ნეტგაზეთი | პროფკავშირების მდუმარე აქცია სანთლებით პროფკავშირების მდუმარე აქცია სანთლებით – Netgazeti
RU | GE  

პროფკავშირების მდუმარე აქცია სანთლებით

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ პარლამენტს წინ მდუმარე აქცია გამართა. აქციაზე დანთებული სანთლებით პროფკავშირებმა პატივი მიაგეს ტყიბულის მაღაროში დაღუპულ მუშებს და გააპროტესტეს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა, რომელიც არ იცავს დასაქმებულთა შრომით უფლებებს და მათ უსაფრთხოებას.

 

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ პარლამენტს წინ მდუმარე აქცია გამართა. აქციაზე დანთებული სანთლებით პროფკავშირებმა პატივი მიაგეს ტყიბულის მაღაროში დაღუპულ მუშებს და გააპროტესტეს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა, რომელიც არ იცავს დასაქმებულთა შრომით უფლებებს და მათ უსაფრთხოებას.

 ამ კვირას აფეთქების შედეგად, ტყიბულის მაღაროში  ოთხი მუშა დაიღუპა.

 გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი ამბობს, რომ ტყიბულის მაღაროში მარტშიც დაიღუპა 4 მუშა. პროფკავშირების დამოუკიდებელი გამოძიების შედეგად, ტრაგედიის მიზეზად უსაფრთხოების ნორმების არარსებობა დასახელდა. ირაკლი პეტრიაშვილის თქმით, ახლანდელი აფეთქებაც უსაფრთხოების ნორმების იგნორირების შედეგია.

როგორც გაერთიანებული პროფკავშირების წევრები აცხადებენ,  ტყიბულის მაღაროში მუშებს შესაბამისი ხელსაწყოების, განათების და სპეცტანსაცმლის გარეშე უწევთ მუშაობა, რაც მათი სიცოცხლისათვის სახიფათოა.

გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე, ეთერ მათურელი ამბობს, რომ შესაძლოა პროფკავშირებმა ,,საქართველოს საინვესტიციო ჯგუფს” უჩივლოს, თუ ისინი დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახებს კომპენსაციას არ მისცემენ.

ტყიბულის მაღაროები ,,საქართველოს საინვესტიციო ჯგუფში” შემავალი კომპანიის, შპს ,,საქნახშირის” საკუთრებაა.

კანონმდებლობაში შრომით ურთიერთობებში ცვლილებების შეტანის მიზნით, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება მუშაობს პროექტზე, რომელსაც უახლოეს მომავალში პარლამენტში შეიტანენ განსახილველად. ამის შესახებ ნეტგაზეთს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა საპროტესტო აქციაზე  განუცხადა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ანა წიკლაური