საზოგადოება

“ინდიელი ბელადის” ქანდაკება, რომელიც ჰომოფობებმა დალეწეს და”სატანისტურად” გამოაცხადეს

10 ივლისი, 2023 • 4712
“ინდიელი ბელადის” ქანდაკება, რომელიც ჰომოფობებმა დალეწეს და”სატანისტურად” გამოაცხადეს

პრაიდის ფესტივალის ჩასაშლელად ლისი ვანდერლენდის ტერიტორიაზე 8 ივლისს შეჭრილი ჯგუფები ანადგურებდნენ პრაქტიკულად ყველაფერს, რაც გზად ხვდებოდათ.

როგორც აღმოჩნდა, ძალადობრივ ჯგუფებს იმ დღეს მხოლოდ პრაიდისთვის გამზადებული ინვენტარი არ ამოუღიათ მიზანში. მათ ასევე გაანადგურეს და დააზიანეს ყოველწლიური მუსიკალური ფესტივალის, Open Air-სა და მისი პარტნიორების ქონებაც.

Open Air-ს ლისი ვანდერლენდის ტერიტორია იჯარით აქვს აღებული და 2023 წლის ფესტივალიც სწორედ იქ ჩატარდა 2 კვირის წინ. 8 ივლისისთვის ადგილზე ისევ იყო მუსიკალური ფესტივალის კონსტრუქციები და დეკორაციები.

“გატეხილია ჩვენი საწყობი და მოპარულია ხელსაწყოები, ასევე დაზიანებული ან განადგურებულია ფესტივალის კონსტრუქციები, სასცენო დეკორაციები, ჩვენი პარტნიორების კუთვნილი სარეკლამო საშუალებები”, — აცხადებენ Open Air-ის ორგანიზატორები.

ერთ-ერთი დეკორაცია, რომელიც ჰომოფობიურმა ჯგუფებმა გაანადგურეს, დიდი ზომის თეთრი ქანდაკება იყო. დანგრევის შემდეგ სოციალურ ქსელში ვრცელდება ქანდაკების შესახებ დეზინფორმაციული პოსტებიც, რომელთა ავტორებიც მას “სატანიზმთან” აკავშირებენ.

ჰომოფობიური შეკრების მონაწილეები ქანდაკებას ანადგურებენ. ფოტოასლები “ნეტგაზეთის” ვიდეომასალიდან

ჯერ ფიზიკური თავდასხმის, მოგვიანებით  კი— დეზინფორმაციის მსხვერპლი ქანდაკება, რეალურად, Open Air-ის ერთ-ერთი სცენის (EYESTAGE) დეკორატიული ინსტალაცია იყო. მუსიკალური ფესტივალის პერიოდში, ქანდაკებაზე 3D ვიზუალიზაცია შუქდებოდა.

“ეს ხელოვნების ერთ-ერთი თანამედროვე დარგია”, — გვიხსნის EYESTAGE-ის თანადამფუძებელი ქეთა დონაძე.

მისი ცნობით, ქანდაკება ხელოვან ირაკლი კეიდიას ნამუშევრის მიხედვით შეიქმნა და “ის უბრალოდ ინდიელი ბელადია, რომელსაც, რა თქმა უნდა, არანაირი კავშირი არ აქვს სატანიზმთან და არც უარყოფითი დატვირთვა აქვს”.

“მისი მშენებლობა 3-4 წლის წინ დაიწყო. ის ყოველ წელს იცვლიდა სახეს და ვითარდებოდა”, — დასძენს ქეთა დონაძე.

EYESTAGE-ის თანადამფუძნებლის სიტყვებით, სინანული მოჰგვარა კადრებმა, რომლებშიც ჩანდა, როგორ ანადგურებდნენ ადამიანები წლობით ნაგებ დეკორაციას.

“დასანანია, როცა ხედავ, როგორ ნადგურდება შენთვის ძვირფასი რამ, რაზეც საკმაოდ ბევრმა ადამიანმა იშრომა და დიდი სიყვარული ჩადო მის შექმნაში.

ასევე, დასანანია, რომ დღეს, როცა მსოფლიო საკმაოდ სწრაფი ნაბიჯებით ვითარდება და მიიწევს წინ, ჩვენ უკუსვლით მივექანებით ბნელ უფსკრულში და ხელის ჩასაჭიდი არსად ჩანს.

