საზოგადოება

ადამიანებს, რომლებიც მშენებლობას აპროტესტებდნენ, ინვესტორის მოთხოვნით სახლები დაუყადაღეს

7 ივნისი, 2023 • 4257
ადამიანებს, რომლებიც მშენებლობას აპროტესტებდნენ, ინვესტორის მოთხოვნით სახლები დაუყადაღეს

უკვე წლებია, თბილისში, ცინცაძის 58-ში მცხოვრები მოსახლეობა ითხოვს, რომ მათ წინ 20 სართულზე მაღალი მულტიფუნქციური კომპლექსი არ აშენდეს. ინვესტორმა სასამართლოში პირიქით იჩივლა მიუღებელი მოგების ანაზღაურების მიზნით და რამდენიმე ადამიანს ქონება დაუყადაღეს.

ამ ტერიტორიის გასხვისების შემდეგ, კომპანია „აიკონია კაპიტალს“ 75.9 მეტრი სიმაღლის შენობაზე თბილისის მერიამ ნებართვა ჯერ კიდევ 2017 წელს, დავით ნარმანიას მერობის დროს გასცა. პროექტის თანახმად, რომელიც არქიტექტურის სამსახურის ოფიციალურ საიტზე რამდენიმე წლის წინ აიტვირთა, კორპუსი დაახლოებით ასეთი უნდა იყოს:

tas.ge-ზე 2017 წელს ატვირთული ფოტომონტაჟი.

ამ პროექტის თანახმად, ახალი მულტიფუნქციური კომპლექსი სამეზობლოს ეზოში უნდა აშენდეს. არადა, მეზობლების თქმით, როდესაც ბინები იყიდეს, არსებობდა სხვა პროექტი, რომელიც ეზოს — სარეკრეაციო სივრცეს ითვალისწინებდა. მეზობლები აცხადებენ, რომ ტერიტორიის გასხვისებისა და გაყიდვის შემდეგ ეს მიწა კორპუსს, უბრალოდ, წაართვეს. ახალი მშენებლობა კი მათ არა მხოლოდ მზის სინათლეს შეუზღუდავს, არამედ ჩაკეტავს შესასვლელს ავტოფარეხთან.

ამის კონტრარგუმენტად კომპანიას უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება მოჰყავს. სასამართლომ ჯერ კიდევ 2019 წელს, 2-წლიანი დავის შემდეგ, კომპანიის პოზიცია გაიზიარა და მშენებლობის ნებართვა ძალაში დატოვა. აქედან 4 წლის შემდეგ კომპანიამ მშენებლობა განაახლა და 4 მეზობლის წინააღმდეგ ქონებრივი დავა წამოიწყო – „აიკონია კაპიტალი“ აცხადებს, რომ პროტესტის გამო მათ რამდენიმე მილიონი დაკარგეს. სანამ დავა არ დასრულდება, 4 მობინადრეს ქონება დაყადაღებული აქვს.

რას ჰყვებიან მეზობლები?

ყოველდღე მეზობლები პროტესტის ნიშნად ეზოში იკრიბებიან.

ერთ-ერთი ასეთი საპროტესტო აქცია სამეზობლომ 5 ივნისს გამართა. ადგილთან, სადაც მეზობლები შეიკრიბნენ, მობილიზებული იყო პოლიცია, შორიახლოს იდგნენ შავმაისურებიანი კაცები. მათ ნაწილს ეცვა ჟილეტი, წარწერით „უსაფრთხოების სამსახური“. მეზობლები იხსენებენ, რომ დილით ამ ადამიანებმა ტერიტორიაზე სამშენებლო მასალის შეტანა სცადეს, თუმცა პროტესტის ფონზე ეს არ გამოუვიდათ.

„შავმაისურებიანების“ გამოჩენის შემდეგ მეზობლების საპროტესტო აქციამ კორპუსის შესასვლელთან გადაინაცვლა. იქ მობილიზებული იყო პოლიცია, მოშორებით კი დაცვის თანამშრომლები ჩანდნენ. მოგვიანებით, ნეტგაზეთთან საუბარში კომპანიის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ ისინი კერძო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები იყვნენ.

უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები მშენებლობასთან. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

ამ აქციაზე შევხვდით ხათუნა ნანუაშვილს, რომელიც ოჯახთან ერთად კორპუსში ცხოვრობს. თუ ახალი პროექტი კომპანიამ საბოლოოდ მაინც ააშენა, მის ბინაში მზე, ფაქტობრივად, ვეღარ შევა. ქალი ასევე შიშობს, რომ ახალი კორპუსი სრულიად ჩახერგავს ავტოფარეხამდე შესასვლელს.

კორპუსი და ტერიტორია იპოდრომთან, სადაც მშენებლობა იგეგმება.

„9 წელია ვიბრძვით ჩვენი ეზოს დასაბრუნებლად. რომ აგიხსნათ, თავიდან ჩვენი კორპუსი მოიცავდა ერთიან კომპლექსს, კერძოდ, აქ უნდა მოწყობილიყო სპორტული დარბაზი, საცურაო აუზი, ეზო – სარეკრეაციო ზონა.

საქმე ის არის, რომ ჩვენი კორპუსის თავდაპირველი მშენებელი გარდაიცვალა, შესაბამისად, ეს გამოიყენა მიწის მფლობელმა და როდესაც მიწა კანონიერად უნდა გადაეცა [მცხოვრებლებისთვის], კორპუსის აშენების შემდეგ დაარღვია ხელშეკრულების პირობა, აღარ გადასცა და გაასხვისა მიწა. ახლა კი უნდათ, ჩვენს ეზოში, ადგილზე, სადაც უნდა ყოფილიყო სარეკრეაციო ზონა, ააშენონ 23-სართულიანი კორპუსი. ყველაფერთან ერთად, აქ შემოღობილია მილები, რომლითაც საბურთალოს მოსახლეობას გოგირდის წყალი მიეწოდება, ისინიც ახალი კომპლექსის ნაწილი უნდა გახდეს“,- გვიყვება ქალი.

ხათუნა გვიხსნის, რომ 2017 წელს დაიწყო სასამართლო დავა, რადგან თავად პროექტი არაერთი ხარვეზით იყო დამტკიცებული. მისივე თქმით, პირველი სასამართლო სამეზობლომ მოიგო და მოსამართლემ მერიას დაავალა მშენებლობის ნებართვის გაუქმება, თუმცა თვე-ნახევარში – „ვადების დარღვევით გასცეს ახალი ნებართვა. ეჭვი გვაქვს, რომ სასამართლოს ეს გადაწყვეტილება, როგორც იტყვიან, მოსყიდულია.“

„ექსპლუატაციაში არ არის დღემდე ეს შენობები მიღებული, საქმე ის არის, რომ ეს მიწა მშენებლობის დასრულების შემდეგ უნდა გადასცემოდა ამ კორპუსს, რათა ნაკვეთი K კოეფიციენტისთვის საკმარისი ყოფილიყო [შენიშვნა: სიმაღლის მარეგულირებელი სტანდარტი]. რადგან მიწა აღარ დაგვიბრუნეს, კოეფიციენტიც ვეღარ დაკმაყოფილდა და ვეღარ ვაბარებთ კორპუსს.

დღეს დილიდან, გაუფრთხილებლად დაგვადგნენ დაცვის სამსახურის დაქირავებული მუშები, მათ სცადეს ტერიტორიაზე სამშენებლო მასალის შეტანა, თუმცა ამის უფლება არ მივეცით. აქვე დავრჩებით“, – ამბობს ის.

ხათუნა ნანუაშვილი. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

2017 წლის სასამართლო დავა 2019 წელს დამთავრდა – საქმე კომპანიის სასარგებლოდ გადაწყდა. ამ პერიოდიდან „აიკონია კაპიტალს“ მშენებლობის დაწყების უფლება აქვს, თუმცა 2023 წლის ივნისამდე  ეს არ უქნია. მოსახლეობა ეჭვობს, რომ კომპანიამ სცადა პროექტის გაყიდვა, თუმცა ვერ შეძლო.

პარალელურად, კომპანიამ თავად შეიტანა ქონებრივი სარჩელი და შედეგად, 4 ოჯახს ქონება დაუყადაღდა. ეს ის 4 ადამიანია, ვის სახელზეც თავდაპირველი სარჩელი შევიდა სასამართლოში 2017 წელს. როგორც წესი, ყადაღა სასამართლო პროცესის დასრულებამდე არ იხსნება.

მერაბ კახიანი ერთ-ერთია, ვისი ქონებაც ამჟამად, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაყადაღებულია. ნეტგაზეთთან საუბარში ის ამბობს, რომ მართალია, სარჩელი ტექნიკურად 4-მა ადამიანმა შეიტანა, მას მთელი სამეზობლო ანუ 300-მდე ადამიანი უჭერდა მხარს.

კაცი გვიყვება, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ხშირი იყო, როდესაც კომპანიის წარმომადგენლები ცრუ ინფორმაციას ავრცელებდნენ მეზობლებზე. შესაძლოა, ახალ სარჩელსაც,სწორედ ეს მიზანი ჰქონდეს – სამეზობლოს გაჩუმების.

„სანამ სარჩელს შევიტანდით 2017 წელს, ჩვენთან კონტაქტზე არავინ გამოსულა. არავინ გვითხრა, რომ მიწა გასხვისდა, რომ შეიცვალა პროექტი და აღარ იქნებოდა ის გენერალური გეგმა, რომლის საფუძველზეც და რა დაპირებაზეც ჩვენ აქ ბინები ვიყიდეთ.

სასამართლოები 2017 წლიდან 2019 წლამდე მიმდინარეობდა, ამ პერიოდში მშენებელს შეჩერებული ჰქონდა მშენებლობის ნებართვა. ამის შემდეგ გავიდა 4 წელი. მას შეეძლო მშენებლობა დაეწყო, თუმცა გაურკვეველი მიზეზით ეს არ ქნა. სავარაუდოდ, ცდილობდა პროექტის გაყიდვას, მაგრამ არ გამოვიდა, რადგან არცერთი დეველოპერი მოსახლეობის პროტესტის ფონზე ასეთ პროექტს არ იყიდის.

ახლა კი „გამოსავალი“ ნახა ის, რომ 4 ადამიანი, ვინც ვუჩიოდით, მათ სახელზე შეიტანა ხელახალი სარჩელი. გამოიყვანა ისე, თითქოს მხოლოდ 4 ადამიანი ეწინააღმდეგებოდა, რეალურად კი საუბარია 250-ზე მეტ ადამიანზე, უბრალოდ სარჩელში ამდენი ვერ ჩაიწერებოდა ფიზიკურად… კომპანიამ გამოიყვანა ისე, თითქოს 4 ადამიანის ინტერესი იყო მისი დაზარალება. მოიტანა მისივე ექსპერტის დასკვნა, რომლის თანახმადაც, ვითომ 22-მილიონიანი ზარალი ნახა. ეს არის აბსურდული ბრალდება და ჩვენ ამას არ შევეგუებით“, – ამბობს მერაბ კახიანი.

სამეზობლო საპროტესტო აქციებს განაგრძობს. ისინი ითხოვენ თბილისის მერთან შეხვედრასაც.

კომპანიის პასუხი

კორპუსთან რამდენიმე დღის წინ მისული იყო „აიკონია კაპიტალის“ მფლობელი და დირექტორი – სეტ ედვარდ ბლაი ჩარი. მასთან ერთად, კომპანიის მრჩეველი გიორგი ლაბაძე.

ფორმულასთან“ საუბარში ლაბაძემ დაადასტურა, რომ მერიასთან მიმდინარეობდა მოლაპარაკებები ადგილმონაცვლეობაზე, თუმცა უწყების მიერ შემოთავაზებული ტერიტორია „არ წარმოადგენს რელევანტურს“. შემდგომ მასთან ინტერვიუ ნეტგაზეთმაც ჩაწერა.

ჩვენთან ინტერვიუში ლაბაძე ამბობს, რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, არ არსებობს არცერთი დოკუმენტი ან საქმე, რომელიც მშენებლობის ნებართვის გაუქმების საშუალებას იძლევა. კითხვაზე, რატომ არ დაიწყო მშენებლობა კომპანიამ 2019 წელსვე და რატომ დაელოდა 2023 წელს, გიორგი ლაბაძე ამბობს, რომ ამის მიზეზი უწყვეტი პროტესტი იყო.

ლაბაძე ასევე უარყოფს ცნობას, თითქოს 2017 წელს საქალაქო სასამართლოში საქმე მოსახლეობამ მოიგო. ის ამბობს, რომ მშენებლობის ნებართვა მაშინ მხოლოდ გარკვეული ვადით შეჩერდა, რადგან სასამართლოში ადმინისტრაციული დავა მიმდინარეობდა – „ასეთ დროს, დროებით ძალას კარგავს ნებართვა მანამ, სანამ სასამართლო არ გადაწყვეტს მის კანონიერებას. სასამართლომ მხარი დაუჭირა [დოკუმენტის] კანონიერებას, შემდეგ კი ეს გადაწყვეტილება გასაჩივრდა სააპელაციოში. რაც შეეხება უზენაესს, მან წარმოებაში საქმე არ მიიღო.“

„რაც შეეხება ახალ დავას, ე.წ. დაყადაღების საქმეს – იქიდან გამომდინარე, რომ ადგილი ჰქონდა მოსახლეობის მხრიდან ხელის შეშლას ინტენსიურად და კონკრეტული პირები იყვნენ, რომლებიც აორგანიზებდნენ ამ ყველაფერს… ამ კონკრეტული პირების მიმართ სასამართლოში შევიდა საჩივარი, რისი საფუძველიც იყო ის, რომ რომ არა მათი ხელშეშლა, კომპანია უკვე დაიწყებდა მშენებლობას და მიიღებდა მოგებას, რაც ჰქონდა განსაზღვრული, და არ დაკარგავდა იმ მოგებას, რაც წლების განმავლობაში დაკარგა.

