საზოგადოება

ევროკავშირიდან დაბრუნების შემდეგ ზურაბიშვილი ივანიშვილს შეხვდა

17 ნოემბერი, 2023 • 13753
ევროკავშირიდან დაბრუნების შემდეგ ზურაბიშვილი ივანიშვილს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ დაახლოებით სამი წელია, ბიძინა ივანიშვილთან არანაირი კონტაქტი არ ჰქონია, თუმცა ევროკავშირში მოგზაურობიდან დაბრუნების შემდეგ მას შეხვდა.

„ორ წელიწად-ნახევარი, სამი წელია მასთან არანაირი კონტაქტი არ მქონია. საგარეო პოლიტიკის გარდა, სხვა საუბარი მასთან არასდროს მქონია. როდესაც ევროკავშირში მოგზაურობიდან დავბრუნდი, მივედი ჩემი მოსაზრების გასაზიარებლად, თუ რა უნდა გაგვეკეთებინა. ეს უფრო მონოლოგი იყო, ვიდრე რეალური დიალოგი. არავინ იცის, ის რას ფიქრობს“, — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა Le Monde-თან ინტერვიუში.

ფრანგული გამოცემა წერს, რომ საქართველოს პრეზიდენტი წარმოადგენს პროევროპულ ბანაკს პრორუსული მთავრობის პირისპირ. ინტერვიუში სალომე ზურაბიშვილი ბიძინა ივანიშვილს ოლიგარქს უწოდებს.

ზურაბიშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მისი, როგორც პროევროპული პოლიტიკოსის, ქვეყნის პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენაში 2018 წელს, თუმცა არ უთამაშია დადებითი როლი ევროკავშირისკენ გზის დაჩქარებაში, რომელიც უკრაინამ წამოიწყო.

„შესაძლოა მან უარყოფითი როლი ითამაშა, თუ ჩავთვლით, რომ ის შთააგონებს მმართველ პირებს, როდესაც ისინი ცუდ გადაწყვეტილებებს იღებენ. მაგალითად, როგორიცაა ჩემი იმპიჩმენტი, რომელიც მის გარეშე ვერ მოხდებოდა და ამაში წარმატებისათვის რომ მიეღწიათ, მას უკიდურესად ნეგატიური როლი ექნებოდა ევროპულ გადაწყვეტილებებზე“, — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა Le Monde-თან ინტერვიუში.

სალომე ზურაბიშვილი ადასტურებს, რომ მმართველი პარტიის მხარდაჭერის გარეშე პრეზიდენტად არჩევის ბერკეტი არ ჰქონდა. თუმცა ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ წევრებისგან განსხვავებით, ივანიშვილის ხელში არ არის.

„რაშიც მადანაშაულებს [ივანიშვილი], ალბათ ისაა, რომ მის ხელში არ ვარ, როგორც „ქართული ოცნების“ წევრი მმართველები“, — აცხადებს ზურაბიშვილი.

Le Monde-მა საქართველოს პრეზიდენტს ჰკითხა, როგორ ესმის ევროპული კომისიის რეკომენდაცია „დეოლიგარქიზაციაზე“ და მიიჩნევს თუ არა ბიძინა ივანიშვილს ოლიგარქად.

„მე არ ვიცი, როგორია მისი რეალური ჩარევა ქვეყნის ეკონომიკურ საკითხებში. ეს ყველაფერი აბსოლუტურად არაა გამჭვირვალე. ცხადია, მას დომინანტური გავლენა აქვს არსებულ მმართველებზე. დღეს ქართულ პოლიტიკაში, ივანიშვილის გარდა, სხვა ოლიგარქი არ არის. პასუხს დეოლიგარქიზაციაზე, ვფიქრობ, მომავალი არჩევნებში გაგვცემს. ოცდაათი წელია ხელისუფლების ერთპარტიულ სისტემაში ვართ. დეოლიგარქიზაცია ნიშნავს, რომ რაც შეიძლება თავისუფალი არჩევნები გვჭირდება, რეალური კოალიციით, პროევროპული ფრონტით“, — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კითხვაზე, არის თუ არა ბიძინა ივანიშვილი რუსული გავლენის ქვეშ, ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ „ის ოლიგარქია, რომელმაც ქონება რუსეთში დააგროვა“.

„ასე რომ, მენტალიტეტზე გავლენას ახდენს ის, რაც მან წარსულში გამოცადა. დღეს მსოფლიო ორად იყოფა. ის მათ რიგებშია, ვინც ვერ წარმოიდგენს, რომ რუსეთი დამარცხდება, ამიტომაც ცდილობს, წინასწარ მოერგოს რუსეთის გამარჯვებას, რომელიც შესაძლოა, კიდევ უფრო აგრესიული იყოს. მისი გავლენით, ხელისუფლებაში მყოფი, ევროპაში განათლებამიღებული ახალგაზრდები აჩვენებენ სისუსტესა და მაამებლურ პოზიციას რუსეთის მიმართ. ეს ახალი გეოპოლიტიკური მოცემულობის ცუდი აღქმაა“, — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

თუმცა თავად სალომე ზურაბიშვილი ფიქრობს, რომ რუსეთმა წააგო და ვეღარასოდეს იქნება ის, რაც ადრე იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი