საზოგადოება

ჰომოსექსუალობა და მედია

11 სექტემბერი, 2010 • 1646
ჰომოსექსუალობა და მედია

წყარო: http://ameliaaviles.com/
წყარო: http://ameliaaviles.com/

მართლმადიდებელი ეკლესიის და მისი მრევლის მიერ აგვისტოში ბათუმში  გამართულ აქციებს ტრადიციულ მედიაში ადეკვატური რეაქცია რომ მოჰყოლოდა, ანუ დისკუსიები გამართულიყო, აუცილებლად დაგვჭირდებოდა გვესწავლა ალექსანდრე  ელისაშვილისგან. გვესწავლა ეთიკურად  გაშუქება იმ ჟურნალისტის საქმიდან, რომელსაც არ დაუტოვებია საქართველოს ჟურნალისტთა ეთიკის ქარტია მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა გაამტყუნა იგი საქმეში ”ფონდი ”ინკლუზივი” ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ”.

ეს იყო მეორე გახმაურებული საქმე, რომელიც საბჭომ  მოდელირებული ქრონიკის წამყვანის წინააღმდეგ შეტანილი საჩივრის შემდეგ განიხილა. ორივე შემთხვევაში ეთიკის საბჭომ  ჟურნალისტები გაამტყუნა და დაადგინა, რომ მათ დაარღვიეს ის ეთიკური პრინციპები, რომელთა დაცვაზეც ქარტიაზე ხელმოწერით აიღეს პასუხისმგებლობა. პირველ შემთხვევაში, საბჭოს გადაწყვეტილებით უკმაყოფილო ჟურნალისტმა ნათია კობერიძემ  ქარტიის რიგები დატოვა. ელისაშვილს იგი არ დაუტოვებია. მან განაცხადა, რომ პატივს სცემს საბჭოს გადაწყვეტილებას.

ორივე ჟურნალისტმა პროფესიული ეთიკური სტანდარტების დაცვის ქარტიას,   100 -ზე მეტ კოლეგასთან  ერთად, 2009 წლის მიწურულს მოაწერა ხელი.  ქარტია ყველამ ერთად დააფუძნა  და აირჩია საბჭო, რომელიც ჟურნალისტების წინააღმდეგ შეტანილ საჩივრებს განიხილავს, რაც დამფუძნებელი ჟურნალისტებისგან იმის დეკლარირება იყო, რომ სურთ დაიცვან ეთიკური პრინციპები.

ქარტიის მე-7 პრინციპი  ხელმომწერ ჟურნალისტს ავალდებულებს, ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ, მან ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად – რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით.

 რა უნდა მოიმოქმედოს ეთიკურმა ჟურნალისტმა, გადაცემის წამყვანმა მაშინ, როცა პირდაპირ ეთერში მოწვეული სტუმარი ჰომოფობურ განცხადებას აკეთებს, სხვაგვარად რომ ვთქვათ, სტუმარი იყენებს დისკრიმინაციულ და აგრესიულ გამონათქვამებს ჰომოსექსუალების მიმართ? 

ალექსანდრე ელისაშვილის წინააღმდეგ შეტანილ საჩივარზე გამოტანილი გადაწყვეტილებით, საბჭომ განმარტა, თუ როგორ უნდა მოიქცეს გადაცემის წამყვანი და რატომ დაარღვია ქარტიის მეშვიდე პრინციპი ელისაშვილმა.  მედიის არათანმიმდევრულობის (ამ შემთხვევაში ნეტგაზეთისაც) გამო, გაშუქდა მხოლოდ ის ფაქტი, რომ საბჭოს გადაწყვეტილებით ელისაშვილმა სტანდარტი დაარღვია. ფართო დისკუსია იმის შესახებ, რომ იყო თუ არა წარმოდგენილი  არგუმენტები საფუძვლიანი, ამ თემას არ მოჰყოლია, რადგან გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მისი მიღებიდან საკმაოდ გვიან – 2 თვეში გამოქვეყნდა.

საბჭოს მიმართ  თავად ელისაშვილის უკმაყოფილების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ეს ორი თვე იყო, რადგან მიაჩნია, რომ საბჭომ სამოტივაციო ნაწილის გამოქვეყნება დააგვიანა, არადა, ის მოუთმენლად ელოდა.

”მეც, ერთმა–ერთმა ჟურნალისტმა და პირდაპირი ეთერის გადაცემის წამყვანმა ბევრი რამ უნდა ვისწავლო ამგვარი პრეცენდენტებით და თავად საბჭომაც უფრო ოპერატიულად და კვალიფიციურად უნდა იმუშაოს” – განაცხადა ელისაშვილმა ნეტგაზეთთან ინტერვიუში.

რა უნდა ისწავლოს ელისაშვილმა და ჩვენც, ქარტიის ხელმომწერმა ჟურნალისტებმა?

გადაცემა ”ბარიერის”  (ტელეკომპანია ”კავკასია”) ეთერში 2010 წლის 9 მარტის გადაცემაში  გაზეთ „ჯორჯიან თაიმსის” დამფუძნებელმა მალხაზ გულაშვილმა ღირებულებებზე წამოიწყო საუბარი  და განაცხადა, რომ “ეს [ევროპული ღირებულებები] არის ფსევდოლიბერალური, რასაც ვითომ „თავისუფლების ინსტიტუტი” მართავს. მაგრამ სინამდვილეში ძალიან ბევრია ამ ღირებულებების მატარებელი, რომელსაც ქვეყანა მიჰყავს კატასტროფისკენ. რაც ხდება ხო, პროპაგანდა მიდის აღვირახსნილი. რა უნდათ! საქართველოში მაინცდამაინც ერთსქესიანთა ქორწინება რომ დაამკვიდრონ?  რას აკეთებენ ამ აღვირახსნილი კამპანიით!  საინფორმაციო საშუალებებში მასობრივ პროპაგანდას უწევენ ჰომოსექსუალიზმს და ლესბოსელობას. რა ხდება!  გამაგებინეთ? ეს რომელ ქვეყანაში ხდება? დავით აღმაშენებლის და ქეთევან დედოფლის ქვეყანაში? რომელმაც, სიშიშვლე რომ გამოუჩნდა, იმაზე შეჰკივლა და არა წამებაზე! ამ ქვეყანაში ხდება ეს? ამ ქვეყანაში შეიძლება ასეთი რამეები იყოს დაცული? ჩვენ ზუსტად აი, ასეთ მოძრაობას შევებრძოლებით, აი, ასეთ გამოვლინებას!”

ამის შემდეგ ფონდ ”ინკლუზივის” თავმჯდომარემ პაატა საბელაშვილმა  საქართველოს ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიის საბჭოს მიმართა, რადგან მიიჩნია, რომ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრმა – ალექსანდრე ელისაშვილმა– დაარღვია ქარტიის მეშვიდე მუხლი. საბელაშვილის მოსაზრებით, ” მიწვეული სტუმრების მხრიდან (მალხაზ გულაშვილი, გუბაზ სანიკიძე) ადგილი ჰქონდა ჰომოსექსუალი თანამოქალაქეების დაცინვას და დამცირებას. ბატონმა ელისაშვილმა არა თუ აღკვეთა ეს საუბარი, არამედ შეუერთდა საყოველთაო ქირქილს და შემდეგ განაცხადა: „დავანებოთ მაგათ თავი, ეგ ჩვენი საუბრის თემა არ არის“. სტუმართაგან არც ერთს ამაზე ადეკვატური რეაგირება არ მოუხდენია“.

საბჭომ, ამ განცხადების განხილვისას,  ვიდეომასალა შეისწავალა და დაადგინა, რომ ელისაშვილი ”საყოველთაო ქირქილს” არ შეერთებია, თუმცა არაფერი გაუკეთებია იმისათვის, რომ საზოგადოებას ალტერნატული აზრი გაეგო.

