საზოგადოება

რატომ დავინახეთ პოლარული ციალი საქართველოშიც

6 ნოემბერი, 2023 • 9568
რატომ დავინახეთ პოლარული ციალი საქართველოშიც

ბოდბეში, ყაზბეგში, რაჭასა და სვანეთში წითლად განათებული ცის ფოტოები სოციალურ ქსელში წუხელ ღამით გავრცელდა. მოგვიანებით ვნახეთ, რომ ეს უჩვეულო მოვლენა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, ისეთი ადგილებიდანაც ჩანდა, სადაც, როგორც წესი, პოლარული ციალი, იგივე აურორა ბორეალისი არ გვხვდება ხოლმე.

რამ გამოიწვია დიდ ბრიტანეთში, პოლონეთში, უკრაინაში, კანადასა და აშშ-ში აურორას გამოჩენა “ნეტგაზეთთან” ასტროფიზიკოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, კოსმოსური კვლევების ცენტრის დირექტორი მაია თოდუა განმარტავს.

მისი თქმით, ძალიან იშვიათი მოვლენაა, როდესაც ასეთი ციალი ისეთ დაბალ განედებზე ჩნდება, როგორც წუხელ ვნახეთ, თუმცა ეს არ არის პირველი შემთხვევა.

რა არის პოლარული ციალი?

ჩრდილოეთის, იგივე პოლარულ ციალს, მზეზე მომხდარი ამოფრქვევები იწვევს. როდესაც მზე აქტიურ ფაზაშია, მასზე მომხდარი ამოფრქვევის შედეგად გამოიყოფა მაღალენერგიული ნაწილაკები, რომელიც შემდეგ მზის ქარის საშუალებით დედამიწამდე აღწევს.

ჩვენს ატმოსფეროში ამ ნაწილაკების მასშტაბურობა და, შესაბამისად, პოლარული ციალის ნათების სიმძლავრე დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორზე, მათ შორის ამოფრქვევის ინტენსივობაზე და მზის ქარის მიმართულებაზე.

ყაზბეგი. ფოტო: თორღვა ქუქიშვილი

თოდუა გვიხსნის, რომ ნათება, რომელსაც, როგორც წესი, ჩრდილოეთ და სამხრეთ პოლუსებზე ვხედავთ, ამ ნაწილაკების დედამიწის მაგნიტურ ველთან ზემოქმედების შედეგად ჩნდება. ეს ძლიერი ენერგიული ნაწილაკები კი არის ძირითადად პროტონები, ელექტრონები.

რა მოხდა გუშინ?

მაია თოდუას განმარტებით, რამდენიმე დღის წინ მზეზე ძლიერი ამოფრქვევა მოხდა, თუმცა მსგავსი და უფრო ძლიერი ამოფრქვევები მზეზე აქამდეც ყოფილა:

“ამ შემთხვევაში მნიშვნელობა აქვს მიმართულებას. ამოფრქვევები მზის ზედაპირზე სხვადასხვა ადგილას ხდება და ვრცელდება მზის გარშემო. მისი რაღაც ნაწილი დედამიწამდე მოდის. შესაძლოა, ამ შემთხვევაში უფრო დიდი ინტენსივობის მზის ქარმა მოაღწია დედამიწამდე.

დედამიწა ფაქტობრივად უზარმაზარი მაგნიტია და აქვს მაგნიტური პოლუსები ჩრდილოეთით და სამხრეთით. მზიდან ამოფრქვეული ძლიერი ენერგიული ნაწილაკები მაგნიტურ ველთან ურთიერთქმედებისას იწვევენ გეომაგნიტური შეშფოთებებს, რომლებიც იწვევს სხვადასხვა ფერის ნათებას”, — განმარტავს თოდუა.

რაჭა. ფოტო: FB/გიორგი ხუციშვილი

მისი თქმით, მზე ახლა აქტიურ ფაზაშია და თანდათან უფრო იმატებს ამოფრქვევების რაოდენობა, თუმცა პოლარული ციალი პოლუსებთან სხვა დროსაც ხდება.

“შეიძლება მზეზე ძალიან ძლიერი ამოფრქვევა მოხდეს და სხვა მიმართულებით წავიდეს ეს ნაწილაკები და არა პირდაპირ დედამიწისკენ. ან მხოლოდ ნაწილობრივ მოიცვას დედამიწა, რა შემთხვევაშიც ამ ამოფრქვევას არ ექნება ასეთი ძლიერი ზემოქმედება”, — ამბობს ის.

რა გავლენას ახდენს მსგავსი მოვლენები ადამიანებზე

თოდუა ასევე განმარტავს, რომ მზის ამოფრქვევების შედეგად გამოწვეული მაღალენერგიული ნაწილაკები გარკვეულ ზემოქმედებას ახდენს ადამიანის ცხოვრებაზეც. კერძოდ, ჩვენს ატმოსფეროზე, მაგნიტურ ველზე დამოკიდებულ სანავიგაციო სისტემებზე, როგორიცაა, მაგალითად, სატელიტები:

“2022 წელს ერთ-ერთმა მსგავსმა ამოფრქვევამ “სტარლინკის” სატელიტები მთლიანად გაანადგურა.

ეს მოვლენები ქმნიან ე.წ. კოსმოსურ ამინდს. ჩვენ ძალიან დამოკიდებული ვხდებით ტექნოლოგიებზე, ამიტომ ამას დიდი მნიშვნლეობა აქვს უკვე ჩვენს ცხოვრებაზე”, — განმარტავს ის.

რაც შეეხება გუშინდელ ციალს, თოდუას თქმით, დიდი ალბათობით დღეს ღამით მისი დანახვა შესაძლებელი აღარ იქნება, თუმცა დამატებით, უფრო ზუსტი განმარტების გაკეთება მონაცემების დამუშავების შემდეგ იქნება შესაძლებელი.

ბოდბე. ფოტო: FB/ბოდბეს დედათა მონასტერი

სტოუნჰენჯი. ფოტო: X/Stonehenge U.K/

ფოტო: “უკრაინსკაია პრავდა”

უკრაინა. ფოტო: Суспільне Новини

ირლანდია. ფოტო: X/Proinsias Carr


გარეკანის ფოტო: სვანეთი. ტატა მერლანი

მასალების გადაბეჭდვის წესი