუსეთის ორმაგი მოქალაქე, რომელმაც რუსეთის პასპორტი დაწვა

21 მარტი, 2024 • 2159
თურქეთში დააკავეს საქართველოსა და რუსეთის ორმაგი მოქალაქე, რომელმაც რუსეთის პასპორტი დაწვა

თურქეთში დააკავეს საქართველოსა და რუსეთის ორმაგი მოქალაქე მარიამ ფესვიანიძე, რომელმაც რუსული პასპორტი საჯაროდ დაწვა. შემთხვევა 17 მარტს, რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად, ანკარაში, რუსეთის საელჩოს წინ მოხდა.

მარიამ ფესვიანიძემ რუსული პასპორტი პროტესტის ნიშნად დაწვა. გარდა ამისა, მას ხელში ეჭირა ფურცელი, რომელზეც ეწერა, რომ პუტინი მკვლელია. მარიამის მამამ, ლევან ფესვიანიძემ, „ნეტგაზეთს“ უთხრა, რომ მარიამმა, როგორც ხელოვანმა, ამგვარი პერფორმანსით გამოხატა საკუთარი პოზიცია რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით.

მარიამი თურქმა სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილზევე დააკავეს. ლევან ფესვიანიძის ინფორმაციით, დაკავებიდან 4 დღის შემდეგ, დღეს, 21 მარტს, მარიამს დეპორტით საქართველოში დააბრუნებენ.

„დღეს, 9 საათის შემდეგ, მარიამს ჩასვამენ მანქანაში და წაიყვანენ აეროპორტში. თუ არაფერი არ შეიცვლება და იმედია, არ შეიცვლება, ხვალ, გამთენიისას, უკვე თბილისში იქნება. რაღაც მიზეზების გამო გადაწყვიტეს მარიამის დეპორტაცია. რა მიზეზების გამო, არ ვიცით, მაგრამ გვაქვს ეჭვი, რომ ამის მიზეზი იყო რუსული მხარის ზეწოლა“, — ამბობს ლევან ფესვიანიძე.

მისი თქმით, გაუგებარია როგორც მარიამის დაკავების, ისე დეპორტაციის სამართლებრივი საფუძვლები. ამიტომ, ფესვიანიძეს ვარაუდობს, რომ შესაძლოა, მას პროტესტის გამოხატვის გამო სჯიან.

„მეც და ჩვენს დიპლომატებსაც გვაქვს საკმაოდ მყარი ეჭვი, რომ ყველაფერი ეს იყო გამოწვეული იმით, რომ რუსულმა მხარემ გარკვეული ზეწოლა გააკეთა თუ სთხოვა თურქულ მხარეს, რომ მარიამი რაც შეიძლება მკაცრად დაესაჯათ. მარიამს არც ერთი თურქული კანონი არ დაურღვევია.

მეტიც, როდესაც დააკავეს, თავდაპირველად საუბარი მიდიოდა იმაზე, რომ უბრალოდ ოქმს შეადგენენ და გაუშვებდნენ. მომწერა, ალბათ, უკვე გამომიშვებენო. რამდენიმე წუთში დამირეკა, მაკავებენო, თითის ანაბეჭდები ამიღეს, საბუთები ჩამომართვეს და ტელეფონის ჩამორთმევამდე ერთი ზარის უფლება მომცესო. რაღაც მომენტში კარდინალურად შეიცვალა სიტუაცია. არის ეჭვი, რომ ეს იყო რუსული მხარის გავლენით“, — განუცხადა ლევან ფესვიანიძემ „ნეტგაზეთს“.

მარიამის მეგობრები, რომლებიც შემთხვევის დროს მასთან ერთად იყვნენ, ამბობენ, რომ დაკავებისას სამართალდამცველებმა მიზეზად დაუსახელეს სახელმწიფო სიმბოლიკის შეურაცხყოფა. ლევან ფესვიანიძის თქმით, მის შვილს არც  თურქეთის და არც რუსეთის სახელმწიფო სიმბოლიკა არ შეურაცხყვია.

„მარიამს თურქული სიმბოლიკა არ დაუზიანებია, რუსული დროშა არ დაუწვავს. მარიამის არგუმენტი იყო, ეს არის ჩემი პასპორტი, მინდა დავწვავ, მინდა დავჭრი, მინდა უნიტაზში ჩავაგდებ. რის საფუძველზე მაკავებთ? რა ჩავიდინე ისეთი, რამაც თურქეთის რესპუბლიკას მიაყენა ზიანი?“, — ამბობს მარიამის მამა.

ლევან ფესვიანიძის თქმით, დაკავების შემდეგ მარიამი გადაიყვანეს, სავარაუდოდ, სადეპორტაციო ცენტრში, სადაც მძიმე სანიტარული პირობებია, მას არ ჰქონდა წვდომა ჰიგიენურ საშუალებებზე, ხარისხიან საკვებზე, სამედიცინო მომსახურებაზე და ა.შ.

„ნეტგაზეთი“ ინფორმაციის გადასამოწმებლად და დამატებითი დეტალების გასარკვევად საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, თუმცა ჩვენს კითხვებზე პასუხი უწყებისგან  ჯერჯერობით არ მიგვიღია.

მარიამ ფესვიანიძე რუსეთში დაიბადა და წლების განმავლობაში იქ ცხოვრობდა. 2014 წელს, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ, მარიამი საქართველოში გადმოვიდა, საქართველოს მოქალაქეობაც მიიღო და მამის თქმით, სხვადასხვა პლატფორმაზე აქტიურად გამოხატავს საკუთარ პოზიციას რუსეთის პოლიტიკის მიმართ.

მასალების გადაბეჭდვის წესი