სამოტივაციო ნაწილის დასაწყისში საბჭომ განმარტა, თუ რა ვალდებულებას აწესებს წევრისათვის ქარტიის ხსენებული მუხლი. ”საბჭო მიიჩნევს, რომ „ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე“, რაც იმას ნიშნავს, რომ ჟურნალისტი ვალდებულია ერკვეოდეს, რას არის დისკრიმინაცია და დისკრიმინაციის წახალისება, სიძულვილის ენა და არატოლერანტული გამონათქვამები, რათა საჭირო მომენტში გააცნობიეროს და სწორად შეაფასოს პრობლემა. „ამიტომ, ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად“, პირდაპირი ეთერის შემთხვევაში, ის უნდა გაემიჯნოს დისკრიმინაციულ განცხადებას და დაუპირისპირდეს მას, რაც გულისხმობს შემდეგს: ჟურნალისტმა ან სხვა სტუმარს უნდა მისცეს სიტყვა, რომელიც გამოთქვამს საპირისპირო აზრს, ან თავადვე ამცნოს აუდიტორიას, რომ არსებობს განსხვავებული მოსაზრება, რომელიც აქვს საზოგადოების ნაწილს.
თუ გადაცემა ჩანაწერია, მკაფიოდ უნდა ჩანდეს, რომ არატოლერანტული გამონათქვამები არ არის ჟურნალისტის პოზიცია. საჯარო პირის დისკრიმინაციული გამონათქვამები  ჟურნალისტმა უნდა დატოვოს, კერძო პირის კი – შეიძლება ამოჭრას, თუ მიზანი არატოლერანტული გარემოს ჩვენება არ არის”.

საკითხის გასარკვევად, საბჭომ ელისაშვილის კომენტარები და განმარტებები წერილობით მიიღო და ზეპირადაც მოისმინა.

„იქ [გადაცემაში]ეროვნულ უმცირესობაზე რომ ყოფილიყო საუბარი და არა ჰომოსექსუალებზე, უფრო მეტად აღვკვეთდი, ვიდრე  ჰომოსექსუალებზე. სიმართლე გითხრთ,  ჩემს გადაცემაში ჰომოსექსუალიზმზე არასოდეს  ყოფილა საუბარი, შესაბამისად, ამ თემის დისკრიმინაციულობა-არადისკრიმინაციულობაზე ნაკლები მგრძნობელობა მაქვს.  ეთნიკურ უმცირესობასთან ხშირად მაქვს საქმე და ვიცი, ამ თემას ისინი როგორ უყურებენ” – ასე უპასუხა ელისაშვილმა ზეპირი მოსმენისას საბჭოს მიერ დასმულ კითხვას.  

უფრო კონკრეტულად დასმულ კითხვაზე, თუ როგორ მოიქცეოდა, ჰომოსექსუალების აღვირახსნილი პროპაგანდის ნაცვლად, საუბარი ეროვნულ უმცირესობაზე ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებზე რომ ყოფილიყო, მან უპასუხა, რომ საუბარში ჩაერეოდა.

ჟურნალისტის მხრიდან ეს განმარტება საბჭომ  იმის ირიბ დადასტურებად მიიჩნია, რომ  უნდა ”ჩარეულიყო”.

საბჭომ გაიზიარა ალექსანდრე ელისაშვილის განცხადება  შემდეგ ნაწილში: „მალხაზ გულაშვილს აქვს სრული უფლება, მოსწონდეს ან არ მოსწონდეს ერთსქესიანთა ქორწინებები, თვლიდეს მას კავკასიური ტრადიციებისთვის მიუღებლად და გამოთქვამდეს საკუთარ აზრს ღიად, ისევე, როგორც თუნდაც ევროპული ქვეყნების მრავალი მოქალაქე, სადაც მუდმივად მიმდინარეობს დებატები მსგავს თემებზე“.  ამასთან, საბჭომ  მიიჩნია, რომ გადაცემის წამყვანს, ალექსანდრე ელისაშვილს, ჰქონდა ვალდებულება, საზოგადოებისთვის ეცნობებინა განსხვავებული აზრის არსებობის შესახებ.

”გამოხატვის თავისუფლება ხშირ შემთხვევაში მოიცავს არაეთიკური გამონათქვამების თავისუფლებასაც. როდესაც ადამიანი იწყებს არაეთიკური გამონათქვამების გავრცელებას მედიის საშუალებით, სწორედ ამ მომენტიდან მოქმედებს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-7 მუხლი, ანუ ტელეწამყვანი ვალდებულია, სტუმრის მეშვეობით გასცეს პასუხი ან პირადად გააკეთოს განცხადება და საზოგადოებას აცნობოს ალტერნატული მოსაზრებების შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში, გადაცემის მეშვეობით მოხდება ჰომოფობური მოსაზრებების პროპაგანდა” – ნათქვამია გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში.

„თუ მოსაზრება სწორია, კაცობრიობას ერთმევა შესაძლებლობა, გაცვალოს შეცდომა სიმართლეზე, ხოლო თუ მცდარია, ის კარგავს ყველაზე მნიშვნელოვან სარგებელს – სიმართლის მკაფიო აღქმას, რაც მისი შეცდომასთან შეჯახებით წარმოიშობა“ – ამ ციტატას იშველიებს საბჭო ჯონ სტიუარტ მილის ცნობილი ნაწარმოებიდან  ფიქრისა და დებატების თავისუფლების შესახებ და ასკვნის, რომ  ამ შემთხვევაში საზოგადოებას არ მიეცა „შესაძლებლობა, გაცვალოს შეცდომა სიმართლეზე“.  ამით შეილახა მისი ინტერესი – არ გახდეს პროპაგანდის მსხვერპლი, არ მიიღოს მცდარი ინფორმაცია კრიტიკის გარეშე. ეს არის დებატის მიზანი, რომელიც ამ გადაცემაში (ჰომოსექსუალების ნაწილში) არ შედგა.

ელისაშვილი, რომელიც ნაწილობრივ იზიარებს საბჭოს არგუმენტებს, ნეტგაზეთთან ინტერვიუში ამბობს, რომ საბჭოს წევრებმა უკეთ უნდა გაიაზრონ პირდაპირი, მით უფრო, ცხარე ეთერის სპეციფიკა: ” ზუსტად ეს ხედვა აკლია ამ დასკვნას, ჩემი აზრით”.

ეთერ თურაძე, გაზეთ ”ბათუმელების” მთავარი რედაქტორი, რომელიც ქარტიის საბჭოს თავმჯდომარეა, ამბობს, რომ პირდაპირი ეთერის საკითხზე საბჭო დიდხანს მსჯელობდა: ”გადაცემაში ამაზე საუბარი უფრო ხანმოკლე რომ ყოფილიყო, რაღაც გაელვება, შეიძლებოდა გვეფიქრა, რომ ჟურნალისტს გაეპარა, გამორჩა, მაგრამ ეს არ იყო გაელვება”.

სამოტივაციო ნაწილის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით კი იგი ამბობს, რომ ევროპის პრესის საბჭოებსაც 8 კვირა აქვთ ამისათვის და რომ ეცადნენ, ნათლად განემარტათ, თუ რატომ მიიღეს ასეთი გადაწყვეტილება, ამიტომაც, დრო დასჭირდათ. კიდევ ერთ მიზეზად იმას ასახელებს, რომ  საბჭოს წევრები სხვადასხვა ქალაქში ცხოვრობენ და ინტერნეტით ურთიერთობენ.

საბჭოს 8 წევრიდან 7-მა  მხარი დაუჭირა გადაწყვეტილებას საქმეზე ”ფონდი ინკლუზივი ალექსანდრე ელისაშვილის წინააღმდეგ”.  ერთმა წევრმა კი, გაზეთ ”რეზონანსის” რედაქტორმა ელისო ჩაფიძემ, დააფიქსირა განსხვავებული მოსაზრება.

ჩაფიძე არ თვლის, რომ ელისაშვილმა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მეშვიდე პრინციპი დაარღვია, რადგან:  ”ქარტიაში ცალსახადაა მითითებული, რომ ჟურნალისტმა უნდა აღკვეთოს ადამიანის დისკრიმინაცია მისი სექსუალური ორიენტაციის გამო, მაგრამ, თუ როგორ უნდა აღკვეთოს,  დამოკიდებულია ძალიან ბევრ გარემოებაზე და მათი ზუსტი ჩამონათვალი აშკარად შეიცავს საფრთხეს გამოხატვის თავისუფლების მიმართ. აღნიშნული გარემოების გამო, მიმაჩნია, რომ ელისაშვილმა მოუწოდა მალხაზ გულაშვილს, საუბარი გაეგრძელებინა არა ამ, არამედ სხვა, რუსეთთან ურთიერთობის თემაზე”.

მე-7 პრინციპის განმარტებები,  რომელიც საბჭომ ამ გადაწყვეტილებაში გამოიყენა,    ქარტიის შემადგენელი ნაწილია – ამბობს თურაძე. მისი თქმით, იგი საბჭოს წევრებს ქარტიის დაფუძნებისას  დაურიგდათ და უახლოეს მომავალში განმარტებების ბლოგზე გამოქვეყნებასაც გეგმავენ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი