საზოგადოება

შოვში მოზარდის ცხედარი იპოვეს, დაღუპულთა რაოდენობა 21-მდე გაიზარდა

9 აგვისტო, 2023 • 2420
შოვში მოზარდის ცხედარი იპოვეს, დაღუპულთა რაოდენობა 21-მდე გაიზარდა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, შოვში, სტიქიის ზონაში მაშველებმა მოზარდის ცხედარი იპოვეს. მღებრიშვილის განცხადებით, ამ დროისთვის 21 დაღუპულია ნაპოვნი, 12 ადამიანს კი ამ დრომდე ეძებენ.

თემურ მღებრიშვილის განცხადებით, დღეს დილას მაშველებმა სტიქიის ზონაში ქალის ცხედარიც იპოვეს, რომელიც ამოცნობის მიზნით პროზექტურაშია გადასვენებული:

„ერთი ცხედარი ნაპოვნია უშუალოდ სტიქიის ეპიცენტრში, კოტეჯების მიმდებარე ტერიტორიაზე მოზარდის ცხედარია და მეორე ცხედარი ნაპოვნია მდინარის კალაპოტში, სტიქიის ეპიცენტრიდან დაახლოებით 2 კილომეტრში. ამ დროისთვის არის 21 ცხედარი ნანახი.  ადგილზე გვაქვს აქტიური საძიებო სამუშაოები.

ამ დროისთვის 4 დაღუპულის იდენტიფიცირება მიმდინარეობს. როგორც გუშინ, დღესაც ინტენსიურად მიმდინარეობს სამძებრო ღონისძიებები. წავიწიეთ წინ და ძალიან დიდი ტერიტორია გვაქვს უკვე გადამოწმებული. მაღალი ტემპერატურაა და, შესაბამისად, არსებობს საფრთხე გარკვეული სახის დაავადებების, აქედან გამომდინარე მაქსიმალური უსაფრთხოების ზომები გვაქვს მიღებული“, — ამბობს თემურ მღებრიშვილი.,

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელს ჟურნალისტებმა ჰკითხეს რატომ არ საჯაროვდება დაკარგულების სრული სია, რაზეც მღებრიშვილი აცხადებს, რომ ამაზე ვერაფერს იტყვის:

„ჩემი აზრით, ეს უნდა შეთანხმდეს თავად ჭირისუფლებთან და მათი ნებართვის შემდეგ ალბათ შეიძლება, რომ გასაჯაროვდეს, მაგრამ მე ამაზე ვერაფერს მოგახსენებთ“, – ამბობს მღებრიშვილი.

3 აგვისტოს, რაჭაში, შოვში მეწყერი ჩამოწვა. სტიქიის ზონაში მეექვსე დღეა სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. ამ დროისთვის ცნობილია 21 გარდაცვლილის შესახებ, 12 ადამიანის სამძებრო სამუშაოები კი ამ დრომდე გრძელდება.

სტიქია შოვში: ვინ არიან დაღუპულები

 

მასალების გადაბეჭდვის წესი