საზოგადოება

შენგენის ვიზა 500 ლარად

6 სექტემბერი, 2010 • 5946
შენგენის ვიზა 500 ლარად

საქართველოში სლოვაკეთის საპატიო კონსული საქართველოს მოქალაქეებს, 213 ევროს სანაცვლოდ, სლოვაკეთის ვიზის მიღებაში ეხმარებოდა. ოფიციალურად ვიზა 60 ევრო ღირს და საქართველოს მოქალაქე მის მისაღებად ანკარაში ან კიევში, სლოვაკეთის საელჩოში უნდა ჩავიდეს. ”ბათუმელების” გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ნოტა, რომელიც საქართველოს საპატიო კონსულს ანიჭებდა უფლებას, თავად მიეღო სლოვაკეთის ვიზის მსურველები, თურქეთიდან იყო მოსული. სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ შეთანხმების შესახებ არაფერი იცოდა.

ევროკავშირის ნებისმიერ სახელმწიფოში მოსახვედრად, ვიზის სტანდარტული გადასახადი 60 ევროა. სწორედ ამ თანხის გადახდას გეგმავდა პოეტი ზაზა კოშკაძეც, რომელსაც ვიზა სლოვაკეთში პოეტ-მთარგმნელთა საერთაშორისო ვორქშოფზე (სახელოსნო) ჩასასვლელად სჭირდებოდა, საქართველოდან სწორედ ის არის მიწვეული.

სლოვაკეთის მხარემ პოეტის მიწვევის თაობაზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აცნობა. თავის მხრივ, ისინი დაუკავშირდნენ კულტურის სამინისტროს, რომელმაც შეარჩია კიდეც კოშკაძის კანდიდატურა ვორქშოფში მონაწილეობის მისაღებად.

თანხა, რომელიც პოეტის სლოვაკეთში მოგზაურობისთვის იყო საჭირო, მთლიანად  საერთაშორისო ორგანიზაცია “ლიტერატურე აცროსს ფრონტიერსმა” გაიღო. ამ ღონისძიების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ინა მარტინოვამ, რომელიც კოშკაძეს ეკონტაქტებოდა, დეტალების გასარკვევად პოეტს ინტერნეტფოსტით  აცნობა, რომ მას აუნაზღაურებდნენ ვიზის, ბილეთისა და სლოვაკეთში ყოფნისას სასტუმროში ღამის გათევის საფასურს.

სწორედ ამის შემდეგ მიმართა ზაზა კოშკაძემ საქართველოში პოლონეთის საპატიო კონსულს, ბესარიონ კვარცხავას. კვარცხავამ პოეტს აცნობა, რომ ვიზაში, რომელიც მას ანკარაში არსებულმა სლოვაკეთის საელჩომ უნდა ჩაურტყას, 500 ლარი უნდა გადაიხადოს (210 ევრო ვიზაში, დანარჩენი თანხა კი _ ფოსტის მომსახურებისა და დაზღვევისთვის. საქართველოს მოქალაქემ სლოვაკეთის ვიზის მისაღებად ან კიევში, ან კიდევ ანკარაში არსებულ სლოვაკეთის საელჩოებს უნდა მიმართოს. რადგან საქართველოში სლოვაკეთის საელჩო არ აქვს, საპატიო კონსული ასრულებს ერთგვარი შუამავლის როლს).

ინა მარტინოვამ კოშკაძეს ვიზაში დამატებით თანხის გადახდაზე უარი უთხრა. “ვინაიდან ვერ დაადასტურებდა, რატომ დაუჯდა საქართველოს მოქალაქეს ვიზა 210 ევრო, მაშინ, როცა ის 60 ევრო ღირს” _ ამბობს კოშკაძე.

ზაზა კოშკაძე: “ინა მარტინოვასთან საუბრის შემდეგ მომეჩვენა, რომ ამ ქალმა ეჭვი შეიტანა ვიზის მოპოვების ამ გზის ლეგალურობაში და მირჩია, კიევში ჩასვლით მიმეღო ვიზა, ანუ მას სჭირდებოდა გადახდილი თანხის ქვითრები. სწორედ ამიტომ მირჩია კიევში ჩასვლა. მარტინოვამ ამ მგზავრობის ხარჯებიც დააფინანსა… დავურეკე ლია მეტრეველს, კულტურის სამინისტროს თანამშრომელს. თავის დროზე სწორედ მან შემატყობინა სლოვაკეთში ვიზიტის შესახებ. ის დაუკავშირდა გიგი გიგიაძეს _ საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს, ვინც კურირებდა ამ საქმეს. მათთვის გაუგებარი იყო, რაში ითხოვდა ბესარიონი 500 ლარს”.

სლოვაკეთის საპატიო კონსული საქართველოში

სლოვაკეთის საპატიო საკონსულო თბილისში დიღმის მასივის მეორე კვარტალში, 8 ა კორპუსის პირველ სართულზე, მდებარეობს. გარეთ სლოვაკეთის დროშა ფრიალებს. საპატიო კონსული ერთ პატარა ოთახში ზის. როდესაც ინტერვიუს ჩასაწერად მივედით, საკონსულოსთან არავინ დაგვხვედრია. ოთახშიც მხოლოდ ერთ ადამიანზეა სამუშაო მაგიდა.

საპატიო კონსული, ბესარიონ კვარცხავა “ბათუმელებს” უხსნის, რომ 500 ლარი ვიზის ღირებულებაა, აქედან 145 ლარი ანკარაში დოკუმენტების დაზღვეული ფოსტის გადაგზავნასა და უკან მიღებას სჭირდება (საფოსტო გზავნილის საფასური “ბათუმელებმა” “დიეიჩელთან” გადაამოწმა. მათი მონაცემებით ანკარაში საბუთების გაგზავნა (300 გ) 97 ლარი ღირს, დაზღვევა _ 19 ლარი. იმავე რაოდენობის თანხა ჯდება უკან გამოგზავნაც. ამას ემატება ვიზის ღირებულება _ 140 ლარი, ანუ ჯამში 372.4 ლარია გადასახდელი): “სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქმის კურსშია. მან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსაც მიაწოდა ინფორმაცია”.

ამას ნაწილობრივ ადასტურებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. საკონსულო დეპარტამენტში ბექა ზარანდიამ განგვიცხადა, რომ მათთან არის თურქეთში სლოვაკეთის საელჩოდან მოსული შეტყობინება, რომლის მიხედვითაც, სლოვაკეთის საპატიო კონსულს ანიჭებენ ვიზასთან დაკავშირებული საბუთების მიღების უფლებას.

სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროდან კი “ბათუმელებს” 7 აგვისტოს ელექტრონული ფოსტით აცნობეს, რომ საპატიო კონსულის უფლებამოსილება არ არის ვიზა და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციები. პირი, რომელსაც სლოვაკეთის ვიზის მიღება სურს, თავისი ხელით უნდა აბარებდეს ვიზისთვის საჭირო დოკუმენტაციას ადგილზე _ ანკარაში ან კიევში და ამაში 60 ევრო უნდა გადაიხადოს (145 ლარი).

კიევში სლოვაკეთის საელჩოდან “ბათუმელებს” დაუდასტურეს, რომ სლოვაკეთის ვიზის მისაღებად კიევში, საელჩოში მისვლა აუცილებელია, რადგან ფოსტით გაგზავნილ დოკუმენტებზე საელჩო ვიზას არ გასცემს.

ანკარიდან კი განსხვავებული პასუხი მივიღეთ. ანკარის ცნობით, “ვიზასთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე საქართველოს მოქალაქე უნდა დაუკავშირდეს საპატიო კონსულს საქართველოში”. მათი თქმით, “ბესარიონ კვარცხავას ინტერვიუს გარეშე ისინი საქართველოს არც ერთი მოქალაქის აპლიკაციას არ იღებენ”.

ილუსტრაცია: კ.სტალინსკი
ილუსტრაცია: კ.სტალინსკი

სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს რეაქცია

”ბათუმელები”  ელექტრონული ფოსტით რამდენჯერმე დაუკავშირდა სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს. ამ სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის თანამშრომელთან, მარიანა პავლოვასთან დავაზუსტეთ, თუ სლოვაკეთის საპატიო კონსული რის საფუძველზე უმზადებდა საქართველოს მოქალაქეებს ანკარაში ჩაუსვლელად ვიზას და რატომ ითხოვდა ამაში 300 დოლარს.

7 აგვისტოს მარიანა პავლოვასგან შემდეგი შეტყობინება მივიღეთ: “საქართველოს მოქალაქე ვიზის მისაღებად ან კიევში უნდა ჩავიდეს, ან ანკარაში, რომელიც უფრო მოსახერხებელია, იქ უნდა ჩახვიდეთ. სხვა შემთხვევაში ვიზას ვერ აიღებთ. საპატიო კონსულს ვიზასთან დაკავშირებით არა აქვს უფლება მიიღოს საბუთები ან აპლიკაცია”. პავლოვა “ბათუმელებს” დაჰპირდა, რომ სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო დაიწყებდა მოკვლევას.

20 აგვისტოს ”ბათუმელებმა” კიდევ ერთი შეტყობინება მიიღო სლოვაკეთიდან: “სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ ეტაპზე ამოწმებს თქვენ მიერ მოწოდებულ ინფორმაციას. საკითხის სირთულიდან გამომდინარე, გარკვეული დროა საჭირო საფუძვლიანი კვლევისთვის. როგორც კი გვექნება მონაცემები, შეგატყობინებთ”.

26 აგვისტოს კი ”ბათუმელებმა” სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან მიიღო ოფიციალური წერილი, სადაც ნათქვამია:

„თბილისში, სლოვაკეთის რესპუბლიკის საპატიო საკონსულოში, ვიზების გაცემა შეწყვეტილია. ამ ეტაპზე სლოვაკეთსა და ლიტვას შორის მიმდინარეობს მოლაპარაკება ხელშეკრულების დადებაზე, რომელიც ეხება სავიზო პროცედურებში დიპლომატიური მისიებისა და კონსულის თანამდებობების ორმხრივ წარმომადგენლობას. საქართველოს მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, სლოვაკეთის ვიზები საქართველოში ლიტვის საელჩოში მიიღონ ოფიციალურ ფასად, 60 ევროდ”.

მარიანა პავლოვა არც ადასტურებს და არც უარყოფს ინფორმაციას სლოვაკეთის საპატიო კონსულის, ბესარიონ კვარცხავას დათხოვნის შესახებ. “ბათუმელები” 30 და 31 აგვისტოს ცდილობდა ბესარიონ კვარცხავასთან დაკავშირებას, მაგრამ საკონსულოში ტელეფონს არავინ პასუხობს.

ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები, თუ რამდენმა ადამიანმა მოითხოვა გასულ წელს სლოვაკეთის რესპუბლიკაში წასვლის ვიზა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში არ აქვთ.

 

 

მასალა მომზადებულია პროექტის ,,გადამოწმება დემოკრატიისთვის” ფარგლებში. პროექტი ხორციელდება ფონდების NED  და B|S|T’’   ფინანსური მხარდაჭერით.

საავტორო უფლება ეკუთვნის შპს “გაზეთ ბათუმელებს”. ინფორმაციის გამოყენებისას “გაზეთ ბათუმელების” მითითება აუცილებელია. სხვადასხვა ვებ გვერდს შეუძლიათ სტატიის მოკლე ვერსიის გამოყენება netgazeti.ge-ს სტატიის ლინკის მითითებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი