ნეტგაზეთი | მეცნიერების დავა და ისტორიული სიმართლის დამდგენი კომისია მეცნიერების დავა და ისტორიული სიმართლის დამდგენი კომისია – Netgazeti
RU | GE  

მეცნიერების დავა და ისტორიული სიმართლის დამდგენი კომისია

საქართველოს ისტორიის დამდგენი კომისიის ერთ-ერთი კონსულტანტი ისტორიკოსი  დიმიტრი შველიძეა, რომლის საკანდიდატო დისერტაცია 1981 წელს დაწერილი ”ქართველი ბოლშევიკების ბრძოლა წვრილბურჟუაზიულ-ნაციონალისტური სოციალისტურ-ფედერალური პარტიის წინააღმდეგ” იყო.

საქართველოს ისტორიის დამდგენი კომისიის ერთ-ერთი კონსულტანტი ისტორიკოსი  დიმიტრი შველიძეა, რომლის საკანდიდატო დისერტაცია 1981 წელს დაწერილი ”ქართველი ბოლშევიკების ბრძოლა წვრილბურჟუაზიულ-ნაციონალისტური სოციალისტურ-ფედერალური პარტიის წინააღმდეგ”იყო.

ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც  ისტორიკოსმა, პროფესორმა ლევან ურუშაძემ უარი განაცხადა კომისიის კონსულტანტობაზე, სწორედ დიმიტრი შველიძე  იყო.  ურუშაძე ამბობს, რომ მისი ნაშრომები, რომლებიც საბჭოთა კავშირის დროს გამოქვეყნდა, ისტორიის ფალსიფიკაციას წარმოადგენს:

”კომისიის შემადგენლობაში არ უნდა იყოს არც ერთი ისტორიკოსი, რომლის წარსული, სამეცნიერო და პედაგოგიური საქმიანობა დაკავშირებული იყო ავადსახსენებელ “სკკპ ისტორიასთან”, “ისტორიულ მატერიალიზმთან” და “დიალექტიკურ მატერიალიზმთან”, ვინაიდან ეს სამივე “დისციპლინა”  ისტორიის გაყალბებას ემსახურებოდა! ამასთან, არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას აკეთებენ ამგვარი წარსულის მქონე ისტორიკოსები დღეს.”

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა დიმიტრი შველიძემ 1981 წელს გამოაქვეყნა საკანდიდატო დისერტაცია, სათაურით: ” ქართველი ბოლშევიკების ბრძოლა წვრილბურჟუაზიულ-ნაციონალისტური სოციალისტურ-ფედერალური პარტიის წინააღმდეგ (1895-1907)”.

”აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ამ სადისერტაციო ნაშრომის ოფიციალური, წამყვანი ორგანიზაცია იყო საქართველოს კომპარტიის ცენტრალურ კომიტეტთან არსებული პარტიის ისტორიის ინსტიტუტი – საკავშირო  კომპარტიის ცენტრალურ კომიტეტთან არსებული მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტის საქართველოს ფილიალი”,-ამბობს ლევან ურუშაძე.

მისი თქმით, კომისიაში შველიძისა და მისი მსგავსი წარსულის მქონე “ისტორიკოსების” შეყვანა ყოვლად დაუშვებელია:

”კომისიის შემადგენლობა დაკომპლექტებული უნდა იყოს უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალებით, რომლებსაც, ყველაფერთან ერთად,  უნდა ჰქონდეთ სრული მორალური და ზნეობრივი უფლება ამ კომისიის წევრობისა”.

სოციალურ ქსელ ”facebook-“ში ლევან ურუშაძემ სპეციალური გვერდი გახსნა, როგორი უნდა იყოს საქართველოს ისტორიული სიმართლის დამდგენი კომისია, სადაც  მას და დიმიტრი შველიძეს შორის მიმოწერის ამონარიდებს აქვეყნებს.

”გარდა ამისა, შველიძის დისერტაციის თემაზე გამოქვეყენებული ნაშრომები  1977 წელს მაცნეს ისტორიის სერიაშია დაბეჭდილი, საქართველოს საზოგადოებრივ–პოლიტიკურ მიმდინარეობათა ლენინური კონცეფციის საკითხისთვის”, ეს ყველაფერი თავიდან ბოლომდე არის მარქსისტულ-ლენინური სულისკვეთებით გაჟღენთილი ფალსიფიკაცია”,-ამბობს ურუშაძე ნეტგაზეთთან საუბრისას.

ნეტგაზეთი დაუკავშირდა ისტორიკოს, პროფესორ დიმიტრი შველიძეს, რომელმაც გვითხრა, რომ  ისტორიული სიმართლის დამდგენი კომისიისთვის მისი სამუშაო თემა 1950-1989 წლებში  საქართველოს ისტორიის პერიოდია.

”მე ვიყავი პირველი ისტორიკოსი, რომელმაც  პირველი ქართული, ეროვნული მიმართულების პოლიტიკური პარტიის ისტორია დაამუშავა, ეს იყო ქართველი სოციალისტ-ფედერალისტების პარტია”.

სოციალისტ-ფედერალისტების პარტია არჩილ ჯორჯაძემ და გიორგი დეკანოზიშვილმა 1901 წელს შექმნეს.

”რა თქმა უნდა, იმ ჩემს პირველ საკანდიდატო დისერტაციაში  გარკვეული კომპრომისების გაკეთება მომიხდა, ე.წ. მარქსისტული ისტორიოგრაფიის საფუძველზე”,-ამბობს შველიძე.

ისტორიკოსი ამბობს, რომ სხვანაირი სათაურით მას აუკრძალავდნენ აღნიშნულ თემაზე მუშაობას, დაცვაც არ შედგებოდა და ვერც შეისწავლიდა აღნიშნულ საგანს.

”არ ვუარყოფ, მე სამართლიანი და ობიექტური ადამიანი ვარ, 1980-ან წლებში მე ეს დავწერე, ისევე როგორც გოგლა ლეონიძე და გალაკტიონი  კოლმეურნეობაზე წერდნენ ლექსებს. ის, რომ ლენინი ბოლშევიკების ბელადი იყო, მეც ვწერდი”. (საკანდიდატო დისერტაციიდან ამონარიდი: ”რევოლუციური პროლეტარიატის ბელადი, ვ.ი. ლენინი”).

შველიძე ფიქრობს, რომ თუ საკითხს ისე მივუდგებით, როგორც ლევან ურუშაძე, საქართველომ ეროვნული არსებობა დღეიდან ან ხვალიდან უნდა დაიწყოს:

”ჩემი ეს მოსაზრება ვრცელდება მხოლოდ იმ ისტორიკოსებზე, რომლებმაც სერიოზული თემები შეისწავლეს და  შემდგომში სერიოზული ნაშრომები გამოაქვეყნეს და არა ისეთებზე,რომლებიც დარჩნენ ბოლშევიკებად, მარქსისტებად”.

ურუშაძე კი ამბობს, რომ ამ ლოგიკით – ”მაშინ ასე იყო საჭირო” – ყველაფრის გამართლება შეიძლება.

დიმიტრი შველიძე არის  200 სტატიისა  და  ათი ნაშრომის ავტორი: ”პოლიტიკური პარტიების წარმოშობა საქართველოში”, 1993 წელი, ”პოლიტიკური დაპირისპირებები და ეროვნული ხელისუფლების დამხობა 1987-92წწ”, 2008 წელი, ”აი, ვინ იყო, ქართველნო, ვარლამ ჩერქეზიშვილი”, 2000 წელი.

” პიროვნული კინკლაობა ჩემი საქმე არ არის, მე აზრს ვებრძვი და არა ადამიანებს, ლევან ურუშაძე ცდება, ძალიან კატეგორიულია მოვლენების   აღქმაში”,-ამბობს დიმიტრი შველიძე.

ურუშაძე, თავის მხრივ, ამბობს, რომ პიროვნულად არაფერი აქვს შველიძესთან საწინააღმდეგო. დაპირისპირების მთავარი მიზეზი  წარსულში გამოქვეყნებული შველიძის ნაშრომებია. ურუშაძე ამბობს, რომ არ აქვს მნიშვნელობა, რას საქმინობას ადამიანი დღეს, მთავარია, თუ რას საქმიანობდა ის საბჭოთა კავშირის დროს.

ისტორიული სიმართლის დამდგენი კომისია 2010 წლის 9 აპრილს საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით შეიქმნა. კომისიის დებულება 5 აგვისტოს გამოიცა, ხოლო საბოლოო დოკუმენტის მოსამზადებლად კომისიას, რომელსაც კენტის უნივერსიტეტის პროფესორი ვასილ რუხაძე ხელმძღვანელობს, დრო 2010 წლის 15 დეკემბრამდე აქვს.

თორნიკე შარაშენიძე, კომისიის აღმასრულებელი მდივანი ნეტგაზეთთან საუბრისას ამბობს, რომ რაპორტი დაახლოებით 40-50 გვერდის მოცულობის იქნება და ის ითარგმნება ინგლისურ ენაზე.

კომისიის კონსულტანტები, დიმიტრი შველიძესთან ერთად , ისტორიკოსები გოჩა საითიძე და სიმონ მასხარაშვილი არიან.

ამავე თემაზე

როგორ იწერება ისტორიული სიმართლე

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
თამარ ჩხეიძე