მაშველებმა გურიაში, სტიქიის ზონაში მესამე დაკარგულის ცხედარი იპოვეს. ის არასრულწლოვანია. 8 სექტემბერში სტიქიამ გურიის რეგიონში სამი ადამიანი იმსხვერპლა, მათ შორის ორი ბავშვია.
“სტიქიის ზონიდან უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 50-მდე მოქალაქე. ნაპოვნია სამი ცხედარი, მათ შორის ორი მოზარდის”, – წერია შინაგან საქმეთა სამინისტროს 8 სექტემბერს , საღამოს გავრცელებულ ინფორმაციაში.
სამინისტროს ცნობით, სტიქიის ზონაში რჩება შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი, რომელიც საგანგებო შტაბს უწევს კოორდინაციას:
“გურიის რეგიონში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფებიდან მობილიზებულია როგორც ცოცხალი ძალა, ასევე მძიმე ტექნიკა, მცურავი საშუალებები და კინოლოგთა ჯგუფი. სტიქიის ზონაში მონიტორინგი სპეციალური დრონებით მიმდინარეობს”.
8 სექტემბერს მეწყერი ჩამოწვა გურიის რეგიონში, ჩოჩხათის თემის რამდენიმე სოფელში. მეწყერის და წყალდიდობის დროს დაიღუპა სამი, დანგრეულია, სულ მცირე, 10 სახლი.