სასამართლომ 2-ჯერ არ მიიღო წარმოებაში მსგავსი დავა – ასე რომ ვთქვათ, დაყადაღების დავა, მაგრამ მესამედ მიიღო. ამ პერიოდში სამეზობლომ მოახერხა, დავის მიმდინარე ფაზაში რომ გადაეფორმებინა თავიანთი საკუთრება სხვებზე, რათა დაყადაღებას ადგილი არ ჰქონოდა, მაგრამ სასამართლოს სტანდარტიდან გამომდინარე მოხდა იმ გადაფორმებული ქონების ასევე დაყადაღება.

ამდენად, ეს დავები არის დღეის მდგომარეობით სასამართლოში. მილიონზე მეტი ქონებაა დაყადაღებული რამდენიმე მეზობლის, მაგრამ არც აღნიშნული დავა და არც სხვა დავა, რომელიც შეიძლება წარმოებული იქნას სამომავლოდ სამეზობლოს მხრიდან, როგორც ასეთი, ნებართვას ვერ დააყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ, რადგან არსებობს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება“, — ამბობს ლაბაძე.

კითხვაზე, იყო თუ არა ეს შურისძიება მეზობლებზე, მან გვიხრა, „არ ვიცი, რა შთაბეჭდილებას ან განწყობას შეიძლება ეს ტოვებდეს, მაგრამ ფაქტი ერთია: წინააღმდეგობის გამო ვერ ხერხდება მშენებლობის დაწყება. ინვესტორისთვის კი ეს დიდ ფინანსურ დანაკარგებთანაა დაკავშირებული, იქნება ეს სხვადასხვა გადასახადი თუ მშენებლობიდან ვერ მიღებული შემოსავალი,“.

ინტერვიუს ბოლოს ლაბაძეს „შავმაისურებიანი“ უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებზე ვკითხეთ. მან გვიპასუხა, რომ თავად ინვესტორს აქვს ფიზიკური საფრთხის შეგრძნება ტერიტორიაზე გადაადგილებისას. მისი განმარტებით, ამის ერთ-ერთი მიზეზი ვიდეოა, რომელიც 2018 წლით თარიღდება და რომელშიც ერთ-ერთი მოსახლე ამბობს, ამ პროექტის გამო სისხლი დაიღვრებაო.

„პოლიციაც არის ხოლმე მობილიზებული და დაცვის სამსახურიც არის მობილიზებული, მაგრამ გეტყვით, რომ „აიკონია კაპიტალს“ თავისი დაცვის სამსახური არ ჰყავს ფიზიკურად ამ ეტაპზე“, – გვითხრა მან. ჩვენს კითხვაზე, ეს დაცვის სამსახური კერძოა თუ სახელმწიფო, ლაბაძემ დამატებით განმარტა: „ეს დაცვის სამსახური, რომელიც პოლიციის მიღმაა, წარმოადგენს კერძოს დაცვის სამსახურს“.

მერიის პასუხი

მერიამ ამ დილემის შესახებ უკვე წლებია, რაც იცის. მაგალითად, 2021 წელს ვიცე-მერი, ირაკლი ხმალაძე ამ მშენებლობაზე ამბობდა:

„უზენაეს სასამართლოს აქვს უკვე გადაწყვეტილება მიღებული და ნებართვა ძალაშია დატოვებული, შესაბამისად, სამართლებრივი მექანიზმი და ინსტრუმენტი არაფერი არ აქვს დარჩენილი მერიას, რომ წინ აღუდგეს ამ მშენებლობას.“

ხმალაძე მაშინაც ამბობდა, რომ შეხვდა მოსახლეობას და კომპანიასთან ადგილმონაცვლეობაზე დაილაპარაკებს.

ბოლო დღეებში პროტესტს გამოეხმაურა თავად კახა კალაძეც. მისი თქმით, უშუალოდ ის იყო ჩართული ამ ადგილას მშენებლობის ნებართვის გაუქმებაში. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების ფონზე კი მერიას აღარ აქვს ჩარევის მექანიზმი:

„ჩვენ არაერთხელ გავაკეთეთ განცხადება-განმარტება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. ეს არის წინა მერის დროს გაცემული სამშენებლო ნებართვა, რომელიც, სხვათა შორის, როდესაც მე ამირჩია თბილისის მოსახლეობამ, აღნიშნული ნებართვა გავაუქმეთ. პირადად მე ვიყავი ჩარეული აღნიშნულ საკითხში და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გაგვეუქმებინა. თუმცა გასაჩივრდა სასამართლოში და სასამართლომ აღნიშნული ნებართვა აღუდგინა ინვესტორს. ამიტომ მერიას დღეს არანაირი შესაძლებლობა არ აქვს რეაგირებისა და მოქმედების აღნიშნულ საკითხში.“

მასალების გადაბეჭდვის წესი