საზოგადოება

ვინ როდის უნდა გადაიხადოს სწავლის საფასური

3 სექტემბერი, 2010 • 3439
ვინ როდის უნდა გადაიხადოს სწავლის საფასური

უმაღლეს სასწავლებლებში, საშემოდგომო სემესტრის დაწყებამდე, გრანტის გარეშე მყოფ სტუდენტებს პირველ რიგში სწავლის საფასურის გადახდა უწევთ. ვინ როდის უნდა გადაიხადოს სწავლის საფასური – ნეტგაზეთი რამდენიმე უმაღლეს სასწავლებელს დაუკავშირდა.

პირველკურსელთა ერთიანი საგრანტო სიის არარსებობის გამო, უმაღლეს სასწავლებლებში, ჯერჯერობით, ზუსტად არაა განსაზღვრული მათი რეგისტრაციისა და სწავლის საფასურის გადახდის ვადები.

სასწავლებლების ადმინისტრაციებში ვარაუდობენ, რომ რამდენიმე დღეში გამოცდების ეროვნული ცენტრი პირველკურსელთა საბოლოო სიებს გამოაქვეყნებს, სადაც ზუსტად იქნება განსაზღვრული გრანტის მფლობელთა ვინაობა.

რაც შეეხებათ დანარჩენ სტუდენტებს, მათთვის სხვადასხვა სასწავლებლებში საფასურის გადახდის ვადები სხვადასხვაა:

დღეს, 3 სექტემბერს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში მეორე, მესამე და მეოთხე კურსელებისთვის თანხის გადახდის ბოლო ვადაა. ვადის გადაცილების შემთხვევაში, მათ უკვე ჯარიმა ერიცხებათ.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აცხადებენ, რომ თანხის გადახდის ბოლო ვადა პირველკურსელთათვისაც და დანარჩენებისთვისაც 15 სექტემბერია. რამდენიმე დღეში ცნობილი გახდება პირველკურსელთა საბოლოო ზუსტი სია და თსუ-ში იმედოვნებენ, რომ საფასურის გადახდას დროულად შეძლებენ.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლა 20 სექტემბერს იწყება და მეორე, მესამე და მეოთხე კურსელებისთვის სწავლის დაწყებიდან 10 საბანკო დღის განმავლობაში მოხდება თანხის გადახდა. ხოლო პირველკურსელთათვის, მას შემდეგ, რაც მათი ზუსტი სიები გამოქვეყნდება, დაიწყება რეგისტრაცია და 5 საბანკო დღის განმავლობაში მოუწევთ გადასახადის დაფარვა.

კავკასიის ბიზნესის სკოლაში სწავლა 6 სექტემბერს იწყება და მეორე, მესამე და მეოთხე კურსელებმა 5 საბანკო დღის განმავლობაში უნდა გადაიხადონ თანხა.

სამხატვრო აკადემიის მეორე, მესამე და მეოთხე კურსელებმა გადასახადი 25 სექტემბრამდე უნდა დაფარონ.

ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტშიც პირველკურსელთა რეგისტრაციის ვადები ჯერ ცნობილი არაა, ხოლო დანარჩენი სტუდენტები სწავლის საფასურს 10 სექტემბრამდე გადაიხდიან. 

პირველი კურსის სტუდენტებმა ილიას უნივერსიტეტშია, რომლებმაც ვერ მოიპოვეს დაფინასება, 2010 წლის სწავლის საფასური 1 ოქტომბრამდე უნდა გადაიხადონ, ხოლო დანარჩენი კურსების სტუდენტებმა 15 სექტემბრამდე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი