საზოგადოება

ქირის გადაუხდელობისას გამოსახლება სასამართლოს გარეშე გახდება შესაძლებელი – მინისტრი

17 ნოემბერი, 2023 • 2079
ქირის გადაუხდელობისას გამოსახლება სასამართლოს გარეშე გახდება შესაძლებელი – მინისტრი

იუსტიციის სამინისტრო მუშაობს საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომელიც გამოსახლების წესის ცვლილებას გულისხმობს.

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ ქირით შესული ადამიანების გამოსახლების პრობლემა დიდია.

„ხშირია შემთხვევა, როდესაც გააქირავა ბინა ადამიანმა და მოქირავნე აღარ გამოდის. რა უნდა ვქნათ ამ შემთხვევაში? ამ პრობლემის გადაჭრის მკაფიო სამართლებრივი მექანიზმი დღეის მდგომარეობით არ არსებობს. როდესაც მესაკუთრეს აქვს ბინა, მას არც ფულს უხდიან ქირაში, არც იქიდან გამოდიან, ეს არის პრობლემა, რომელიც უკავშირდება საკუთრების ფუნდამენტურ უფლებას. კი ბატონო, შემდგომში იმართება სასამართლო პროცესები, რომელიც შეიძლება ერთ წელიწადსაც გაგრძელდეს და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ადამიანს შეზღუდული აქვს საკუთრების უფლება, რაც ყოვლად დაუშვებელია“, — განაცხადა რატი ბრეგაძემ.

იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით, მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება, საჯარო რეესტრში დაარეგისტრირონ ქირავნობის ხელშეკრულება, რომელშიც მითითებული იქნება, რომ მოქირავნის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობის, მაგალითად, ქირის გადაუხდელობის შემთხვევაში, მის გამოსახლებას აღსრულების ეროვნული ბიურო განახორციელებს.

„ეს მოხდება სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე და ამაზე მხარეები წინასწარ იქნებიან შეთანხმებული. თუკი მხარეები გადაწყვეტენ, რომ მსგავსი ტიპის ხელშეკრულება გააფორმონ და დაარეგისტრირონ საჯარო რეესტრში, შესაბამისად, ისინი იქნებიან დაცული და მათი საკუთრების უფლება იქნება ქმედითად რეალიზებული“, — განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ამ თემაზე:

ახალი კანონი ბინის ქირავნობასთან დაკავშირებულ დავებს შეეხება – BAG

მასალების გადაბეჭდვის წესი