საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას გააკრიტიკა საქართველოს მთავრობა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის შვილის ქვეყანაში შემოშვებისთვის.
„ზეიმიც გვაქვს და ულამაზესი სანახაობა. ამავე დროს, ვისურვებდი, რომ ჩვენი საზოგადოება დღეს სულიერადაც ზეიმობდეს. დარწმუნებული იყოს, რომ ის, ვისაც ამის პასუხისმგებლობა გააჩნია, მართლაც იცავს საკუთარ მოქალაქეებს. დღეს ამ საზოგადოებას გაუგებრობის და შეურაცხყოფის შერეული განცდაც დაეუფლა. ჩვენი ხალხისთვის გაუგებარი და შეურაცხმყოფელია, როცა ხელისუფლება საკუთარი მოქალაქეების პატივსა და ღირსებაზე არ ფიქრობს. გაუგებარი და შეურაცხმყოფელია, როცა ჩვენს პოლიციას შეუძლებელ ამოცანას ვუსახავთ და გამოწვევის წინაშე ვაყენებთ. ყველას კარგად გვესმის, რომ ქვეყანა, რომელსაც ოკუპირებული ტერიტორიები გააჩნია და მის ტერიტორიაზე რუსის არია, განსაკუთრებით უნდა იცავდეს სტაბილურობას“, — განაცხადა ზურაბიშვილმა.
სწორედ ამიტომ, პრეზიდენტის თქმით, ხელისუფლებას ევალება, არ დაუშვას ისეთი სიტუაციის წარმოქმნა, რომელსაც უთუოდ მოჰყვება ვნებათაღელვა და ესკალაცია.
„ხელისუფლებას ევალება პრევენცია და არა საკუთარი ხალხის მოთმინების გამოცდა. ხელისუფლებას ევალება ტერიტორიის დაცვა და საზღვრის დაცვა. უნდა იცოდე, ვინ შემოდის და ვინ გადის ქვეყნიდან. ძნელი დასაჯერებელია, რომ ოკუპანტი ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური წრის წევრები ქვეყანაში წინასწარი გაფრთხილებისა და უსაფრთხოების გარანტიების მიღების გარეშე შემოსულიყვნენ. მაშინ, როცა მუდმივად აპელირებენ მშვიდობასა და სიფრთხილეზე, ნუთუ ამ დროს ხელისუფლებაში ვერავინ დაინახა ესკალაციის საფრთხე? გავრილოვის მაგალითი მაინც არ გვქონდეს. არ შეიძლება ოკუპაციის კანონის და პარტნიორების მიერ დაწესებული სანქციების გაუთვალისწინებლობა“, — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, შეურაცხმყოფელია, როდესაც შენივე ქვეყნის მმართველი ქსენოფობიას გაბრალებს.
„ქართულმა ოცნების“ წევრებმა დაადასტურეს, რომ სერგეი ლავროვის სანქცირებული შვილი ეკატერინე ლავროვა საქართველოში იმყოფებოდა თავისი მაზლის ქორწილში.