საზოგადოება

ჩხუბში მონაწილე Wizz Air-ის ქართველ მგზავრებს რუმინეთი უპრობლემოდ დაატოვებინეს

6 მარტი, 2024 • 12833
ჩხუბში მონაწილე Wizz Air-ის ქართველ მგზავრებს რუმინეთი უპრობლემოდ დაატოვებინეს

ავიაკომპანია „ვიზეარის“ ქართველ და ბელარუსელ მგზავრებს რუმინეთის დატოვების საშუალება უპრობლემოდ მისცეს. მათ მიმართ რაიმე სამართლებრივი ნაბიჯები არ გადადგმულა. ინფორმაციას ამის შესახებ რუმინული მედია ავრცელებს.

ჩხუბი მემინგემი-ქუთაისის რეისზე 4 მარტს, იმ დროს მოხდა, როცა თვითმფრინავი რუმინეთის საჰაერო სივრცეში იყო.

როგორც „ნეტგაზეთს“ თვითმხილველმა განუცხადა, დაპირისპირება ქართველ და ბელარუს მგზავრებს შორის მოხდა, რა დროსაც ამ უკანასკნელმა ფიზიკური დაზიანებები მიიღო. ამის გამო თვითმფრინავი სასწრაფოდ დაეშვა რუმინეთში, კლუჟ-ნაპოკას აეროპორტში. დაშვების შემდეგ ბორტიდან ჩაიყვანეს ბელორუსის ერთი და საქართველოს ორი მოქალაქე. ბელორუსის მოქალაქეს დაზიანება თავის არეში ჰქონდა, მას სამედიცინო დახმარება დასჭირდა.

როგორც რუმინული მედია იტყობინება, ბელარუსის მოქალაქე მემინგემში დაბრუნდა, საქართველოს მოქალაქეებმა გზა ქუთაისის მიმართულებით სხვა თვითმფრინავით გააგრძელეს. ამავე ცნობით, რუმინელ სამართალდამცავებს ჩხუბის მონაწილეები არ დაუკავებიათ, რადგან მათ ჩხუბს საფრთხე არ შეუქმნია მგზავრებისა და თავად თვითმფრინავის უსაფრთხოებისთვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი