საზოგადოება

საქართველოში ISIS-თან კავშირში მყოფი 1 პირი დააკავეს — სუს-ი

6 მაისი, 2023 • 1147
საქართველოში ISIS-თან კავშირში მყოფი 1 პირი დააკავეს — სუს-ი

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ქვეყნის ტერიტორიაზე დაკავებულია ერთი პირი, რომელიც ტერორისტულ ორგანიზაციასთან, “ისლამური სახელმწიფოსთან” არის დაკავშირებული. აღნიშნულის შესახებ უწყებაში 6 მაისს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს.

უწყების თანახმად, სუს-ისა და ეროვნულ კონტრტერორისტულ სისტემაში ჩართული უწყებების ოპერაციის შედეგად, გამოვლენილია ხსენებული ტერორისტული ორგანიზაციის აქტივობები “სხვადასხვა უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე”.

სუს-ის კონტრტერორისტული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, ბაჩა მგელაძის განცხადებით, დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე, თუმცა არ აკონკრეტებს — რომლის. ამ ფაქტს სუს-ში გამოძიების ინტერესებით ხსნიან.

“ჩვენს მიერ მოპოვებულია ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობა, საიდანაც ამოღებულია აშშ-ისა და ევროპის დედაქალაქების სტრატეგიული ობიექტების სატელიტური ფოტოები.

მასშტაბური კონტრტერორისტული ღონისძიებების ფარგლებში, იდენტიფიცირებულია ტერორისტულ ორგანიზაციასთან შემხებლობაში მყოფი პირები, კომუნიკაციის ფორმები, მეთოდები, დაინტერესების სფეროები და შესაძლო თავდასხმის ობიექტები საქართველოს ფარგლებს გარეთ”, — თქვა მგელაძემ.

მისივე სიტყვებით, “საერთაშორისო ტერორისტული რისკებიდან გამომდინარე”, სუს-მა სისხლის სამართლის გამოძიების ფარგლებში მოპოვებული ინფორმაციები ოპერატიულად გაუზიარა საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებსა და მეზობელ ქვეყნებს, მათ შორის, თურქეთს.

“ამასთან, სამსახურში ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო, საგამოძიებო და ფარული საგამოძიებო მოქმედებები”, — აღნიშნავენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

მასალების გადაბეჭდვის წესი