საზოგადოება

ვაშინგტონი: სანქციები არ ცვლის თბილისთან სტრატეგიულ პარტნიორობას

14 სექტემბერი, 2023 • 1201
ვაშინგტონი: სანქციები არ ცვლის თბილისთან სტრატეგიულ პარტნიორობას

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებით, ბოლო 30 წლის განმავლობაში ვაშნგტონსა და თბილისს სტრატეგიული ურთიერთობები გააჩნიათ და ამას ვერ შეცვლის ის ფაქტი, რომ ამერიკა უკვე მეორედ ასანქცირებს საქართველოს მოქალაქეებს.

საუბარია ჯერ მოსამართლეების სავიზო შეზღუდვებზე, ხოლო უკვე დღეს- ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის სანქცირებაზე.

ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე მილერი არ გაჰყვა ჟურნალისტის მოსაზრებას იმის თაობაზე, ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირისთვის FSB-სთან კავშირების გამოკვეთა ხომ არ ნიშნავს იმასაც, რომ აშშ აღიარებს საქართველოს ხელისუფლების ახლო კავშირებს რუსეთის დაზვერვასთან.

პრესსპიკერის თქმით, მათ დღეს 150 ორგანიზაცია და ინდვიდულაური პირი დაასანქცირეს და კონკრეტულ დეტალებზე ვერ ისაუბრებს.

მისივე განცხადებით, ამერიკა სოლიდარულია საქართველოს მოსახლეობის სურვილისადმი, რომ ქვეყანა იყოს სუვერენული და თავისუფალი საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში. თბილისი და ვაშინგტონი არიან სტრატეგიული პარტნიორები და ეს სანქციები ამას არ ცვლის.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა რუსეთთან დაკავშირებული პირებს, მათ შორის საქართველოს ყოფილი მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს.

ინფორმაცია ამის შესახებ აშშ-ის ხაზინის გვერდზე გამოქვეყნდა, რომელიც ფარცხალაძეს უწოდებს რუს-ქართველ ოლიგარქს, რომელიც რუსეთის ეკონომიკის მართვის საკონსულტაციო სექტორში საქმიანობს.

აშშ-ის ხაზინის თანახმად, ფარცხალაძეს, როგორც თავის თანამოაზრეს, სავარაუდოდ, „ეფესბეს“ ოფიცერი ალექსანდრე ონიშჩენკო დაეხმარა რუსული პასპორტის და შესაძლოა, რუსეთის მოქალაქეობის მიღებაში.

„ონიშჩენკომ და FSB-მ გამოიყენეს ფარცხალაძე ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის საკეთილდღეოდ გავლენისთვის. გავრცელებული ინფორმაციით, ფარცხალაძემ პირადად ისარგებლა მისი კავშირით „ეფესბესთან“, – წერს აშშ-ის ხაზინა.

ფარცხალაძისთვის სანქციები დაწესებულია უკრაინაში ომის გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ფარგლებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი