საზოგადოება

საქართველოში ქალთა სიკვდილიანობის ორი მთავარი მიზეზი

20 აგვისტო, 2010 • • 1186
საქართველოში ქალთა სიკვდილიანობის ორი მთავარი მიზეზი

JSI-ის (ჯონ სნოუს კვლევისა და სწავლების ინსტიტუტი) კვლევის თანახმად, საქართველოში 15-49 წლის ასაკის ქალების სიკვდილიანობის ორი მთავარი მიზეზი საშვილოსნოს ყელისა და ძუძუს კიბოა. კვლევის თანახმად, გარდაცვლილი ქალბატონების 45% ავთვისებიანი სიმსივნით იყო დაავადებული, მათ შორის ყველაზე დიდი წილი სწორედ საშვილოსნოს ყელისა და ძუძუს კიბოზე მოდის. სტატისტიკა JSI-ის წელიწადნახევრიანი პროექტის ,,გადარჩენა” ფარგლებში მომზადდა.

აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებითა და 20-მდე საჯარო, კერძო და არასამთავრობო ორგანიზაციის მხარდაჭრით, 2009 წლის მარტში JSI-მ  პროექტი სახელწოდებით ,,გადარჩენა” წამოიწყო. პროექტის მთავარი მიზანი საშვილოსნოს ყელისა და ძუძუს კიბოს ადრეული დიაგნოსტიკისა და პრევენციის მექანიზმების დანერგვა იყო. სასტუმრო ,,თბილისი მერიოტში” პროექტის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.

პროექტის ფარგლებში მომზადდა სახელმძღვანელო საშვილოსნოს ყელის პათოლოგიის, მისი ადრეული დიაგნოსტიკისა და პრევენციის მეთოდების შესახებ. მსგავსი სახელმძღვანელო საქართველოში არ არსებობდა. ამ სახელმძღვანელოს გამოყენებით გადამზადდა 366 ოჯახის ექიმი და 79 მეან-გინეკოლოგი.

ასევე პროექტი დაეხმარა თბილისსა და ქუთაისში არსებულ სკრინინგ ცენტრებს. მათ გადაეცათ სათანადო ტექნიკური აღჭურვილობა.

პროექტის მენეჯერი ნინო კაკუბავა ამბობს, რომ პროექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისათვის, რისთვისაც რამდენიმე კამპანია მოეწყო. ,,მარათონი სიცოცხლის გადასარჩენად”, რომელიც მიმართული იყო ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლებისაკენ და ,,სიბრძნის მარგალიტის კამპანია” – საშვილოსნოს ყელის კიბოს შესახებ.

,,დაბალი იყო ინფორმირებულობა თვით ექიმებშიც, რასაც აჩვენებს ჩვენი ტრეინინგამდელი და ტრეინინგს შემდგომი ტესტები. საკმაოდ გაიზარდა მათი ინფორმირებულობა და  ცოდნა ამ დაავადებების შესახებ”, – განმარტავს კაკუბავა.

მარიოტში ეროვნული სკრინინგ ცენტრის მონაცემებიც წარადგინეს. მონაცემების მიხედვით, 2009 წლის იანვრიდან 2010 წლის ივლისის ჩათვლით თბილისის სკრინინგ ცენტრში 18 459 ქალმა გაიარა მამოგრაფიული (ძუძუს) გამოკვლევა. აქედან 1,4 %–ს დაუფიქსირდა პათოლოგიური შედეგი ანუ აღმოაჩნდა ანომალური უჯრედები. ასეთი უჯრედების კიბოდ გადაგვარების პროცესი 10-15 წელი გრძელდება.

საშვილოსნოს ყელის კიბოს გამოკვლევა 20 853-მა ქალმა გაიარა. 12, 2 პროცენტს აღმოაჩნდა ატიპური (ანომალური) პაპტესტი (საშვილოსნოს ყელის ნაცხის გამოკვლევი შედეგი).

ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის კიბოს პროფილაქტიკის უფასო გამოკვლევები საქართველოს პირველი ლედის, სანდრა რულოვსის ინიციატივით დაიწყო. სკრინინგის პროგრამას ეროვნული სკრინინგის ცენტრი, თბილისის მუნიციპალიტეტი და გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) ახორციელებს.

სკრინინგის მიზანია, აღმოაჩინოს ორგანიზმში გადაგვარებული (ანომალური) უჯრედების არსებობა ადრეულ ეტაპზე, როდესაც შესაძლებელია მათი მოცილება და, შესაბამისად, კიბოს თავიდან აცილება. საქართველოში სკრინინგული გამოკვლევა რეკომენდებულია 25-დან 60 წლამდე ასაკის ქალებისათვის, თუმცა, რიგ შემთხვევებში, გამოკვლევამ შეიძლება ვერ აღმოაჩინოს არსებული პათოლოგიური უჯრედები. ამიტომ მნიშვნელოვანია გამოკვლევების ჩატარება რეგულარულად, ყოველ სამ წელიწადში ერთხელ.

მასალების გადაბეჭდვის წესი