კადრების ყურების დროს მძაფრად ჩანს დღევანდელი საქართველოს რეალობა და ეს, რა თქმა უნდა, წარმოუდგენლად სამწუხაროა”, — გვითხრა მან.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ დეზინფორმაციულ პოსტებთან დაკავშირებით დონაძე ასევე დასძენს:

“მინდა განვმარტო, რომ ფესტივალის ტერიტორიაზე უკანონოდ შეიჭრა ჰომოფობიური დაჯგუფება. მათ მიერ იყო განადგურებული ფესტივალის საკუთრებაში არსებული ინფრასტრუქტურა, გატეხეს საწყობები და უკითხავად აიღეს ფესტივალის საკუთრებაში არსებული ხელსაწყოები, სარეკლამო აბრები და ის ნივთები, რაც დასაწყობებული იყო შემდეგი საფესტივალო წლისთვის. ასევე განადგურებულია „Zion Garden” – ის ინსტალაციაც.

ვფიქრობ, რომ “სატანიზმს” უფრო დიდი კავშირი აქვს ამ ქმედებებთან, ვიდრე სიყვარულს, რომელიც არ ითვალისწინებს სქესს, რელიგიას და კანის ფერს. იმედი მაქვს და ვხედავ გაბრწყინებულ საქართველოს, სიძულვილის და ვანდალიზმის გარეშე”.

3D გამოსახულებები ქანდაკებაზე, Open Air-ის მიმდინარეობისას. ფოტო მოგვაწოდა ქეთა დონაძემ 

რა მოხდა 8 ივლისს

8 ივლისს დაგეგმილი პრაიდის ფესტივალი, რომელიც დახურულ სივრცეში, თბილისთან ახლოს, “ლისი ვანდერლენდის” ტერიტორიაზე უნდა გამართულიყო, ჩაიშალა. მიუხედავად იმისა, რომ ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სპეცრაზმი, მოძალადე ჯგუფებს, რომლებიც ვაჟა-ფშაველას ძეგლთან შეიკრიბნენ, ფესტივალის მიმდებარე ტერიტორიამდე მისვლის შესაძლებლობა მისცეს. ამის გამო ფესტივალის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს ევაკუაცია დასჭირდათ. მათ ტერიტორია მიკროავტობუსებით დაატოვებინეს.

პრაიდის ფესტივალის ტერიტორიაზე შეჭრისა და ინვენტარის განადგურების შემდეგ ძალადობრივმა ჯგუფებმა ღონისძიებისთვის გამზადებული ალკოჰოლური და გამაგრილებელი სასმელები მოიპარეს და დალიეს, შემდეგ კი ილოცეს. იქვე იყო პოლიცია, რომელსაც სათანადო რეაგირება არ ჰქონია.

პრაიდის ფესტივალის  ორგანიზატორები, რომლებიც  ტერიტორიიდან  საევაკუაციო მიკროავტობუსებით გაიყვანეს, მიიჩნევენ, რომ თავდასხმა ლგბტქ+ აქტივისტებზე იყო შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პრო-რუსული “ალტ-ინფოს” ერთობლივი ოპერაცია.

როგორც ორგანიზატორებმა მანამდე თქვეს, დახურული ღონისძიების მიზეზი ის იყო, რომ 2021 წლის 5 ივლისს, როცა “თბილისი პრაიდი” მარშს გეგმავდა, პოლიციამ ვერ უზრუნველყო აქტივისტების და ჟურნალისტების უსაფრთხოება, რის შედეგადაც მოძალადეები მედიის ათეულობით წარმომადგენელს დაესხნენ თავს. ძალადობრივი შეკრების ერთ-ერთი ორგანიზატორი მაშინაც “ალტ-ინფო” იყო.

წელს ორგანიზატორები აღნიშნავდნენ, რომ შსს-სგან დახურული ღონისძიების დაცვის გარანტიები ჰქონდათ.

ამავე თემაზე:

რომელი მუხლებით (არ) იძიებენ 8 ივლისს ჩადენილ დანაშაულებს

მასალების გადაბეჭდვის წესი