საზოგადოება

ომბუდსმენის განცხადება დევნილების გამოსახლებაზე

17 აგვისტო, 2010 • 1188
ომბუდსმენის განცხადება დევნილების გამოსახლებაზე

გამოსახლების შემჭიდროებული ვადები,  დევნილების არაინფორმირებულობა და მათივე განცხადებით, გამოსახლების პროცესის შეურაცხმყოფელი ხასიათი – ესაა პრობლემების ნაწილი,  რომელიც ომბუდსმენის აპარატის მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა. დევნილების გამოსახლებასთან დაკავშირებით, დღეს გიორგი ტუღუშმა განცხადება გაავრცელა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ  სახალხო დამცველი და მისი აპარატი თვალყურს ადევნებდა თითოეული გამოსახლების პროცესს. განხორციელებული მონიტორინგის შედეგად  ომბუდსმენი რამდენიმე ტიპის პრობლემას გამოყოფს და მიმართავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრს, ყურადღება გაამახვილოს გამოსახლების პროცესის გარკვეულ ასპექტებზე.

ომბუდსმენის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში შემდეგი პრობლემებია ჩამოთვლილი:

1.  გამოსახლების შემჭიდროებული ვადები – დევნილებს, როგორც წესი, გამოსახლების შესახებ აფრთხილებენ 5 დღით ადრე. დევნილები მიუთითებენ, რომ ხშირ შემთხვევაში გაფრთხილება ატარებს ზეპირ ხასიათს. გამოსახლების მცირე ვადები დევნილებს არ აძლევთ საშუალებას, დაცალონ შენობები საკუთარი ნივთებისგან;

2.  სიტუაციას ართულებს ის ფაქტიც, რომ შენობებში განსახლებულნი არიან სხვადასხვა კატეგორიის დევნილები. თავად სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, დგინდება, რომ შენობებში იმყოფებოდნენ 2008 წლის რუსეთ–საქართველოს შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად იძულებით გადაადგილებული პირები, რომლებიც კოტეჯების სანაცვლო თანხის ანაზღაურებას ელოდებოდნენ, ასევე კერძო სექტორში მცხოვრები დევნილები და დევნილთა ოჯახები, რომლებიც სამინისტროს ნებართვის საფუძველზე იყვნენ შენობებში შესახლებულნი. საქართველოს კანონმდებლობით, თითოეული კატეგორიისათვის სხვადასხვა ტიპის მოპყრობა და სამართლებრივი გარანტიაა გათვალისწინებული.

3.  ინფორმირებულობის პრობლემა – როგორც წესი, ის დევნილები, რომლებიც ალტერნატიულ განსახლებას ექვემდებარებიან, არ ფლობენ ინფორმაციას ალტერნატიული საცხოვრებლის შესახებ, ან მხოლოდ ზოგადი ინფორმაცია აქვთ,   რაც, ძირითადად, საცხოვრებლის ადგილმდებარეობით შემოიფარგლება. ზემოაღნიშნულის გამო, შეუძლებელია დევნილთა მიერ ინფორმირებული არჩევანის გაკეთება.

4.    იმ მცირე შემთხვევებშიც კი, როდესაც დევნილებისთვის წინასწარ არის ცნობილი შეთავაზებული ალტერნატივის შესახებ,  დღის წესრიგში ხშირად სხვა პრობლემა დგება. კერძოდ, ალტერნატიული ფართი არ აკმაყოფილებს  საცხოვრებლად აუცილებელ მინიმალურ სტანდარტებს (მაგ. თვალჭრელიძის ქ.#2–დან საყვირის ქუჩაზე გადაყვანილ დევნილთა საქმე).

5.   დევნილთა განმარტებით, თავად გამოსახლების პროცესი შეურაცხმყოფელ ხასიათს ატარებს. ხშირია სიტყვიერი შეურაცხყოფის, არასათანადო მოპყრობის ფაქტები. ცალკეულ შემთხვევაში დევნილები ფიზიკურ შეურაცხყოფაზეც კი მიუთითებენ.

გიორგი ტუღუში შესაბამისი სტრუქტურების წარმომადგენლებსა და დევნილებს შორის მეტი კომუნიკაციის აუცილებლობაზე მიუთითებს და აცხადებს, რომ  დევნილებს გამოსახლებამდე უნდა ჰქონდეთ ზუსტი წარმოდგენა და ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ მათ მიმართ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.

”მნიშვნელოვანია, დევნილ მოსახლეობას მიეცეს შესაძლებლობა, წინასწარ მოინახულოს შეთავაზებული ალტერნატიული ფართი და გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი. დევნილთა ალტერნატიულ საცხოვრებლებში გადაყვანამდე, მოხდეს მათი სამეთვალყურეო საბჭოს მიერ დადგენილ მინიმალურ საცხოვრებელ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა” – აცხადებს ომბუდსმენი.

განცხადების დასაწყისში ნათქვამია, რომ სახალხო დამცველი იზიარებს საქართველოს მთავრობის განკარგულებით დამტკიცებული იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ 2009-2012 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის შესაბამისად, დევნილთა გრძელვადიანი განსახლების აუცილებლობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი