ახალი ამბები

ახალი კანონი ბინის ქირავნობასთან დაკავშირებულ დავებს შეეხება – BAG

12 მაისი, 2023 •
ახალი კანონი ბინის ქირავნობასთან დაკავშირებულ დავებს შეეხება – BAG

ბიზნესასოციაციის (BAG) ინფორმაციით, აღსრულების ეროვნული ბიურო მოქალაქეებს სასყიდლიანი ხელშეკრულებების რეგისტრაციის ახალ სერვისს შესთავაზებს.

უფრო კონკრეტულად, იუსტიციის სამინისტრო მუშაობს საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომელიც BAG-ის თანახმად, ცალკეული ხელშეკრულების რეგისტრაციისა და მისგან გამომდინარე შეუსრულებელ ვალდებულებაზე ბრძანების გამოცემის გამარტივებას ითვალისწინებს.

სერვისი ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ერეკლე ღვინიანიძემ და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარემ მირიან ხარაბაძემ გააცნეს.

პროექტის თანახმად, აღსრულების ეროვნულ ბიუროში შესაძლებელი გახდება სასყიდლიანი ხელშეკრულების (მათ შორის, იჯარის/ქირავნობის ხელშეკრულების) რეგისტრაცია. მისი სავალდებულო პირობა იქნება მხარეთა შეთანხმება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, აღსრულების ეროვნული ბიურო, სასამართლოს გარეშე, გამოსცემს აქტებს შეუსრულებელი ფულადი ვალდებულების გადახდევინების ან/და უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ.

სხვა სიტყვებით, პროექტის კანონად ქცევის შემთხვევაში, გამოდის, რომ აღსრულების ბიურო სასამართლოს გარეშე დაავალდებულებს პირს, ხელშეკრულებით ნაკისრი პირობითად ქირის თანხის გადახდას, ან ნაქირავები ბინის დაცლას.

“ახალი სერვისის მიზანი ფულადი მოთხოვნისა და უძრავ ნივთებზე მფლობელობის აღდგენის მოქნილი, სწრაფი და ხელმისაწვდომი სისტემის შექმნაა, რაც მოქალაქეებს დროისა და ფინანსური რესურსის დაზოგვის შესაძლებლობას მისცემს”, – აცხადებენ ბიზნესასოციაციაში.


გაქირავებული ბინის უკან დაბრუნების საკითხი განსაკუთრებით ბოლო პერიოდში გახდა განხილვის საგანი. გამოსახლების პროცესში პოლიცია აღარ მონაწილეობს და დავის გადასაწყვეტად სასამართლოს გადაწყვეტილებაა საჭირო. მართალია, კანონით სასამართლომ ამგვარი გამოსახლების საქმე 1 თვეში უნდა განიხილოს, თუმცა პრაქტიკაში ბევრად მეტი დრო სჭირდება განხილვას.

გარდა ამისა, არის შემთხვევები, როდესაც მოქირავნეებს, შეთანხმების მიუხედავად, მეპატრონეები ბინის ნაადრევად დაცლას სთხოვენ, რადგან აპირებენ სხვაზე გააქირაონ უფრო დიდ თანხად.

ამ თემაზე გირჩევთ

https://batumelebi.netgazeti.ge/news/433546/

https://batumelebi.netgazeti.ge/news/434402/

მასალების გადაბეჭდვის წესი