საზოგადოება

ისრაელმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადა

8 ოქტომბერი, 2023 •
ისრაელმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადა

ისრაელის მთავრობამ ოფიციალურად გამოაცხადა საომარი მდგომარეობა.

საომარი მდგომარეობის გამოცხადება ისრაელის ძირითადი კანონის მე-40 მუხლის შესაბამისად მოხდა და ეს გადაწყვეტილება ოფიციალურად იძლევა „მნიშვნელოვანი სამხედრო ნაბიჯების გადადგმის უფლებას“.

”ომი, რომელიც აიძულეს ისრაელის სახელმწიფოს მკვლელი ტერორისტული თავდასხმის შედეგად ღაზას სექტორიდან, გუშინ, 06:00 საათზე დაიწყო”, — ნათქვამია ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ჯერ კიდევ შაბათს თქვა, რომ ქვეყანა ომში იყო, მაგრამ ეს განცხადება რიტორიკული იყო. ისრაელის მთავრობის დღევანდელი გადაწყვეტილება კი არის საომარი მდგომარეობის ოფიციალურად გამოცხადება.

7 ოქტომბრის დილით ისლამისტური ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასის“ მებრძოლებმა ისრაელზე მასშტაბური შეტევა დაიწყეს – ქალაქებს დაუშინეს რაკეტები, ისრაელის ტერიტორიაზეც შეიჭრნენ. მათ დახოცეს როგორც მშვიდობიანი მოქალაქეები, ისე — სამხედროები, მძევლად აიყვანეს მოხუცები, ქალები და ბავშვებიც, ფაქტების ამსახველი ვიდეოები კი სოციალური ქსელებით გაავრცელეს.

ისრაელმა საპასუხო სარაკეტო დარტყმები განახორციელა ღაზას სექტორზე, შედეგად 370 პალესტინელი დაიღუპა, 2200-მდე კი დაშავდა.

მედიის ცნობით, სულ მცირე 600 ადამიანი დაიღუპა ისრაელის მხარეს, ღაზას სექტორიდან მოულოდნელი თავდასხმის შედეგად.

ახლა მთავარი კითხვა მდგომარეობს, დაიწყებს თუ არა ისრაელი ღაზას სექტორში სახმელეთო ოპერაციასაც.

თავდასხმა ისრაელზე, დღე 2 – განახლებადი

მასალების გადაბეჭდვის წესი