საზოგადოება

რა თქვა ობრაიენმა საკომიტეტო მოსმენაზე საქართველოს შესახებ

27 ივლისი, 2023 • 1250
რა თქვა ობრაიენმა საკომიტეტო მოსმენაზე საქართველოს შესახებ

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელი ჯეიმს ობრაიენი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწედ ინიშნება.

კანდიდატის მოსმენა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გაიმართა, სადაც ობრაიენმა საქართველოს შესახებაც ისაუბრა.

„რეგიონის მრავალი ქვეყნისთვის შემდეგი პერიოდი გადამწყვეტი იქნება. უკრაინამ ვილნიუსის სამიტიდან და ევროკავშირის განცხადებებიდან იცის, რომ მისი მომავალი ტრანსატლანტიკურ უსაფრთხოებისა და ეკონომიკურ სივრცეშია. ასევე, მოლდოვას არასოდეს ჰქონია უფრო მკაფიო გზა ევროკავშირის მომავლისკენ. დასავლეთ ბალკანეთის ექვს სახელმწიფოს უნდა მიეცეს განახლებული მკაფიო პირობები და სტიმული რეფორმების გასატარებლად, რათა გაიკვალონ გზა ევროკავშირისკენ. საქართველოს და ქვეყნებს კავკასიიდან კასპიის ზღვამდე ექნებათ შესაძლებლობა, ააშენონ ახალი ურთიერთობები ევროპასთან და გლობალურ სავაჭრო მარშრუტებთან“, — აცხადებს ობრაიენი.

სენატორმა ჯინ შაჰინმა ობრაიენს ჰკითხა, რა ვითარებაა საქართველოში რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით. სანქციების კოორდინატორმა აღნიშნა, რომ ცოტა ხნის წინ იმყოფებოდა თბილისში ბრიტანელ და ევროკავშირის კოლეგებთან ერთად.

„არის ძალიან დამაიმედებელი ამბები, რომ საქართველოს საბაჟო ორგანოები დგამენ რეალურ ნაბიჯებს, რათა შეზღუდონ საბრძოლო დანიშნულების ნივთების რუსეთში გადაზიდვა. ჩვენ გვინდა დავრწმუნდეთ, რომ მათ აქვთ სრული კონტროლი საქართველოს საზღვრის გასწვრივ გადაადგილებაზე, იქნება ეს საჰაერო გზით თუ საგზაო საზღვრით. ასე რომ, ეს განგრძობითი სამუშაოა. ამისთვის გაწეულია დიდი დახმარებაა. მაგრამ ისინი კარგი პარტნიორები არიან და გამჭვირვალე იმის შესახებ, რასაც ხედავენ. ახლა საკითხავია, შეგვიძლია თუ არა უკეთესი მონაცემების მიღება მომავალში და შეგვიძლია თუ, არა მკაფიოდ თვალი ვადევნოთ, რა ხდება [რუსეთთან] ფრენებთან დაკავშირებით, რომლებიც ახლახან განახლდა“, — თქვა ჯეიმს ობრაიენმა.

სენატორი შაჰინი ასევე დაინტერესდა, შეშფოთებულია თუ არა აშშ, რომ ფრენების აღდგენამ შესაძლოა სანქციების არიდების შესაძლებლობა შექმნას.

„მე არ ვიტყოდი შეშფოთებას, მაგრამ ეს აშკარად შესაძლებელია, ამიტომ ჩვენ გვინდა დავრწმუნდეთ, რომ ვიცით, რა ხდება ამ თვითმფრინავებზე რუსეთში დაბრუნებისას“, — იყო ობრაიენის პასუხი.

2024 წლის არჩევნები და რეფორმები

სენატორმა შაჰინმა საკომიტეტო მოსმენაზე აღნიშნა საქართველოში მოსალოდნელი არჩევნები 2024 წელს და დაინტერესდა, რა ხედვა აქვს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწეობის კანდიდატს საქართველოში ინსტიტუტების გაძლიერებაზე.

ამ კონტექსტში ობრაიენმა ხაზი გაუსვა სასამართლოს რეფორმის საჭიროებას საქართველოში. მან ასევე თქვა, რომ აშშ-ს იგივე პირობები ექნება საქართველოსთვის, რაც საჭიროა ევროინტეგრაციისთვის და მათი შესრულება აისახება შეერთებული შტატების დახმარებაზეც.

„როგორც მოგეხსენებათ, შეზღუდვები დავუწესეთ მოსამართლეებს, რომლებიც საქართველოში ცნობილი იყვნენ სასამართლო სისტემის კონტროლით. [სასამართლოს დამოუკიდებლობა] არის ერთ-ერთი პირველი მოთხოვნა საქართველოს პროგრესისთვის ევროკავშირის მიმართულებით. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ევროკავშირთან და საქართველოს მთავრობას ავუხსენით, რომ მოსამართლეთა დანიშვნის, დისციპლინისა და მონიტორინგის გაუმჯობესება არის ძირითადი სფეროები პროგრესის მისაღწევად“, — განაცხადა ობრაიენმა.

ობრაიენმა თქვა, რომ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება არის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მსოფლიოში და ის განასახიერებს ქართველი ხალხის ერთგულებას ევროპული არჩევანისადმი.

„ქართველების 90%-ზე მეტი ამბობს, რომ სურს იყოს ევროპის ნაწილი. ამ საკითხზე პოლარიზაცია არ არის. რაც უნდა მოხდეს, არის ის, რომ მთავრობის უკან მყოფ ეკონომიკურ ინტერესთა ჯგუფს გააცნობიერებინონ, რომ ევროპასთან შესაერთებლად საჭირო რეფორმები რეალურად არის მიმართულება, რომლისკენაც ქვეყანა მიდის.  ამიტომ, ჩვენ ვმუშაობთ ევროპულ კოლეგებთან, რათა ნათელი გავხადოთ, რომ მათ მიერ დაწესებული პირობები ასევე აისახება ჩვენს დახმარებასა და ჩვენს პირობებზე. უნდა დავინახოთ პროგრესი ამ მხრივ მომდევნო თვეებში“, — განაცხადა ობრაიენმა და დასძინა, რომ შემოდგომა იქნება კრიტიკული, რადგან მოსალოდნელია ევროკომისიის შეფასება საქართველოს მიერ 12 პრიორიტეტის შესრულებაზე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი