საზოგადოება

ვირტუალური დიალოგი

8 აგვისტო, 2010 •
ვირტუალური დიალოგი

“კავკასიის უსაფრთხოების  გააზრება” – ასე ეწოდება პროექტს, რომლის განხორციელებაც  სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტმა (IISS) რუსეთ-საქართველოს ომიდან ორი წლის შემდეგ დაიწყო.

პროექტს ევროკავშირი აფინანსებს და მისი მიზანი ვირტუალურ დიალოგში კონფლიქტის ყველა მხარის ჩართვაა – აზრების, ინფორმაციის და იდეების გაცვლისთვის.

პროექტისთვის შექმნილი ვებ გვერდი 4 აგვისტოს ამუშავდა. ოქსანა ანტონენკო, არჩილ გეგეშიძე, სერგეი მარკედონოვი, ირაკლი ხინთბა, რონალდ სანი, პაატა ზაქარეიშვილი, ვიქენ ჩეტერიანი- ეს ის ექსპერტები არიან, რომელთა პუბლიკაციებიც რუსულ-ქართულ ურთიერთობებზე უკვე გამოქვეყნდა.

აი, რას წერენ ისინი:

ირაკლი ხინთბა
ირაკლი ხინთბა

ირაკლი ხინთბა, პოლიტოლოგი, აფხაზეთის უნივერსიტეტის პროფესორი

“ჩვენ არ ვართ რუსეთის მარიონეტები…”

“აფხაზეთი რუსეთთან შეერთებას ამჯობინებს  საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნებას”,- წერს ირაკლი ხინთბა   და ამბობს, რომ ქართული მხარის ვარაუდი იმის შესახებ, რომ აფხაზებს წარმატებულ საქართველოში დაბრუნების სურვილი ექნებათ, არასწორია.

მისი აზრით, რუსეთის მიერ აფხაზეთის აღიარებამ  ვერ გადაჭრა ქართულ-აფხაზური კონფლიქტი. ქართული მხარე  შეცდომას უშვებს, რადგან ქართულ-აფხაზურ ეთნოკონფლიქტზე კი არ საუბრობს, მას რუსულ-ქართულ კონფლიქტს უწოდებს.

“აფხაზეთში  უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ რუსეთის  „სამხედრო ქოლგის“ ქვეშ  ყოფნის გამო მას საქართველოსთან პრობლემები აღარ ექნება ”,-წერს ხინთბა.

იგი ფიქრობს, რომ საქართველოსთან ურთიერთობის დარეგულირება არანაირ კავშირში არ არის აფხაზეთის საერთაშორისო აღიარებასთან.

“საქართველომ სცადა, ევროპული გეგმებისთვის გაესწრო და დეიზოლაციის სახელმწიფო სტრატეგია წარმოადგინა. თუმცა დეიზოლაცია აღნიშნულ დოკუმენტში შეცვლილია სიტყვით– დეოკუპაცია”.

ხინთბა ამბობს, რომ საქართველოს მიერ შეთავაზებული სტრატეგია შეუძლებელია აფხაზეთმა მიიღოს.  შესაბამისად, აფხაზეთი მოექცევა სრულ იზოლაციაში აშშ–სა და ევროკავშირის მხრიდან და შედეგად კიდევ უფრო დამოკიდებული გახდება რუსეთზე.

 “უნდა გვესმოდეს, რომ იმ მექანიზმების ძებნის გარეშე, რომლებთანაც თანხვედრი იქნება რუსეთის ინტერესები, ნებისმიერი ქმედება ამ კუთხით გართულდება”.

წერილში ნათქვამია, რომ 2008 წლის აგვისტოს ომმა დაადასტურა რუსეთის გავლენა.

“ აგვისტოში ხუთდღიანი ომი რუსეთსა და საქართველოს შორის, შეიძლება გავიგოთ, როგორც რეალიზმის ტრიუმფი 21-ე საუკუნის მსოფლიო პოლიტიკაში”.

