საზოგადოება

ახალი დეტალები კირბალთან საქართველოს მოქალაქის მკვლელობაზე

6 ნოემბერი, 2023 • 1929
ახალი დეტალები კირბალთან საქართველოს მოქალაქის მკვლელობაზე

შიდა ქართლში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ კირბალთან, საქართველოს მოქალაქის მკვლელობის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

არაოფიციალური ინფორმაციით, მოკლულია 60 წლამდე კირბლელი კაცი თამაზ გინტური, ხოლო გატაცებულია ასევე ადგილობრივი ლევან დოთიაშვილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

ადგილობრივების ინფორმაციით, მკვლელობა მოხდა სოფელ კირბალთან ახლოს მდებარე ლომისის ეკლესიასთან. ეს ტაძარი ოკუპირებულ ტერიტორიებში ექცევა და რუსი ოკუპანტები ადგილობრივებს მასთან მიახლოებას უკრძალავენ. მიმდინარე წლის ზაფხულში ოკუპანტებმა ტაძრის კარი აჭედეს, თუმცა შემდეგ ერთ-ერთმა ადგილობრივმა ჩამოხსნა. მოკლული და გატაცებული, სავარაუდოდ, ეკლესიაში მოსალოცად მიდიოდნენ.

მომხდარის შემდეგ თბილისმა ტექნიკური შეხვედრის გამართვა მოითხოვა, სადაც მონაწილეობას მიიღებენ რუსეთის საოკუპაციო ძალების, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები.

“აღნიშნული წარმოადგენს ოკუპაციის ფარგლებში რუსეთის საოკუპაციო ძალების დანაშაულებრივი ქმედების კიდევ ერთ საგანგაშო გამოვლინებას, რაზეც სრული პასუხისმგებლობა საოკუპაციო ძალას ეკისრება. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება საქართველოს მოქალაქის სიცოცხლის ხელყოფასთან დაკავშირებული ყველა დამნაშავე პირის დასჯას, ასევე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქის დაუყონებლივ გათავისუფლების საკითხს განსაკუთრებული სიმკაცრით მოითხოვს ყველა საერთაშორისო ფორმატში”, – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

ოსური მხარის ცნობით, შეხვედრა დღეს უნდა გაიმართოს, თუმცა ცხინვალის წარმომადგენელმა ეგორ კოჩიევმა ოსურ მედიასთან აღნიშნა, რომ ისინი მომხდარის შესახებ ინფორმირებულნი არ არიან და მხოლოდ ის იციან, რომ მოხდა ინციდენტი, რომელშიც იარაღიც ფიგურირებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი