საზოგადოება

ნიკა გვარამიას სარჩელი უზენაესმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო – ადვოკატი

19 ივნისი, 2023 • 1996
ნიკა გვარამიას სარჩელი უზენაესმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო – ადვოკატი

„მთავარი არხის“ დამფუძნებლისა და გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას სარჩელი უზენაესმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო. ამის შესახებ ინფორმაცია ნეტგაზეთს ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ დაუდასტურა.

რაც შეეხება უზენაეს სასამართლოს, ნეტგაზეთს უზენაესში განუცხადეს, რომ ნიკა გვარამიას სარჩელზე პასუხი ცნობილი არ არის და გადაწყვეტილება კანონით დადგენილ ვადაში გვეცნობება.


ნიკა გვარამიას თბილისის საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა 2022 წლის 16 მაისს შეუფარდა. პროკურატურა გვარამიას ედავებოდა, „რუსთავი 2-ის“ დირექტორობის დროს, სამაუწყებლო კომპანიის „კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობით გამოყენებას“.

მის დაპატიმრებას კრიტიკა მოჰყვა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. მათ შორის, გვარამიას პატიმრობას არაერთხელ გამოეხმაურნენ ევროპარლამენტარები.

ევროპარლამენტარ მაიკლ გალერის თქმით, ქვეყნისთვის, რომელიც მიისწრაფვის ევროკავშირისკენ, არ არის ბუნებრივი ჟურნალისტების ციხეში ჩასმა ისეთი ბრალდებებით, რომლებიც „აშკარად შეთითხნილია“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე, გვარამიას საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ, შეერთებული შტატების საელჩომ აშშ-ში დაგეგმილი პროგრამიდან მოხსნა.

2 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლომ „მთავარი არხის“ დამფუძნებელი, ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი