საზოგადოება

ჭიათურაში პროტესტის მონაწილე ერთ-ერთმა მაღაროელმა პირი ამოიკერა

16 ივნისი, 2023 •
ჭიათურაში პროტესტის მონაწილე ერთ-ერთმა მაღაროელმა პირი ამოიკერა

ჭიათურაში მიმდინარე პროტესტის მონაწილე ერთ-ერთმა მაღაროელმა პირი ამოიკერა. ინფორმაციას ამის შესახებ მაღაროელები მათ მიერვე შექმნილ ფეისბუკ გვერდზე ავრცელებენ.

როგორც „ნეტგაზეთთან“ საუბრისას აქციის ერთ-ერთი მონაწილე ამბობს, დამსაქმებელი კომპანიის მხრიდან არ იდგმება ისეთი ნაბიჯები, რომლებიც მაღაროელებისთვის არსებით ცვლილებას განაპირობებდა:

„კომპანიის გუშინდელი განცხადებიდან გამომდინარე და ერთი ადგილის ტკეპნის გამო, რადგან არაფერი სიახლე არ ხდება, ერთი ადამიანისგან იყო მზაობა, რომ პირს ამოვიკერავ ბოლოს და ბოლოსო“, — აცხადებს ჩვენთან საუბრისას „ჯორჯიან მანგანეზში“ დასაქმებული ერთ-ერთი მაღაროელი.

გუშინ, 15 ივნისს კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა“ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ე.წ. ვახტური რეჟიმით მომუშავე თანამშრომლებთან ხელფასის მატებისა და ძველ სამუშაო გრაფიკზე დაბრუნების გარდა, მათ ყველა მოთხოვნაზე შეჯერება მოხდა.

ჭიათურაში „ჯორჯიან მანქანეზის“ მაღაროებში დასაქმებულები უკვე მეათე დღეა საპროტესტო რეჟიმში არიან და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. ამასთან, მაღაროელების ნაწილმა პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყო.

წაიკითხეთ „ნეტგაზეთის“ რეპორტაჟი ჭიათურიდან:

მასალების გადაბეჭდვის წესი