საზოგადოება

რუსეთში იგორ სტრელკოვი [გირკინი] დააკავეს

21 ივლისი, 2023 • 7675
რუსეთში იგორ სტრელკოვი [გირკინი] დააკავეს

რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის [ფსბ] ყოფილი ოფიცერი, დონეცკის ე.წ. “სახალხო რესპუბლიკის“ ყოფილი თავდაცვის მინისტრი და ამჟამად სამხედრო კომენტატორი იგორ სტრელკოვი [გირკინი] დააკავეს.

არსებული ცნობებით, სტრელკოვს ბრალს სდებენ რუსეთის სსკ-ის 282-ე მუხლით – ექსტრემიზმით.

„დღეს, დაახლოებით დილის 11 საათსა და 30 წუთზე, ჩვენთან მოვიდნენ საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენლები. მე ამ დროს სახლში არ ვიყავი. კონსიერჟის თქმით, ჩემი მეუღლე წაიყვანეს უცნობი მიმართულებით. მეგობრებისგან გავიგე, რომ მას ბრალდება წაუყენეს სსკ-ის 282-ე მუხლით – ექსტრემიზმი. მის ადგილსამყოფელზე არაფერი ვიცი, კავშირზე არ გამოსულა“, – წერს სტრელკოვის ტელეგრამ-არხში მისი მეუღლე მიროსლავა რეგინსკაია.

დაკავების ცნობას გამოცემა „ერ-ბე-კა“-ს უდასტურებს მისი ადვოკატი და წყაროები ძალოვან სტრუქტურებში.

ვინ არის იგორ სტრელკოვი?

იგორ სტრელკოვი, რომლის ნამდვილი გვარიც გირკინია, საკმაო ხანი მსახურობდა რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურში [ფსბ], 2014 წელს, ევრომაიდანის შემდეგ კი, სათავეში ჩაუდგა რუსეთის მხარდაჭერილ „ამბოხებულებს“ უკრაინის აღმოსავლეთის რეგიონებში – დონეცკსა და ლუჰანსკში.

სტრელკოვის „თავდაცვის“ მინისტრობისას, ჰააგის საოლქო სასამართლოს თანახმად, პრო-რუსმა სეპარატისტებმა ჩამოაგდეს სამგზავრო თვითმფრინავი. რუსეთი ამ დანაშაულში უკრაინულ მხარეს სდებდა ბრალს. ამავე სასამართლომ სტრელკოვს თვითმფრინავის ჩამოგდების საქმეზე დაუსწრებლად მიუსაჯა სამუდამო პატიმრობა.

დონბასში მან „თავდაცვის მინისტრის“ პოსტზე ერთი წელი დაჰყო. მოგვიანებით სტრელკოვმა სხვადასხვა საკითხებზე დაიწყო აზრის დაფიქსირება და ხშირად არათუ არ ეთანხმებოდა, არამედ აკრიტიკებდა რუსეთის ხელისუფლებას.

უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ იგი პუტინის ერთ-ერთი მთავარი კრიტიკოსია „ომის პარტიიდან“, რომელიც ხელისუფლებისგან ომის უკეთესად და უფრო სასტიკად წარმოებას ითხოვს. სტრელკოვი აგრეთვე აკრიტიკებდა „ვაგნერის“ ხელმძღვანელ პრიგოჟინს, ცოტა ხნის წინ კი პუტინს გადადგომისკენაც მოუწოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი