საზოგადოება

ნაკრების მეორე ფრე

8 სექტემბერი, 2010 • 1182
ნაკრების მეორე ფრე

საქართველოს ნაკრებმა ზედიზედ მეორე შეხვედრა ითამაშა ფრედ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე – 7 სექტემბერს საქართველო–ისრაელის მატჩი ეროვნულ სტადიონზე 0:0 დასრულდა.

 
მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ საბერძნეთთან მატჩის შემდეგ ერთი ფეხბურთელი გამოცვალა – მარცხენა ნახევარმცველ კვირკველიას ნაცვლად სასტარტო შემადგენლობაში ჯანო ანანიძე გამოჩნდა, რომელმაც გამთამაშებლის პოზიცია დაიკავა, მარცხნივ კი გოგიტა გოგუამ გადაიწია. ტაქტიკური განლაგებაც უფრო თანამედროვე და შემტევი გახდა – 4–2–3–1, თუმცა ამან შედეგი ვერ გამოიღო.
 
საქართველოს ნაკრებს ისევ უჭირდა შეტევის გამართვა, ნახევარდაცვა ვერ აკონტროლებდა ბურთს და ორი–სამი გადაცემის შემდეგ იძულებული იყო, გრძელი პასით ეთამაშა ერთადერთი თავდამსხმელის მისამართით. სიტუაცია ვერც მეორე ტაიმში, ცვლილებების შემდეგ გამოსწორდა.
 
მატჩის განმავლობაში ყველაზე სახიფათო მომენტი შექმნა გოგუამ, რომლის საჯარიმო დარტყმა 32 მეტრიდან მეტოქის კარის ხარიხას მოხვდა. თავის მხრივ, საქართველოს ნაკრების დაცვამ მოახერხა ისრაელის ლიდერის იოსი ბენაიუნისა და მისი თანაგუნდელების შეტევების განეიტრალება. საქართველოს ნაკრების კართან სტუმრებს სერიოზული საფრთხე არ შეუქმნიათ. მეორე ტაიმში ხელსაყრელი მდგომარეობიდან თითო დარტყმა ააცილეს ბენაიუნმა და დავით სირაძემ.
 
თამაშისშემდგომ პრესკონფერენციაზე თემურ ქეცბაიამ მოედნის საფარი დაიწუნა.
 
ამავე ჯგუფში სხვა მატჩები ასე დასრულდა: ხორვატია–საბერძნეთი 0:0, მალტა–ლატვია 0:2.
 
შემდეგ თამაშს საქართველოს ნაკრები 8 ოქტომბერს  ეროვნულ სტადიონზე მალტასთან გამართავს, ხოლო 12 ოქტომბერს ლატვიას ეწვევა.
 
ევროპის ჩემპიონატის ფინალური ტურნირის საგზურს პირდაპირ იღებენ შესარჩევ ჯგუფებში პირველ ადგილზე გასული  და საუკეთესო შედეგის მქონე მეორეადგილოსანი გუნდები. მეორე ადგილზე გასული დანარჩენი 8 გუნდი დაწყვილდება და 2011 წლის ნოემბერში ბოლო 4 საგზურს გაითამაშებს. ფინალური სტადია პოლონეთსა და უკრაინაში 2012 წელს გაიმართება .

7 სექტემბერი, თბილისი
ევრო 2012, კვალიფიკაცია. F ჯგუფი
საქართველო – ისრაელი 0:0
საქართველო: რევიშვილი – ლობჟანიძე, ასათიანი, ამისულაშვილი, კალაძე – ხიზანიშვილი, კობიაშვილი – იაშვილი (სირაძე 46), ანანიძე, გოგუა (აფციაური 75) – დვალიშვილი (მერებაშვილი 63). მწვრთნელი: თემურ ქეცბაია

მდგომარეობა 2 ტურის შემდეგ: ხორვატია – 4 ქულა (ბურთები: 3–0), ისრაელი – 4 (3–1), ლატვია 3 (2–3), საქართველო – 2 (1–1), საბერძნეთი – 2 (1–1), მალტა – 0 (1–5)
 
8 ოქტომბერს: საქართველო–მალტა, საბერძნეტი–ლატვია; 9 ოქტომბერს: ისრაელი – ხორვატია

მასალების გადაბეჭდვის წესი