საზოგადოება

ღარიბაშვილმა შვილი სასწავლებლად სამთავრობო თვითმფრინავით წაიყვანა — რა ვიცით

9 სექტემბერი, 2023 •
ღარიბაშვილმა შვილი სასწავლებლად სამთავრობო თვითმფრინავით წაიყვანა — რა ვიცით

„ნოდარ მელაძის შაბათის“ ინფორმაციით, რომელსაც არც საქართველოს მთავრობაში უარყოფენ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამთავრობო თვითმფრინავი პირადი ვიზიტისთვის გამოიყენა.

ტელეარხის ცნობით, მან უფროსი შვილი, 18 წლის ნიკოლოზ ღარიბაშვილი ჯერ მიუნხენში ჩაიყვანა სამთავრობო თვითმფრინავით, შემდეგ კი ამერიკის შეერთებულ შტატებისკენ გზა სამგზავრო თვითმფრინავით გააგრძელა.

კერძოდ, რეპორტაჟის ავტორების თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი ოჯახის რამდენიმე წევრთან ერთად სამთავრობო ბორტით მიუნხენში გაფრინდა, შემდეგ კი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. ამასთან, ტელეკომპანია „პირველის“ ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრის და მისი ოჯახის წევრების მიუნხენში ჩაყვანის შემდეგ სამთავრობო ბორტი საქართველოში არ დაბრუნებულა და 28 აგვისტომდე მიუნხენში იცდიდა, რათა ღარიბაშვილი უკან, საქართველოში ჩამოეყვანა:

„თვითმფრინავია მათია, „ჯორჯიან ეარვეიზი“ ემსახურება. პრემიერი არ მიკვეთავს, მიკვეთავს სამთავრობო დაცვა. ყოველთვის ჩუბინიძის უწყება მიკვეთავს. პრემიერ-მინისტრია, თქვენ რომელიმე ქარხნის მუშა ხომ არ გგონიათ?! ოფიციალურ ვიზიტებზე არ გამოიყენება თვითმფრინავი მარტო, ყველგან გამოიყენება, სადაც საჭიროდ ჩათვლის მთავრობა,“ — აცხადებს „ჯორჯიან ეარვეიზის“ დამფუძნებელი თამაზ გაიაშვილი ტელეკომპანია „პირველისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

ამასთან, გაიაშვილი ადასტურებს იმასაც, რომ სამთავრობო ბორტი ერთი კვირის განმავლობაში მიუნხენში იყო გაჩერებული, ეკიპაჟი კი 19 აგვისტოსვე უკან დაბრუნდნენ „ჯორჯიან ეარვეიზის“ სხვა რეისით. თამაზ გაიაშვილის თქმით, ღარიბაშვილის წამოსაყვანად რამდენიმე დღის შემდეგ კვლავ მიუნხენში ჩავიდნენ, საიდანაც უკვე პრემიერ-მინისტრთან ერთად სამთავრობო თვითმფრინავით დაბრუნდნენ.

„ნოდარ მელაძის შაბათის“ ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილი მიუნხენიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში მართლაც რეგულარული რეისით გაფრინდა და მიუნხენშიც ასევე დაბრუნდა.

„ნეტგაზეთმა“ პრემიერის მიერ სამთავრობო თვითმფრინავის შესაძლო არამიზნობრივ გამოყენებაზე კომენტირება „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ სთხოვა. ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ აღნიშნული გამოძიების საფუძველი უნდა გახდეს:

„გავრცელებული ინფორმაცია, პრემიერ-მინისტრის მიერ პირადი მიზნებისთვის (ამ შემთხვევაში – შვილის უნივერსიტეტში წასაყვანად) სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრების და სხვა რესურსების გამოყენების შესახებ, შესაძლოა, შეიცავდეს დანაშაულის ნიშნებს. ეს უნდა გახდეს გამოძიების დაწყების საფუძველი,“ — გვითხრეს საიაში.

რას ამბობენ მთავრობაში

დღეს, 9 სექტემბერს, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის ანზრო ჩუბინიძის განცხადება ტელეკომპანია „იმედმა“ გაავრცელა. საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის აშშ-ში ვიზიტი იყო კომერციული და შესაბამისად თანხა საბიუჯეტო სახსრებიდან არ გადახდილა.

„ჩვენი თვითმფრინავი იმყოფება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საჯარო სამართლის იურიდიული პირი სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს ბალანსზე. ამ სააგენტოს აქვს სრული უფლება, მიიღოს როგორც სამთავრობო და საბიუჯეტო სტრუქტურებიდან, ასევე არასამთავრობო, კომერციული და კერძო პირებისგან სხვადასხვა სახითა და ფორმით შემოსავლები.

ეს ვიზიტი იყო კომერციული ხასიათის, რომელიც თავიდანვე დავალებაში იყო მოცემული და, რა თქმა უნდა, ანაზღაურება მოხდებოდა არასაბიუჯეტო ორგანიზაციიდან ან კერძო პირის მიერ. საქართველოს კანონმდებლობით, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური ვალდებულია არამარტო პრემიერის, არამედ ყველა მისი დასაცავის უსაფრთხოების უზრუნველყოფა მოახდინოს როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე მის გარეთ.

ამის არშესრულების რაიმე წინაპირობად ვერ განვიხილავთ ვიზიტის ხასიათს. მთავრობის სპეციალური დადგენილებით არის განსაზღვრული დაცვის მინიმალური სტანდარტები. ზუსტად ამ დოკუმენტზე დაყრდნობით ვახორციელებთ ყოველთვის ყველა დასაცავი პირის დაცვით უზრუნველყოფას“, – აცხადებს ანზორ ჩუბინიძე.

მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტმა 7 სექტემბერს, განცხადება გაავრცელა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ამერიკის შეერთებულ შტატებში პირადი მიზნით მოგზაურობაზე.

„საუბარი იყო ჩარტერულ ფრენაზე, რომელიც განხორციელდა თბილისიდან ევროპის ერთ-ერთი ქალაქის მიმართულებით, ხოლო აშშ-ის მიმართულებით პრემიერ-მინისტრი რეგულარული რეისით გაემგზავრა. კერძო ვიზიტისას პრემიერ-მინისტრის მგზავრობის, ასევე ჩარტერული (კომერციული) რეისის თუ ნებისმიერი სხვა ხარჯი სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ გაწეულა“, — ნათქვამია სტრატკომის 7 სექტემბრის განცხადებაში.

მანამდე, 6 სექტემბერს, სტრატკომის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა პირად ფეისბუკგვერდზე დაწერა, რომ ღარიბაშვილი აშშ-ში საკუთარ შვილთან ერთად გაემგზავრა, რომელსაც ახალი სასწავლო წელი ეწყებოდა პენსილვანიის უნივერსიტეტში. მისი სიტყვებით, “კონკრეტული მედიასაშუალებები ცდილობენ სკანდალის აგორებას”, თუმცა “სკანდალური არაფერია”.

“ყველა ადამიანს აქვს სურვილი და უფლებაც მისი შვილისთვის ასეთ მნიშვნელოვან დროს მის გვერდით იყოს. მით უმეტეს არც კანონი დარღვეულა და არც სახელმწიფო ხარჯები გაწეულა.

მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში პრემიერ-მინისტრი კერძო ვიზიტით აშშ-ში იმყოფებოდა და მისი მგზავრობის, ასევე ჩარტერული (კომერციული) რეისის თუ ნებისმიერი სხვა ხარჯი სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ გაწეულა.

პრემიერ-მინისტრი ყოველწლიურად ავსებს ქონებრივ დეკლარაციას, სადაც ასახულია ყველა გაწეული ხარჯი, შესაბამისად, დაელოდეთ შემდეგი დეკლარაციის გამოქვეყნებას”, — წერია მთავრობის სტრატკომის უფროსის 6 სექტემბრის პოსტში.

ნეტგაზეთმა ამბის დეტალებში უფრო უკეთ გარკვევა სცადა როგორც პირადად ნინო გიორგობიანთან, ისე — მთავრობის პრესსამსახურის სხვა თანამშრომელთანაც. გიორგობიანმა ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. „ნეტგაზეთის“ კითხვებს არც მთავრობის პრესსამსახურში უპასუხეს.

ღარიბაშვილის დეკლარაცია

სანამ ირაკლი ღარიბაშვილი 2023 წლის დეკლარაციას შეავსებს, ჩვენ გავეცანით 2022 წელს შევსებულ დეკლარაციას. დოკუმენტის მიხედვით, ირაკლი ღარიბაშვილს პენსიონერმა მშობლებმა 2021 წელს 150 ათასი ლარი აჩუქეს.

რაც შეეხება შემოსავალს, ამავე წელს ჯერ თავდაცვის მინისტრის, შემდეგ კი პრემიერის პოსტზე მას შემოსავლის სახით მიღებული აქვს 44 ათას ლარამდე (დაუქვითავი).

ოჯახის საკუთრებაში არსებული დანაზოგი კი, დოკუმენტის მიხედვით, 2021 წელს 50 ათასი ლარი იყო.

ამავე წელს მის ცოლს, ნუნუ თამაზაშვილს, 42 ათას დოლარამდე აქვს გადახდილი ქართუ ბანკში ავტომობილის სესხის დასაფარად.

ღარიბაშვილის ოჯახის საკუთრებაშია 6 უძრავი ქონება. დეკლარაციაში არ ფიქსირდება რაიმე სახის სხვა შემოსავალი 2021 წლისთვის. 2023 წლის მიწურულს ღარიბაშვილმა დეკლარაციაში 2022 წლის მონაცემები უნდა ასახოს.

როგორც ნინო გიორგობიანი ამბობს, კერძო თვითმფრინავის დაქირავებაში გადახდილი თანხა საჯარო გახდება მომდევნო დეკლარაციის შევსებისას. თუმცა, 2023 წელს გაწეული ხარჯები, მათ შორის, ჩარტერულ რეისში გადახდილი თანხა დეკლარაციაში უნდა აისახოს 2024 წლის მიწურულს.

შესაბამისად, თუ ირაკლი ღარიბაშვილმა მანამდე არ გაასაჯაროვა, რა დაუჯდა და საიდან მოიტანა თვითმფრინავის დასაქირავებლად აუცილებელი ფული, ამას საზოგადოება 2024 წლის ბოლომდე ვერ გაიგებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი