გიორგი მშვენიერაძე, რომელიც სასამართლოში დავით კეზერაშვილის ინტერესებს იცავს, აცხადებს, რომ მის მარწუმენებელს, გარდა ტელეკომპანია “ფორმულას” წილისა, საქართველოში არავითარი ბიზნესაქტივი არ გააჩნია.
შესაბამისად, მშვენიერაძის განმარტებით, ტელეკომპანია ფორმულას წილი არის ერთადერთი ქონება, რომელიც სახელმწიფოს შეუძლია კეზერაშვილისგან წაიღოს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შემთხვევაში.
“თემიდა თვალახვეულის ნაცვლად ყურდახშობილი აღმოჩნდა ჩვენი მოთხოვნისადმი, რაც ეხებოდა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების გაუქმებას, რაც სასამართლომ არ გაითვალისწინა. მთელი ეს სამართლაწარმოება დაწყებულია იმ მიზნით, რომ პრობლემები შეექმნას ტელეკომპანია ფორმულას, რადგან სხვა არანაირი ქონება, რომლის მიქცევაც შესაძლებელია ამ გადაწყვეტილების აღასასრულებლად, მას არ გააჩნია [საქართველოში], გარდა ტელეკომპანია ფორმულას მმართველი წილისა. შესაბამისად, მთელი ეს სამართლებრივი დავა დაწყებულია ამ მმართველი წილის წასართმევად. რათა ფორმულას სარედაქციო პოლიტიკაზე მოახდინონ გავლენა”, – განაცხადა მშვენიერაძემ.
თავდაცვის ყოფილი მინისტრისა და ტელეკომპანია “ფორმულას” დამფუძნებლის, დავით კეზერაშვილის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი, რომლის მიხედვითაც ამ უკანასკნელმა თავდაცვის სამინისტროს 5 060 000 ევრო უნდა გადაუხადოს, სააპელაციო სასამართლომაც ძალაში დატოვა.
სააპელაციო სასამართლოში ამ საქმეზე გადაწყვეტილება დღეს გამოცხადდა. მოსამართლეების: ოთარ სიჭინავას, ლაშა თავართქილაძისა და გოჩა ჯეირანაშვილის გადაწყვეტილებით, კეზერაშვილმა 5 060 000 ევრო უნდა გადაიხადოს.
სააპელაციო სასამართლომ, საქალაქო სასამართლოსაგან განსხვავებით, სრულად გაამართლა თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ალექსანდრე ნინუა. შესაბამისად, მას თანხის გადახდა არ მოუწევს.
დავით კეზერაშვილსა და თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროს ალექსანდრე ნინუას „ქართული ოცნების“ მმართველობისას საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ბრალი წაუყენა. სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სახელმწიფოს დიდი ოდენობით ფულადი თანხების მითვისება/გაფლანგვისთვის.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საქმე ეხებოდა ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანია GIRWOOD BUSINESS CORP-ის სასარგებლოდ გარკვეული მომსახურების გაწევის მიზნით დიდი ოდენობით თანხის გადარიცხვას, თუმცა სამინისტროს ეს მომსახურება (წვრთნები) არ მიუღია. ამ პოზიციას დაცვის მხარე არ ეთანხმება. მათი თქმით, წვრთნები ნამდვილად ჩატარდა, რასაც არაერთი ჩვენება და ვიდეომასალა ადასტურებს.
კეზერაშვილი და ნინუა პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოებმა გაამართლეს. თუმცა, საბოლოოდ, უზენაესმა სასამართლომ გაამტყუნა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 7 სექტემბრის გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე დავით კეზერაშვილი და ალექსანდრე ნინუა დამნაშავედ ცნეს. დავით კეზერაშვილის 5 წლით პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯეს.
თავდაცვის სამინისტროს თქმით, ამავე განაჩენით დადგინდა, რომ აღნიშნული პირების ბრალეული ქმედებით თავდაცვის სამინისტროს მიადგა 5 060 000 ევროს ოდენობით მატერიალური ზიანი.
უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ აღნიშნული პირების მიმართ სამოქალაქო სარჩელი წარადგინა თბილისის საქალაქო სასამართლოში სამინისტროზე მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.
ალექსანდრე ნინუას ადვოკატის, ოთო კახიძის განმარტებით, მის მარწმუნებელს ბრალი მხოლოდ სამსახურებრივ გულგრილობაში ედებოდა, შესაბამისად, არალოგიკური იყო მისთვის სასამართლოს მიერ დადგენილი ზიანის ანაზღაურების დაკისრება. თუმცა, კახიძის განმარტებით, მათი პოზიციაა, რომ წვრთნები, რომლის თითქოსდა ჩაუტარებლობის გამო კეზერაშილსა და ნინუას ჯერ სისხლის სამართლის კოდექსით ბრალი წარუდგინეს, ხოლო შემდეგ სამოქალაქო წესით უჩივლეს, რეალურად ნამდვილად ჩატარებულია.
დავით კეზერაშვილი ამჟამად საქართველოში ფლობს ტელეკომპანია „ფორმულას“ წილის 51%-ს.
კეზერაშვილი სააპელაციო სასამართლოს განაჩენს უზენაესში გაასაჩივრებს.