საზოგადოება

ქეცბაია ისევ დაუმარცხებელია

4 სექტემბერი, 2010 • 2666
ქეცბაია ისევ დაუმარცხებელია

თემურ ქეცბაია
თემურ ქეცბაია

3 სექტემბერს საქართველოს ნაკრებმა ფრედ, 1:1 ითამაშა ათენში, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის პირველ მატჩში, საბერძნეთის ეროვნულ გუნდთან. ალექსანდრე იაშვილმა მე–3 წუთზე გახსნა ანგარიში, 73–ზე ნიკოს სპიროპულომ გაათანაბრა.

თამაში იღბლიანად დაიწყო ქართველებისთვის – პირველივე შეტევაში, დავით კვირკველიას აქტიურობის შემდეგ, ბერძნებს აეჭრათ ბურთი  და საჯარიმოში მიუგორდა იაშვილს, რომელმაც, მცველთან ბრძოლაში, ზუსტად დაარტყა – 0:1. 

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ, თავის პირველ ოფიციალურ მატჩში, თვალშისაცემად დაცვითი ტაქტიკა აირჩია – ოთხი მცველით, ხუთი ნახევარმცველითა და ერთადერთი ფორვარდით. კლუბში სათამაშო პრაქტიკის უქონელ ნაკრების კაპიტანს, კახა კალაძეს ქეცბაიამ, დაცვის ცენტრის ნაცვლად, მარცხენა ფლანგზე მიუჩინა ადგილი, მცველ ზურაბ ხიზანიშვილს – ნახევარდაცვაში, ხოლო ფორვარდ იაშვილს – მარჯვენა ნახევარმცველად. ფეხბურთელები თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში ზუსტად ასრულებდნენ მწვრთნელის დავალებას – დაცვაში იდგნენ მჭიდროდ და კომპაქტურად, თამაშობდნენ მარტივად, შეტევაში გადადიოდნენ სწრაფად, მეტწილად გრძელი პასებით.  

დაცვის ოთხეულს (ლობჟანიძე, ასათიანი, ამისულაშვილი, კალაძე) პირველ ტაიმში პრობლემა თითქმის არ ჰქონია – საკუთარი საჯარიმოდან მშვიდად იგერიებდა მეტოქის მაღალ ჩაწოდებებს. ქართველების კარს საფრთხე მხოლოდ ერთხელ შეექმნა, როცა მეკარე რევიშვილმა საკმაოდ მძიმე შორეული დარტყმა მოიგერია.

თუმცა, მთელი მატჩის განმავლობაში პრობლემები იყო შეტევის ორგანიზებაში. ერთადერთ ფორვარდს, დვალიშვილს მოედნის მთელ სიგანეზე უწევდა საკუთარი ნახევრიდან მოგერიებული ბურთებისთვის ბრძოლა, მასზე ოდნავ უკან მოთამაშე გოგუა კი რეალურად მეხუთე ნახევარმცველი იყო. ნახევარდაცვა (იაშვილი, ხიზანიშვილი, კობიაშვილი, კვირკველია, გოგუა) ძალიან ქმედითად ეხმარებოდა დაცვას, ბურთის დაჭერას და შეტევის გამართვას კი ვერ ახერხებდა. შედეგად, პირველი ტაიმის სათამაშო დროის 62 პროცენტის განმავლობაში ბურთი ბერძნებს ჰქონდათ, მეტწილად – მეტოქის ნახევარზე.

შესვენების შემდეგ ქართველების დაცვამ რამდენიმე უხეში შეცდომა დაუშვა, რის შემდეგაც გეკასმა და კაცურანისმა ახლო მანძილიდან დაარტყეს კარში. ქეცბაიამ ცვლილებებს მიმართა და შეტევის გაძლიერებას შეეცადა, თუმცა, ვერც შემცვლელმა ფორვარდმა გელაშვილმა და ვერც მეორე შემტევად დამატებულმა ანანიძემ თამაში დიდად ვერ გაამწვავეს, ნახევარდაცვამ კი კვლავაც ვერ გამართა კონტრშეტევა და მოედნის ცენტრის მხოლოდ გრძელი, მეტწილად მაღლი გადაცემებით გავლა განაგრძო. შედეგად, ბურთიც და ტერიტორიაც ბერძნებს დარჩათ.

73–ე წუთზე ფლანგიდან ჩაწოდებული ბურთი საჯარიმოში უხერხულად მოიგერია მალხაზ ასათიანმა, რის შემდეგაც ბერძნებს ორჯერ მიცათ კარში დარტყმის საშუალება – მიტროგლუს დარტყმა კარიდან ასათიანმა გამოიტანა, მაგრამ სპიროპულომ 12 მეტრიდან წინააღმდეგობის გარეშე გაათანაბრა – 1:1.

ბერძნებმა შეტევა გააგრძელეს, მაგრამ მეტოქის კართან ხიფათი აღარ შეუქმნიათ, ხოლო ქართველებმა მატჩის ბოლომდე რამდენჯერმე გაამწვავეს თამაში: სახიფათო ჯარიმა გამოიმუშავა ჯანო ანანიძემ, მეკარე სიფაკისმა მოიგერია კვირკველიას საჯარიმო და ხიზანიშვილის შორეული დარტყმა, ხოლო ბოლო წუთზე მერებაშვილმა მეკარესთან პირისპირ გაიყვანა ანანიძე, რომელმაც რთულ სიტუაციაში გოლის გატანა ვერ მოახერხა. 1:1.

შედეგად, საქართველოს ნაკრებმა გატეხა ნავსი და საბერძნეთთან მეექვსე მატჩში პირველად მოიპოვა ქულა, ხოლო თემურ ქეცბაიამ გააგრძელა წაუგებელი სერია საქართველოს ნაკრებში, რომელიც უკვე 4 თამაშისგან შედგება. ამავე ჯგუფში  ორი სხვა თამაში ასე დასრულდა: ისრაელი – მალტა 3:1, ლატვია – ხორვატია 0:3.

7 სექტემბერს თამაშობენ: მალტალატვია, ხორვატიასაბერძნეთი, საქართველოისრაელი. შეხვედრა ბორის პაიჭაძის ეროვნულ სტადიონზე 21:00 დაიწყება.

3 სექტემბერი, ათენი

ევრო 2010, კვალიფიკაცია. F ჯგუფი

საბერძნეთისაქართველო 1:1

0:1  იაშვილი (3), 1:1 სპიროპულო (73)

საქართველო: რევიშვილილობჟანიძე, ასათიანი, ამისულაშვილი, კალაძეიაშვილი (ანანიძე 54), ხიზანიშვილი, კობიაშვილი, კვირკველია, გოგუა (მერებაშვილი 87) – დვალიშვილი (გელაშვილი 60). მწვრთნელი: თემურ ქეცბაია

  

ევრო–2012, ფორმატი: ევროპის ჩემპიონატის ფინალური ტურნირი იმართება 2012 წლის ივნისივლისში, პოლონეთსა და უკრაინაში. ორი მასპინძელი ქვეყანა თავისუფალია შერჩევისგან. დანარჩენი 14 საგზურისთვის იბრძოლებს 9 ჯგუფად დაყოფილი 51 ქვეყნის ნაკრები. ფინალურ ტურნირზე პირდაპირ გადის ჯგუფების 9 გამარჯვებული და საუკეთესო შედეგის მქონე მეორეადგილოსანი. მეორე ადგილზე გასული დანარჩენი 8 გუნდი დაწყვილდება და 2011 წლის ნოემბერში ბოლო 4 საგზურს გაითამაშებს.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი