საზოგადოება

“ოცნების” დეპუტატის მორიგი თავდასხმა ოპოზიციონერ ქალებზე – რა მოხდა პარლამენტში

17 ნოემბერი, 2023 • 3555
“ოცნების” დეპუტატის მორიგი თავდასხმა ოპოზიციონერ ქალებზე – რა მოხდა პარლამენტში

პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე “ქართული ოცნების” დეპუტატი ისევ დაესხა თავს ოპოზიციონერ ქალებს. ამჯერად, უმრავლესობის წევრმა, ლევან მგალობლიშვილმა “ნაციონალური მოძრაობის” წევრ თინა ბოკუჩავას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ანი წითლიძეზე კი ფიზიკური თავდასხმა სცადა.

შემთხვევა იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის მოსმენისას მოხდა. ბრეგაძე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე საუბრობდა და ამტკიცებდა, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში მისი პირობები დამაკმაყოფილებელი იყო. ამას დარბაზიდან რეპლიკებით გამოეხმაურა თინა ბოკუჩავა, რასაც “ქართული ოცნების” დეპუტატების გაღიზიანება მოჰყვა. განსაკუთრებული აქტიურობით რიმა ბერაძე და ლევან მგალობლიშვილი გამოირჩეოდნენ. საბოლოოდ, ამ უკანასკნელმა თინა ბოკუჩავას შეურაცხყოფა მიაყენა.

ამას დარბაზში ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა, რა დროსაც ლევან მგალობლიშვილმა მაგიდიდან მიკროფონი მოგლიჯა და სცადა ანი წითლიძისთვის დაერტყა. მგალობლიშვილის ხელი შეუშალეს პარლამენტის მანდატურის სამსახურის წევრებმა და კოლეგებმა. საბოლოოდ, სხდომის თავმჯდომარემ, გია ვოლსკიმ ტექნიკური შესვენება გამოაცხადა.

ინციდენტისას ლევან მგალობლიშვილი კოლეგებმა დარბაზიდან გაიყვანეს. იგი სხდომაზე შესვენების შემდეგ აღარ დაბრუნებულა.

თინა ბოკუჩავა და ანი წითლიძე აცხადებენ, რომ მგალობლიშვილი ალკოჰოლური თრობის ქვეშ იმყოფებოდა და მოითხოვენ, მას სანქციები დაუწესდეს.

“ასევე, ჩვენ ვითხოვთ, რომ დაუყოვნებლივ შეამოწმონ ეს ადამიანი ალკოჰოლურ ტესტზე”, – განაცხადა ანი წითლიძემ

“ბოლო დროს განსაკუთრებით გახშირდა თავდასხმები რუსული “ოცნების” კაცი დეპუტატების მხრიდან ქალი ოპოზიციონერი დეპუტატების წინააღმდეგ. ქალი ოპოზიციონერი დეპუტატები, რომლებიც ყველაზე უკომპრომისოდ იბრძვიან ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული, ევროპული მომავლისთვის, მუდმივად ხდებიან ამორალური, უხამსო თავდასხმის სამიზნე რუსული “ოცნების” დეპუტატების მხრიდან”, – ამბობს თინა ბოკუჩავა.

„საქართველოს პარლამენტი უკვე მერამდენედ ხდება არნახული სირცხვილის მოწმე“, – ასე გამოეხმაურა მომხდარს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი.

ლევან მგალობლიშვილს აქამდეც მიუყენებია შეურაცხყოფა კოლეგებისთვის, მათ შორის, ანი წითლიძისთვის.


ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა “ქართული ოცნების” დეპუტატი კაცები ოპოზიციონერ დეპუტატ ქალებს შეურაცხყოფას აყენებენ. დაახლოებით ორი კვირის წინ ალუდა ღუდუშაურმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ანი წითლიძეს, ირაკლი ბერაიამ კი – თეონა აქუბარდიას. უფრო ადრე, მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ანი წითლიძის მისამართით განაცხადა, რომ „”ქალთან პოლემიკაში ვერ შევა”.

ამავე თემაზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი