საზოგადოება

სააკაშვილი ციხიდან „ფორმულასა“ და მის დამფუძნებლებს სოლიდარობას უცხადებს

10 ივლისი, 2023 • 1090
სააკაშვილი ციხიდან „ფორმულასა“ და მის დამფუძნებლებს სოლიდარობას უცხადებს

პატიმრობაში მყოფმა მიხეილ სააკაშვილმა ციხიდან წერილი გაავრცელა, რომლითაც სოლიდარობას უცხადებს ტელეკომპანია „ფორმულასა“ და მის დამფუძნებლებს.

ეს არის პირველი განცხადება ბოლო თვეებში, რომლითაც მიხეილ სააკაშვილმა ენმ-ში დაპირისპირებულ მხარეთაგან ერთ-ერთს — დავით კეზერაშვილს გამოუცხადა მხარდაჭერა.

„ფორმულას“ დამფუძნებელი და ძირითადი მეწილე სწორედ კეზერაშვილია.

„არ შემიძლია არ გამოვხატო სოლიდარობა „ფორმულას“ კოლექტივისა და მისი დამფუძნებლების მიმართ. ამ „სასამართლო“ პროცესში რუსულმა რეჟიმმა უხვად გაამჟღავნა სახელმწიფო საიდუმლოებები, რომელიც ეხებოდა სამხედრო სფეროში ჩვენს საერთაშორისო თანამშრომლობას. სხვას რას უნდა ველოდოთ ღია აგენტებისგან? უმაგრესია მშვილდაძე და ყველა, ვინც გვერდზე დგას“, — წერს მიხეილ სააკაშვილი.

„ფორმულას“ ერთ-ერთ დამფუძნებელსა და წამყვანს, მიშა მშვილდაძეს, 27 ივნისს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. როგორც ტელეკომპანიამ განაცხადა, ჟურნალისტური გამოძიებით დაადგინეს, რომ თავდასხმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაგეგმა.

რაც შეეხება სასამართლო საქმეს, რომელსაც სააკაშვილი ახსენებს, ეხება კეზერაშვილის თავდაცვის მინისტრობის დროინდელ ეპიზოდს. საქართველოს პროკურატურის ვერსიით, კეზერაშვილმა და თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა, ალექსანდრე ნინუამ, ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანია GIRWOOD BUSINESS CORP-ის სასარგებლოდ გარკვეული მომსახურების გაწევის მიზნით დიდი ოდენობით თანხა გადარიცხეს, თუმცა სამინისტროს ეს მომსახურება (წვრთნები) არ მიუღია. ამ პოზიციას დაცვის მხარე არ ეთანხმება. მათი თქმით, წვრთნები ნამდვილად ჩატარდა, რასაც არაერთი ჩვენება და ვიდეომასალა ადასტურებს.

საბოლოოდ, პირველი ორი ინსტანციის გამამართლებელი განაჩენების შემდეგ, კეზერაშვილი და ნინუა უზენაესმა სასამართლომ 2021 წელს გაამტყუნა და კეზერაშვილს დაუსწრებლად 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ამის შემდეგ თავდაცვის სამინისტრომ კეზერაშვილის წინააღმდეგ წამოიწყო სამოქალაქო დავა ზარალის, 5 მილიონამდე ევროს ანაზღაურების მოთხოვნით.

მასალების გადაბეჭდვის წესი