რუსეთის ქმედებები დასავლეთმა მხოლოდ რიტორიკულად შეაფასა და სიტყვები  სიტყვებად დარჩა. საქართველო აშშ–სთვის პრიორიტეტულ სახელმწიფოთა სიიდან ამოვარდა, “დემოკრატიის შუქურის” იმიჯი შეირყა, სააკაშვილის საერთაშორისო რეპუტაციას, სამხრეთ ოსეთზე თავდასხმის გამო, საფრთხე შეექმნა, ხოლო საქართველოს ნატოში გაწევრიანება ბუნდოვანი გახდა.  თავის მხრივ კი, რუსეთი მარტო აღმოჩნდა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების საკითხში – წერს ხინთბა. 

ხინთბას აზრით, ქართულმა საზოგადოებამ მისია შეასრულა და “რეგიონიდან გაიქცა” , ძველი საბჭოთა იდენტობა ევროპულით შეცვალა.

“მოცემულ ვითარებაში, რუსულ- ქართული ურთიერთობების მომავალი მხოლოდ ინერციით განვითარდება, იმის  გათვალისწინებით, რომ ორივე ქვეყნის ხელისუფლებაში ცვლილებები  მოსალოდნელი არ არის”,- წერს ხინთბა. 

მისი თქმით, საქართველოს მხრიდან აფხაზეთისა და ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება რეალურად მოახდენდა მოსკოვისა და თბილისის ურთიერთობების ტრანსფორმირებას. თუმცა  ხინთბა  თავადვე აღნიშნავს, რომ საქართველოსა და ქართული პოლიტ ელიტის მხრიდან ეს კიდევ კარგა ხანი არ მოხდება.

Ronald Suny
Ronald Suny

რონალდ სანი, პროფესორი მიჩაგანის უნივერსიტეტში

“დასავლეთი არ დაიცავს საქართველოს რუსეთისგან”

რონალდ სანის მიერ შერჩეული თემა ვირტუალური დიალოგისთვის, რუსეთ-საქართეველოს ომის გლობალური მხარეა. იგი  მცდელობააა,  რუსეთის, როგორც სუპერსახელმწიფოს ისტორიის გააზრებისა აგვისტოს ომამდე და მას შემდეგ.

ხუთდღიანი ომის შედეგი, ამბობს სანი, იყო ძალიან  ნათელი. კერძოდ, რუსეთის გამარჯვება ნიშნავდა: სახელმწიფო დაუბრუნდა ძველ პოზიციებს, როდესაც იგი რეგიონის ჰეგემონობაზე აცხადებდა პრეტენზიას; რუსეთი ვერ მოითმენდა ნატოს გაფართოებას (განსაკუთრებით ეს ეხებოდა უკრაინას) ; რუსეთისთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია მის რეგიონში სტრატეგიული პოზიციები, ვიდრე მისი იმიჯი საერთაშორისო მასშტაბით.

სანი იდეოლოგიურს უწოდებს ამერიკის საგარეო პოლიტიკას, რომელიც ამბობს, რომ უსაფრთხოებას შესაძლებელია მივაღწიოთ მხოლოდ მშვიდობიანი, დემოკრატიული, დასავლური ღირებულებების მქონე სახელმწიფოების შენებით. შესაბამისად, ამერიკელებისთვის და მისი თანამოაზრე ქვეყნებისთვის, რუსეთი არის “საერთაშორისო მასშტაბით მავნებელი ქვეყანა. მაშინაც კი, როდესაც საქართველო რუსეთის მშვიდობისმყოფელებს დაესხა თავს, ამერიკის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში რუსეთი წარმოდგენილი იყო, როგორც აგრესორი, ხოლო საქართველო– ამ აგრესიის  მსხვერპლი”.

აგვისტოს ომის შედეგებზე საუბრისას სანი ამბობს, რომ პირველად, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, რუსეთმა მოახერხა ამერიკისთვის გეგმები ჩაეშალა. საერთაშორისო თამაში შეიცვალა, ამერიკა და ევროპა იძულებულები გახდნენ, რუსეთისთვის მოესმინათ.

სანი ფიქრობს,რომ რუსეთმა გადააჭარბა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარებით, ამით მოსკოვმა უსაფრთხოების ახალი დილემა შექმნა, რომელიც აშინებს უკრაინას და აღმოსავლეთისა და ცენტრალური ევროპის ქვეყნებს.

“რუსეთ-საქართველოს ომმა აჩვენა, რომ სუპერსახელმწიფოები ზღვარს არ უნდა გადავიდნენ. დასავლეთი ვერ ან არ დაიცავს საქართველოს რუსეთისგან, თუმცა მას შეუძლია დიპლომატიური და ეკონომიკური სანქციები დაუწესოს მას, რათა კიდევ ერთხელ გადახედოს მის გეგმებს კავკასიაში. თუმცა საეჭვოა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები, ობამას პრეზიდენტობის პერიოდში, უარს იტყვის გლობალურ ამბიციაზე ან აღიარებს მაინც, რომ მისი ამბიციები ჩაშალეს.”

Oksana Antonenko
Oksana Antonenko

ოქსანა ანტონენკო, პროექტის ხელმძღვანელი, სტრატეგიული კვლევის საერთაშორისო ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი

რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების ოთხი ნაბიჯი

ანტონენკოს წერილის – სახელწოდებით, „დიალოგის დაწყების დროა“ – მთავარი აქცენტი მოცემულ რეალობაში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზების პერსპექტივებია. მისი აზრით, როგორც საქართველომ, ასევე რუსეთმა უნდა გადალახოს არსებული ბარიერები ურთიერთგაგების საკითხში და დაიწყონ მშვიდობიანი თანაარსებობის განხილვა.

სანამ ანტონენკო მის მიერ შემოთავაზებული დიალოგის პერსპექტივას განიხილავდეს,  თავის წერილში ვრცლად მიმოიხილავს 2008 წლის აგვისტოს შემდგომ არსებულ ვითარებას. ანტონენკო ამბობს, რომ ამ დროისთვის დასახელებული დიალოგის წინაპირობა, როგორც რუსეთის ( არ იქნება დიალოგი, სანამ ხელისუფლებაში  მიხეილ სააკაშვილია), ასევე საქართველოს მხრიდან (გაიყვანოს რუსეთმა  ჯარი ოკუპირებული ტერიტორიიდან), არარეალურია.

ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ანტონენკოს  საზოგადოების არაინფორმირებულობა მიაჩნია. კერძოდ, ის ფაქტი, რომ სოხუმში არ იციან, რა ხდება თბილისში, ისევე, როგორც პირიქით, ცხინვალში არ აქვთ ინფორმაცია, რას ფიქრობს საზოგადოება თბილისში და ა.შ.

ზემო ლარსის სასაზღვრო პუნქტის გახსნა ანტონენკოს აზრით, პოზიტიური მოვლენა იყო ორი ქვეყნის ურთიერთობაში, თუმცა ის ამბობს, რომ ლარსის პუნქტის გადაკვეთის მსურველი ცოტა აღმოჩნდა. ასევე ნაკლებად შედეგიანად აფასებს ის ოპოზიციის წარმომადგენელთა ვიზიტებს, როგორც რუსეთის მხრიდან საქართველოში (გარი კასპაროვი), ასევე საქართველოდან რუსეთში (ზურაბ ნოღაიდელი, ნინო ბურჯანაძე).

“პრობლემა ის არის, რომ ყველა ეს კონტაქტი ან ძალიან შეზღუდულია, ან ძალიან პოლიტიზირებული”.

გამოსავალი, რომელიც მისი პუბლიკაციის დასკვნით ნაწილშია მოცემული, ეყრდნობა სწორედ სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ შექმნილ პროექტს, რომლის ფარგლებშიც ანტონენკომ აღნიშნული წერილი გამოაქვეყნა.

“პირველ რიგში, უნდა ვაღიაროთ ის ფაქტი, რომ უახლოეს პერიოდში ხელისუფლებათა ცვლა არც ერთ ქვეყანაში არ იქნება მოსალოდნელი“. ანტონენკო ამბობს, რომ რუსეთი, თავის მხრივ, სააკაშვილის ხელისუფლების შესუსტებას ვარაუდობს,  იგივეს ვარაუდობს  საქართველო რუსეთში.

“მეორე რიგში, ის დიალოგი, რომელიც მომავალში გაგრძელდება, უნდა იყოს არაოფიციალური, თუმცა, ამავდროულად, ამ პროცესში პოლიტიკური ელიტის ის ნაწილი უნდა ჩაერთოს, რომელსაც აქვს უნარი მისი ქვეყნის  საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდოს.”

მესამე, ანტონენკოს აზრით, დაწყებული ვირტუალური დიალოგი მხოლოდ უსაფრთხოების უზრუნველყოფას უნდა ეხებოდეს.

“დაბოლოს, დიალოგს ხელი უნდა შეუწყოს მესამე მხარემ, იქნება ეს არასამთავრობო თუ საერთაშორისო ორგანიზაცია”.

არჩილ გეგეშიძე
არჩილ გეგეშიძე

არჩილ გეგეშიძე,საქართველოს სტრატეგიული და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი.

საქართველოს “სტრატეგიული მოთმინება” და მხოლოდ იმედი

აგვისტოს ომის შემდეგ საგარეო პოლიტიკაში მიმდინარე ცვლილებებზე წერს არჩილ გეგეშიძე, საქართველოს სტრატეგიული და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი

გეგეშიძე ამბობს, რომ დასავლეთი გადაიღალა, ხოლო რუსეთმა კი აგვისტოს ომის შედეგად შეძლო თავისი ინტერესების გატარება. რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ  ნატოს გაფართოების საკითხი სტრატეგიულად მნიშვნელოვან სამხრეთ კავკასიაში ფაქტიურად შეჩერდა.

მისი აზრით, გლობალურ ძალათა ბალანსის გავლენა საქართველოზე და, ზოგადად, უსაფრთხოებაზე  უკვე საგრძნობია. კერძოდ, ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაიზარდა რუსეთის ზეგავლენა, საქართველოს დამატებით 200 ათასი დევნილი ჰყავს, რაც სოციალურ ფონს ამძიმებს, აგვისტოს ომის შემდეგ უცხოური ინვესტიციები საქართველოში შემცირდა.

არჩილ გეგეშიძე წერილში ჟენევის დისკუსიასაც ეხმიანება.

“დღემდე ჟენევის დისკუსიებმა „უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის კავკასიაში“ არ გამოიღო რეალური შედეგი, არ ხერხდება შეთანხმება და კომპრომისი ძალის გამოუყენებლობის შესახებ, რომ აღარაფერი ვთქვათ სეპარატისტული ტერიტორიების სტატუსის შესახებ“.

საქართველომ, რომელმაც დასავლეთისგან რჩევად მიიღო „სტრატეგიული მოთმინება“, მაინც იმედოვნებს ,რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს კვლავ თავის გავლენის სფეროში მოაქცევს, -ნათქვამია პუბლიკაციაში.

Sergey Markedonov
Sergey Markedonov

სერგეი მარკედონოვი, რუსი  ექსპერტი კავკასიის საკითხებში,სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის მოწვეული ექსპერტი

“20 წლის შემდეგ ახალმა ქართულმა პოლიტელიტამ შესაძლოა აღიაროს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი”

სერგეი მარკედონოვის პუბლიკაციის ლაიტმოტივია საბჭოთა კავშირის აჩრდილი და სისტემის დანატოვარი, რომელიც “ჯერ კიდევ არ არის განაწილებული ”.

იგი წერს, რომ დღესაც  ნაადრევია იმის თქმა, რომ საბჭოთა კავშირს წერტილი დაესვა. მარკედონოვის აზრით, ფორმალურად საბჭოთა კავშირი დაშლილია, თუმცა მისი დანატოვარი ჯერ კიდევ არ არის გაყოფილი. მისი თქმით, ეს დაადასტურა ყირგიზეთის მოვლენებმა მიმდინარე წლის გაზაფხულზე.

“2010 წლის ზაფხულში უშედეგოა იმის თქმა, მოიქცა თუ არა რუსეთის პრეზიდენტი სწორად, როდესაც მან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებას მოაწერა ხელი. თუმცა ამ გადაწყვეტილების გაუქმება რუსეთს უფრო მეტ ზიანს მოუტანს ახლა, ვიდრე თავის დროზე აღიარების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება.”

მარკედონოვი თავის პუბლიკაციაში ურთიერთობების ნორმალიზებასაც ეხება. ის წერს, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები მართალია  გაფუჭდა, თუმცა დღეს მიმდინარე პროცესები აჩვენებს, რომ ურთიერთობების ნორმალიზების პროცესი, მიუხედავად საპირისპირო რიტორიკისა,  არ არის გარდაუვალი.

“რუსული ბიზნესი ომის შემდგომ საქართველოში არათუ შემცირდა, არამედ, პირიქით, გაიზარდა კიდეც. ცნობილი ფაქტია, რომ ენგურჰესთან დაკავშირებით საქრთველო და რუსეთი სოხუმის გვერდის ავლით აწარმოებდა მოლაპარაკებებს”.

მარკედონოვი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარების შორ პერსპექტივაზეც საუბრობს. მისი თეორია ასეთია: დღეს მართალია რთულია მოიძებნოს ქართველი პოლიტიკოსი, რომელიც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას აღიარებს, თუმცა არ არის გამორიცხული, 15-20 წლის შემდეგ ახალმა ქართულმა პოლიტელიტამ, საქართველოს  და არა რუსეთის სასარგებლოდ, მიიღოს მსგავსი გადაწყვეტილება.

მარკედონოვი შორეულ წარსულში, მე-18 საუკუნეში, ბრუნდება და ამბობს ,რომ არ არის გამორიცხული, ისტორია ახალი კუთხით განვითარდეს და როგორც მაშინ,  საქართველოს პოლიტელიტამ მომავალშიც მოისურვოს  რუსეთთან საერთო ენის გამონახვა. ამის მიზეზად კი რუსი ექსპერტი  რადიკალური ისლამის წარმომადგენლებს ასახელებს, რომლებიც “უდიდესი სიამოვნებით იბრძოლებენ ქართველი ურწმუნოების წინააღმდეგ”.

მარკედონოვი ამბობს, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებზე მის მიერ განჭვრეტილი მომავალი ბევრად უფრო რეალურია, ვიდრე ”აყვავებული საქართველო” ან “დაბრუნება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში”.

პაატა ზაქარეიშვილი
პაატა ზაქარეიშვილი

პაატა ზაქარეიშვილი, ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტურის უფროსი მეცნიერ– თანამშრომელი

“…ვერავინ იტყვის, რამდენ ხანს გაგრძელდება არაღიარების პოლიტიკა”

პაატა ზაქარეიშვილი წერს, რომ სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის აღიარება, აგვსიტოს ომის შემდეგ, მოულოდნელი იყო არა მხოლოდ დასავლეთისთვის, არამედ თავად არაღიარებული ტერიტორიის ლიდერებისთვისაც.

აფხაზეთის იზოლაციის შესახებ ირაკლი ხინთბას, აფხაზეთის უნივერსიტეტის პროფესორის, თემას პაატა ზაქარეიშვილი ფაქტიურად აგრძელებს.

საქართველოს და არაღიარებული ტერიტორიების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის, დამოუკიდებლობის ამბივალენტური ხასიათი და იზოლაციის შესაძლო შედეგები ზაქარეიშვილის წერილის განხილვის მთავარი თემაა.

“ერთი მხრივ, აღიარების 20 –წლიანი მოლოდინი აგვისტოს ომის შემდეგ დასრულდა და დიდი შანსია, რომ არსებული რეალობის გამო, სრული იმედგაცრუება მოხდეს.”

ირაკლი ხინთბა თავის წერილში წერს, რომ დასავლეთის მხრიდან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სრული იზოლაცია   რუსეთზე აფხაზეთის კიდევ უფრო მეტ  დამოკიდებულებას გამოიწვევს.

იგივეს ფიქრობს  ზაქარეიშვილი, რომელიც წერს, რომ სრული იზოლაცია არ იქნება სასარგებლო არც ერთი მხარისათვის.

ზაქარეიშვილის აზრით, გარკვეულ დონეზე, იქნება ეს კულტურა თუ სპორტი, ქართული მხარის თანხმობით, უნდა მოხდეს აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთისა და დასავლეთის ურთიერთობა.

„ამის შედეგად, არაღიარებული ტერიტორიების მოქალაქეები შესაძლოა დარწმუნებულიყვნენ დასავლეთის უპირატესობაში“.

ქართული მხარის თეზისი, რომ ეკონომიკურად ძლიერ საქართველოს აფხაზეთი თავისი ნებით შეურთდება და რომელსაც ხინთბა  კატეგორიულად  არ  ეთანხმება, პაატა ზაქარეიშვილს სწორად მიაჩნია.

იგი ამბობს, რომ რუსეთის მხრიდან ტერიტორიების აღიარებას დასავლეთმა დემოკრატიული საქართელო უნდა დაუპირისპიროს. და, რომ  შესაძლოა, ისეთ საქართველოში, სადაც იქნება რეალური დემოკრატია, არაღიარებული ტერიტორიის მოქალაქეებს გაუჩნდეთ სურვილი, მიიღონ საქართველოს მოქალაქის პასპორტები.

„მაგრამ თუ საქართველო, ფასადური დემოკრატიის მიღმა, ავტორიტარული სახელმწიფოს შენებას გააგრძელებს, ვერავინ იტყვის, რამდენ ხანს გაგრძელდება არაღიარების პოლიტიკა დასავლეთის მხრიდან“.

Vicken Cheterian
Vicken Cheterian

ვიქენ ჩეტერიანი, ექსპერტი კავკასიის საკითხებში

ხელახალი გაყინვა

პუბლიკაცია, რომელიც კავკასიის უახლეს ისტორიას მიმოიხილავს,  მხოლოდ რუსეთ–საქართველოს ურთიერთობებს არ ეხება. . საგარეო პოლიტიკა და ძალათა ბალანსი, ჰეგემონია კავკასიაზე – ეს სწორედ ის თემებია, რომლის ავტორიც კონფლიქტების ხელახალ გაყინვაზე .მიგვანიშნებს.

ჩეტერიანის თქმით, 2008 წლის აგვისტომდე დასავლეთში ყველა ფიქრობდა, რომ კონფლიქტები კავკასიაში გაყინული იყო. თუმცა ვარდების რევოლუციის შემდეგ მოვლენების განვითარებამ, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ, პროცესი კონფლიქტის გალღობამდე მიიყვანა.

„სწორედ 2008 წლის ომი აღმოჩნდა რეგიონში კონფლიქტის ხელახალი გაყინვის მიზეზი“.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ომში დამარცხდა, სააკაშვილის მთავარობა ისევ ხელისუფლებაში დარჩა და ქვეყანას არ შეუცვლია საგარეო პოლიტიკის კურსი.

„ომის შედაგად დადგინდა, რომ რუსეთი არ არის მზად, უფრო მეტი ტერიტორიის დასაპრყრობად, თუმცა მზად არის, საზღვრების დასაცავად ძალა გამოიყენოს.“..

მასალების გადაბეჭდვის წესი