საზოგადოება

5 დეპუტატი უარყოფს, რომ ოცნებამ მათი დახმარებით აირჩია იუსტიციის საბჭოს 2 წევრი

17 ოქტომბერი, 2023 •
5 დეპუტატი უარყოფს, რომ ოცნებამ მათი დახმარებით აირჩია იუსტიციის საბჭოს 2 წევრი

საპარლამენტო ოპოზიციის წევრები, რომელთაც გაზაფხულზე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრების არჩევაში მონაწილეობა მიიღეს, აცხადებენ, რომ დღეს ასე არ მოქცეულან და არც საბჭოს ახალი წევრებისთვის დაუჭერიათ მხარი.

საუბარია ოპოზიციის შემდეგ წევრებზე: ნატო და როსტომ ჩხეიძეებზე, დილარ ხაბულიანზე, ნიკა მაჭუტაძესა და ბაჩუკი ქარდავაზე.

პოლიტიკური ჯგუფის, „თავისუფლების“ წევრი ნატო ჩხეიძე ნეტგაზეთთან ამბობს, რომ მას და როსტომ ჩხეიძეს დღეს არჩეული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისთვის ხმა არ მიუციათ.

„არ მაქვს ინფორმაცია[ვინ დაუჭირა მხარი ოპოზიციიდან]. მე რომ არ მიმიცია ხმა, ეს ზუსტად ვიცი. ჩვენი პოლიტიკური ჯგუფიდან როსტომ ჩხეიძესაც რომ არ მიუცია ხმა, ესეც ზუსტად ვიცი“, – განუცხადა ნატო ჩხეიძემ ნეტგაზეთს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი წევრების მხარდაჭერას არც ნიკა მაჭუტაძე ადასტურებს. მისი თქმით, საბჭოს წევრების არჩევაში მონაწილეობა არც ბაჩუკი ქარდავას მიუღია, რომელიც მისი პოლიტიკური ჯგუფის, „ეროვნული და დემოკრატიული სახელმწიფოსთვის“ წევრია.

„არც მე და არც ბაჩუკი ქარდავას არ მიგვიღია მონაწილეობა კენჭისყრაში“, – განუცხადა ნიკა მაჭუტაძემ ნეტგაზეთს.

დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იმყოფებოდა დამოუკიდებელი დეპუტატი დილარ ხაბულიანი, რომელიც პარლამენტის სხდომებს ხშირად აცდენს ხოლმე. როგორც პლენარული სხდომის ვიდეოკადრებში ჩანს, დილარ ხაბულიანი დღეს კენჭისყრამდე რეგისტრაციისას სხდომათა დარბაზში იჯდა.  თუმცა ნეტგაზეთთან დილარ ხაბულიანი ამბობს, რომ უშუალოდ კენჭისყრის დროს სხდომათა დარბაზიდან გასული იყო და, შესაბამისად, არც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი წევრებისთვის დაუჭერია მხარი.

„რა თქმა უნდა, არ მიმიღია [მონაწილეობა კენჭისყრაში], რადგან იქ არ ვიყავი. მე მანამდე წამოვედი და მერე გამოიტანეს ეგ საკითხი [კენჭისყრაზე]. რეგისტრაცია ცოტა ადრე დაიწყო, ჯერ გუბაზი [სანიკიძე] გავიდა  და მერე მე გამოვედი და მერე გამოუტანიათ ეგ საკითხი“, – განუცხადა დილარ ხაბულიანმა ნეტგაზეთს.

გუბაზ სანიკიძეც ნეტგაზეთთან ამბობს, რომ კენჭისყრის დროს დარბაზიდან ჯერ ის გავიდა და მას დილარ ხაბულიანიც მიჰყვა.

დღეს, 17 ოქტომბერს, პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებად გოგა კიკილაშვილი და ლევან ნემსაძე აირჩია.

ორივე  მათგანი 90  ხმით აირჩიეს, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ მხარი, საპარლამენტო უმრავლესობისა და მისი მოკავშირეების („ევროპელი სოციალისტების“) გარდა, სხვა ოპოზიციონერებმაც დაუჭირეს, რადგან მათ ჯამურად 89 ხმა აქვთ.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა პარლამენტმა იუსტიციის საბჭოს წევრები ოპოზიციის მხარდაჭერით აირჩია, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის საბჭოში ასარჩევ კანდიდატებთან დაკავშირებით კონსენსუსი არ არსებობდა. მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა გაზაფხულზეც,  როცა პარლამენტში კენჭისყრა 93-ხმიანი მხარდაჭერით გაიმართა.  მაშინ, მიუხედავად საერთო ოპოზიციური განწყობისა, კენჭისყრაში მონაწილეობა, უმრავლესობისა და „ევროპელი სოციალისტების“ გარდა, კიდევ 5-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა(ნიკა მაჭუტაძემ, ნატო და როსტომ ჩხეიძეებმა, დილარ ხაბულიანმა და ბაჩუკი ქარდავამ) მიიღო.

მასალების გადაბეჭდვის წესი