გლდანის ხიდის დანგრევას 63 წლის ექიმი ემსხვერპლა. იმავე დღეს გარდაიცვალა გლდანის მეორე მკვიდრიც. მისი სიკვდილის თვითმხილველები კი ყვებიან, როგორ დაენარცხა ბეტონზე ახალგაზრდა მამაკაცი. გამხმარი სისხლის ნაკვალევი ახლაც ეტყობა ხიდის ქვეშ დაგებულ ნაცრისფერ ბეტონს. იქვე გდია ”ნივის” მარკის ავტომობილის საჭის ნატეხი.
558-მეტრიანი რკინა-ბეტონის ხიდის ორ ნაწილს დღეს 50 მეტრი აშორებს. ხიდის ორივე ბოლოში პოლიციელები პატრულირებენ და ჩატეხილ ხიდისკენ მიმავალ ცხოველებს გზას უღობავენ. პატრულის თანამშრომელი ყვება, რომ ხიდთნ მუდმივად მოდიან მნახველები, ფოტოებს უღებენ, ზოგი დანგრეული ხიდის კიდემდე მისვლის სურვილსაც გამოთქვამს.
ქვემოთ, მდინარე გლდანულას ხეობაში, ”კომაცუსა” და ”კატოს” ტიპის ტრაქტორები და ექსკავატორები მდინარის ხეობას დანგრეული ხიდის ნამსხვრევებისა და რკინის მსხვილი მავთულებისაგან ათავისუფლებენ. ანგრევენ მდინარის გადაბრუნებულ ბურჯსაც.
23 ივნისს, საღამო ხანს, ხიდის დანგრევამდე რამდენიმე წუთით ადრე, გლდანის მცხოვრებლები ადიდებულ მდინარეს ადევნებდნენ თვალს. ხალხის ნაწილი ხიდზე იდგა, ნაწილი კი ხიდის ქვემოდან აკვირდებოდა მდინარეს. წყალმა იმ დღეს 6 მეტრით აიწია.
მარინა ოსიაშვილმა მდინარის ნაპირიდან დაინახა, თუ როგორ დაიწყო ხიდმა რყევა. ”მიწისძვრასავით იყო”, – ამბობს ის, – “შეგზარავდა, ისეთი საშინელი იყო წყლის ნახვა – დიდი ლოდები მოჰქონდა. დიდი ალვის ხე მოგლიჯა, ფილმში რომ გინახავს, ისე მიარბენინებდა”.
გიორგი საგანელიძე, რომელიც ნგრევის დროს ხიდზე იდგა, მოგვიანებით ხიდის ქვეშ დაგებულ ბეტონზე დაენარცხა. დაზიანებები მიიღო, მაგრამ გადარჩა.
ხიდის ნგრევის ოფიციალური მიზეზები ჯერჯერობით არაა დადგენილი.
საქართველოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგთა ჯგუფმა ფაქტის გამომწვევ მიზეზებზე თავისი მოსაზრება გამოთქვა. ჯგუფი ხიდის დანგრევას ბურჯის დეფორმაციას აბრალებს, რომელიც მდინარის მოვარდნამ გამოიწვია.
გეოლოგი ემილ წერეთელი თვლის, – ”ბურჯი რომ ყოფილიყო უფრო ღრმა, შეიძლებოდა გაეძლო.”
ბურჯის სტაბილურობის მაჩვენებლების დადგენა ხიდის დაპროექტების დროს ხდება. ეს ხიდი 1982 წელს ”თბილსახავტოგზაპროექტის” მიერ დაპროექტდა. პროექტის მიხედვით, 100 წლის განმავლობაში, ეს ხიდი წამში 42 კუბური მეტრი წყლის მოვარდნას გაუძლებდა. ჰიდრომეტეოროლოგიური დეპარტმანეტის გათვლით, ხიდის დანგრევის დღეს ამ მონაცემმა 100-110 კუბურ მეტრს მიაღწია. ”რაც იმას ნიშნავს, რომ ბურჯის დაზიანების პროგნოზირება შეუძლებელი იყო”, – განმარტავს წერეთელი და აღნიშნავს, რომ შესაძლებლია ბურჯის დეფორმაციას სამშენებლო კონსტრუქციის ნაკლოვანებამაც შეუწყო ხელი.
ამჟამად ხიდის დანგრევის ზუსტი მიზეზების გამოძიებაზე საქართველოს საავტომობილო დეპარტმანეტის მიერ მოწვეული გეოლოგების, ჰიდროლოგებისა და ინჟინრებისგან შემდგარი კომისია მუშაობს. დასკვნას დაახლოებით ერთ კვირაში შეიმუშავებენ.
ლევან მინაშვილი, რომელიც ხიდთან ახლოს ცხოვრობს, ამბობს, რომ ხიდის ბურჯს საყრდენი რამდენიმე წელია ეცლებოდა. მოქალაქემ საფრთხის შესახებ გამგეობას რამდენჯერმე შეატყობინა. თუმცა, გლდანის მაცხოვრებლები აცხადებენ, რომ მთავრობასთან მათი მიმართვები წერილობითი სახის არ ყოფილა.
ამასთან დაკავშირებით კი საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, გიორგი წერეთელი ამბობს , რომ მოსახლეობას მათთვის უნდა მიემართა.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარამენტი ყოველ წელს ატარებს ტენდერებს, სადაც ავლენს კომპანიებს, რომლებსაც გარკვეული ვადით ხიდებსა და გზებზე ზედამხედველობა ევალებათ. ტენდერში გამარჯვებული კომპანიების მოვალეობა ხიდების გარეგნული მდგომარეობის ზედამხედველობაა. გადაუდებელი სამუშაოს ჩატარების აუცილებლობის შესახებ კი კომპანია დამქირავებელს ანუ საავტომობილო გზების დეპარტამენტს ატყობინებს. საბოლოოდ, დეპარტამენტი წყვეტს, ამა თუ იმ ხიდზე კონკრეტულად რა სახის სამუშაოს საჭიროებს.
გლდანის დანგრეულ ხიდზე ზედამხედველობა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ”ბედეკს” ეკუთვნოდა. ”ბედეკმა” ტენდერში შარშან გაიმარჯვა. დღემდე საავტომობილო გზების დეპარტამენტს ”ბედეკისთვის” გლდანის ხიდზე რაიმე სახის სამუშაოს განხორციელება არ დაუვალებია, რადგან, მათი აზრით, ხიდი შეკეთებას არ საჭიროებდა.
”ამ ხიდს არაფერი სჭირდებოდა, ბევრად უარეს მდგომარეობაშია ბევრი სხვა ხიდი საქართველოში, რომელზეც ყოველდღიურად ვმუშაობთ”, – ამბობს რამაზ ყორანაშვილი, ”ბედეკის” ტექნიკური კონსულტანტი.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, გიორგი წერეთელი ამბობს, რომ ხიდი ვიზუალურად კარგად გამოიყურებოდა. არც ბურჯის გამაგრებაზე ყოფილა საუბარი.
საავტომობილო გზების დაპარტმენტის თანმშრომლები აცხადებენ, რომ 23 ივნისს, ჩამონგრევამდე ორი საათით ადრე, ხიდი შეამოწმეს, რადგან მდინარე წინა დღეს უკვე ადიდებული იყო. როგორც წერეთელი ამბობს, ვეარფერი შეამჩნიეს, -”ვიზუალურად არაფერი სჭირდა იმ დღეს,” – ამბობს წერეთელი. მათი წასვლიდან 2 საათის შემდეგ კი შეიტყვეს, რომ ხიდი დაინგრა და ორი ადამიანი იმსხვერპლა.
ეროვნული სააგენტოს გეოლოგების მიერ გამოთქმულ მოსაზრებაში წერია, რომ შესაძლებელია ბურჯი იდგა ”არამდგრად ნალექებზე, რისი დადგენაც ვიზუალურად შეუძლებელია.”
”დღესაც რომ შეხედო, ხიდის დანარჩენი ნაწილები და კვანძები ნორმალურ მდგომარეობაშია”, – ამბობს ოთარ ლომსაძე, ”ხიდმშენის” მთავარი ინჟინერი. სწორედ ”ხიდმშენს” დაევალა ხიდის აღდგენითი სამუშაოების შესრულება.
თავად ხიდის (და არა ბურჯის) სიმაგრეზე მოსახლეობაც საუბრობს. დაახლოებით 50-მეტრიანი ფილა, რომელიც ხიდს მოსწყდა და 40 მეტრის სიმაღლიდან მიწას დაენარცხა, არ დამსხვრეულა.
მოსახლეობა ხიდის დანგრევას მდინარის მიერ ბურჯის შერყევას უკავშირებს. გლდანელებს სხვა არგუმენტებიც მოჰყავთ. საგანელიძის თქმით, ბურჯის სისუსტის მიზეზი მდინარის კალაპოტის ფორმის შეცვლა იყო. ამის მიზეზად კი იგი მდინარის ხეობიდან ქვიშის გაზიდვას ასახელებს.
მდინარე გლდანულას ხეობაში, ხიდამდე დაახლოებით 5 კილომეტრის მანძილზე, მართლაც არის კარიერი, საიდანაც ქვიშის ამოღება ხდება. მდინარის ქვიშის მოპოვების ლიცენზიები შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ”მამკოდამ” 2007 წელს 5 წლის ვადით შეიძინა.
”მამკოდას” წარმოების უფროსის, ნუგზარ ბიწკინაშვილის თქმით, კარიერის სიღრმე დაახლოებით 80 სანტიმეტრია.
”არსებული კარიერი მხოლოდ ხელს შეუწყობდა წყლის ენერგიის ჩაქრობას და არავითან გავლენას არ მოახდენდა ბურჯის გარეცხვაზე”, – ამბობს გეოლოგი ემილ წერეთელი და ამატებს, რომ კარიერის არსებობა ბურჯზე გავლენას მხოლოდ იმ შემთხვევაში იქონიებდა, თუკი მდინარის ხეობაში ხიდის დაბლა იქნებოდა.
23 ივნისს ადიდებულმა გლდანულამ სამი ხიდი დააზიანა: ლითონის ხიდი, რომელსაც მოსახლეობა სკოლის ხიდს უწოდებს და მეორე, შედარებით პატარა, გლდანისა და სოფელ ცხვარიჭამიას დამაკავშირებელი ხიდი.
დიდი ხიდი თბილისს შემოვლითი გზით აკავშირებს სომხეთთან, აზერბაიჯანთან, თურქეთთან, ასევე კახეთთან და ქვემო ქართლთან. ხიდზე ტრანზიტულად გამავალი ტრანსპორტი მოძრაობდა, რომლის დედაქალაქში გადაადგილება თავის დროზე საავტომობილო გზების დეპარტმამენტმა აკრძალა.
გლდანის მცხოვრებლები ამ ობიექტს ზოგჯერ მთავრობის ყურადღების მისაქცევადაც იყენებდნენ. გაზისა და სასმელი წყლის მოთხოვნით გამართული საპროტესტო აქციების დროს, ისინი ხიდს კეტავდნენ.