საზოგადოება

ნინო ჟიჟილაშვილმა ”მაესტრო” დატოვა

13 ივლისი, 2010 • 1277
ნინო ჟიჟილაშვილმა ”მაესტრო” დატოვა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, გიგა ბოკერიასთან ინტერვიუს ჩანაწერი ”მაესტროს” ეთერში არ გავიდა, რის გამოც გადაცემა ”პოლიტმეტრის” წამყვანმა ნინო ჟიჟილაშვილმა ტელეკომპანია დატოვა.  არხის გენერალური დირექტორი  აცხადებს, რომ ფორმატის შეცვლა წამყვანმა არხის ხელმძღვანელობას არ შეუთანხმა, რაც კახა ბექაურის აზრით, ჟურნალისტური სტანდარტის დარღვევაა.

საუბარია გადაცემაზე „პოლიტმეტრი“, რომელიც განახლებული ”მაესტროს” პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.
“პოლიტმეტრის” 10 ივნისის გადაცემაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გიგა ბოკერიას ინტერვიუს ჩანაწერი უნდა გასულიყო, რადგან ჟიჟილაშვილის თქმით, გიგა ბოკერიას არ ეცალა და გადაცემაში მოსვლას ვერ შეძლებდა, „მე ჩავთვალე, რომ გადაცემის ფორმატში მცირე ცვლილება უნდა მომხდარიყო. როგორც გადაცემის ავტორს, არ მომეცა საშუალება, გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიმეღო“, –ამბობს ჟიჟილაშვილი ნეტგაზეთთან საუბარში.

ჟიჟილაშვილი ამბობს, რომ არხის ხელმძღვანელის ერთადერთი მოთხოვნა იყო, რომ რესპონდენტი გადაცემაში მოსულიყო.  „ეს იყო შეუძლებელი. ამიტომაც 4 საათზე  შევათანხმეთ გიგა  ბოკერიასთან ინტერვიუ“, –ამბობს ჟიჟილაშვილი.

საბოლოოდ, ჟიჟალაშვილს გიგა ბოკერიასთან ინტერვიუ არ ჩაუწერია, რადგან ბექაურმა განუცხადა, რომ ასეთი ფორმატით გადაცემას ეთერში არ გაუშვებდნენ.

”მე მსურს “მაესტრო” გაიხსნას ყველასათვის და არ დაადგეს მარგინალიზაციის გზას. მე სწორედ იმას ვცდილობდი, რომ გამეხსნა ეთერი ისეთი ადამიანებისთვის, რომლებიც არასოდეს ყოფილან ”მაესტროს” ეთერში” – ამბობს ჟიჟილაშვილი.
ჟურნალისტს საპროდიუსინგო ჯგუფის წარმატებად მიაჩნია ის,  რომ ჰილარი კლინტონის ვიზიტის დროს, მნიშვნელოვანი ფიგურა- გიგა ბოკერია დაითანხმეს ინტერვიუზე, რადგან პრესკონფერენეციებზე ბოკერიას მიერ გაკეთებული განცხადებების მიუხედავად, მათ დამატებითი  კითხვები ჰქონდათ.

ჟიჟილაშვილს არა აქვს პასუხი კითხვაზე, არხის ხელმძღვანელობის მოთხოვნა, რომ გადაცემის ფორმატი არ დარღვეულიყო, ბოკერიას გამო მოხდა თუ არა. იგი ამბობს, რომ არ იცის.

თუმცა მეორე ინტერვიუ– აშშ-ს ელჩთან ჯონ ბასთან– რომელიც ჟიჟილაშვილმა  ჩაწერა და ასევე აპირებდა,  რომ 10 ივლისის ”პოლიტმეტრის” ეთერში გაეშვა, ”მაესტრომ” მას შემდეგ გადასცა, რაც ჟურნალისტმა არხი დატოვა.

ტელეკომპანია ”მაესტროს” გენერალური დირექტორი კახა ბექაური  ამბობს, რომ გადაცემა ”პოლიტმეტრის” წამყვანმა ნინო ჟიჟილაშვილმა პროფესიული სტანდარტი დაარღვია, რადგანაც  საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, გიგა ბოკერიასთან გადაცემამდე ინტერვიუს ჩაწერის შესახებ ინფორმაცია რესპონდენტთან  შეთანხმების შემდეგ გაიგო.

 ბექაურს მიაჩნია, რომ „ამით მან( ჟიჟილაშვილმა) ჟურნალისტური ეთიკა და სტანდარტი დაარღვია. მე მხოლოდ მას შემდეგ გავიგე, როდესაც იგი სტუმართან უკვე შეთანხმებული იყო“.  
 „აღმოჩნდა, რომ მე და არხის დირექტორს, კახა ბექაურს გვაქვს სრულიად სხვადასხვა წარმოდგენა იმასთან დაკავშირებით, თუ რა უფლებები აქვს ავტორს თავისი გადაცემის შიგნით და რა უფლებები აქვს დირექტორს“, –ამბობს “მაესტროდან” წასული ნინო ჟიჟილაშვილი. ჟურნალისტი ამ ფაქტს აფასებს, როგორც სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევას.

ჟიჟილაშვილი აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც ამ თემაზე პირველი კომენტარი გაზეთ ”ალიას” მისცა, მას ტელეკომპანიის ხელმძღვანელობა არ დაკავშირებია.

მასალების გადაბეჭდვის წესი