საზოგადოება

უსახლკარო მთავრობა და გასაიდუმლოებული ხელფასები

30 ივნისი, 2010 • 1331
უსახლკარო მთავრობა  და გასაიდუმლოებული ხელფასები

2010 წელს შევსებული ქონებრივი დეკლარაციების მიხედვით, საქართველოს მთავრობის დიდი ნაწილი უსახლკაროა. ისინი ოჯახის წევრების საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ბინებში ცხოვრობენ. ამ ჩამონათვალში მოხვდა საქართველოს პრეზიდენტიც, რომელიც ამჟამად საპრეზიდენტო რეზიდენციაში ცხოვრობს. მიხეილ სააკაშვილს საკუთარი სახლი არ გააჩნია.

თანამდებობის პირებს ქონებრივი დეკლარაციების შევსებას  “საქართველოს კანონი საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ”  IVთავის  14–ე მუხლის 1 პუნქტი ავალდებულებს.

პრეზიდენტ სააკაშვილის მსგავსად, ოფიციალური დოკუმენტებით, საკუთარი სახლი არც თბილისის მერს  გააჩნია.  გიგი უგულავას მიერ 2010 წელს შევსებულ დეკლარაციაში არ არის მითითებული, ფლობს თუ არა საცხოვრებელ ბინას მისი ოჯახის რომელიმე წევრი. აქედან გამომდინარე, ვის სახლში ცხოვრობს თბილისის მერი,  გაურკვეველია.  ფაქტია, რომ საკუთარში არა. საკუთარი სახლები არა აქვთ ასევე პრემიერ მინისტრ ნიკა გილაურს, სოფლის მეურნების მინისტრ ბაკურ კვეზერელს, საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძეს და კულტურის მინისტრ ნიკა რურუას.

გასაიდუმლოებული ხელფასები

საქართველოს მთავრობაში ზოგიერთ თანამდებობის პირს საკუთრებაში მქონე უძრავი ქონება იმის მიუხედავად არ აქვს, რომ  მათი ყოველწლიური შემოსავალი საკმაოდ დიდი და არაპროპორციულია. მაგალითად, თბილისის მერის, გიგი უგულავას შემოსავალი 2009 წელს (2009 წელს 1 იანვრიდან 31 დეკემბრის) დეკლარაციის მიხედვით, 93 ათას 456 ლარი იყო, მაშინ, როცა საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის სამუშაოს შესრულებით მიღებული შემოსავალი 59 ათასი ლარია. ბაკურ კვეზერელმა სოფლის მეურნეობის მინისტრობის დროს, 2009 წელს სამუშაოს შესრულებით მიიღო 76 ათასი ლარის შემოსავალი. გრიგოლ ვაშაძემ 86 ათას 430 ლარი, პრემიერმა ნიკა გილაურმა 73 ათას 789. კულტურის მინისტრმა ნიკა რურუამ 98 ათას 910 ლარი.

ქონებრივი მდგომარეობის დეკლარირების ერთიან ელექტრონულ სისტემაში გამოქვეყნებული არ არის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამდებობის პირთა მიერ 2010 წელს შევსებული დეკლარაციები. ამიტომ უცნობია, მაგალითად, რა ოდენობის შემოსავალი მიიღეს შინაგან საქმეთა მინისტრმა ივანე მერაბიშვილმა და მისმა მოადგილემ ეკა ზღულაძემ 2009 წელს.

2008 წლის მონაცემებით კი,  ივანე მერაბიშვილის სამუშაოს შესრულებით მიღებული შემოსავლის ოდენობა 49 ათას 480 ლარია, მაშინ, როდესაც იმავე წელს მისმა მოადგილე ეკა ზღულაძემ 97 ათას 483 ლარი მიიღო, აქედან 63 344 ლარი პრემია.

ზღულაძე თითქმის ერთადერთი საჯარო მოხელეა, რომელსაც ქონებრივ დეკლარაციაში პრემიის ოდენობა აქვს მითითებული. ამ მონაცემებით ცნობილი ხდება, რომ ზღულაძის ყოველთვიური ხელფასი 01.01.08 დან 14.06.08  თვემდე, როცა მინისტრის მოადგილედ მუშაობდა,  იყო  2472 ლარი.  პრემია თვეში კი  4166 ლარი (თუკი თვეების მიხედვით საპრემიო თანხას გავყოფთ თანაბრად). 14.06.08 დან 31.12.08 თვემდე ზღულაძის ყოველთვიური ხელფასი 3217,5 ლარს, ყოველთვიური პრემია კი 9722 ლარს შეადგენდა (ამ შემთხვევაშიც საპრემიო თანხა და ხელფასი, თვეების მიხედვით, თანაბრად არის გაყოფილი).

სხვა თანამდებობის პირების ქონებრივ დეკლარაციებში მითითებული არ არის,  რა შემოსავალი მიიღო ამა თუ იმ თანამდებობის პირმა პრემიის სახით, შესაბამისად, შეუძლებელია ხელფასის ოდენობის გამოთვლა.

რა ოდენობის ხელფასი აქვს თბილისის მერს გიორგი უგულავას? – ამ კითხვით ნეტგაზეთმა  თბილისის მერიის პრესსამსახურს მიმართა.  „შემოიტანეთ განცხადება მერიაში საჯარო ინფორმაციის გამოთხოვაზე და ათი სამუშაო დღის განმავლობაში მიიღებთ პასუხს“, – განაცხადა  პრესამსახურის წარმომადგენელმა თამარ დვალმა. მან ასევე თქვა, რომ არ ჰქონდა ინფორმაცია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ანალოგიურ განცხადებაზე.

გიგი უგულავას ხელფასის ოდენობის შესახებ ინფორმაცია საიამაც გამოითხოვა, მაგრამ თბილისის მერის ხელფასის ოდენობა მაინც ვერ გაარკვია. კანონის შესაბამისად, მერიის შესაბამის სამსახურს ათი დღის ვადაში უნდა გაეცა პასუხი.

 „პასუხი ვერც  ათ დღეში მივიღეთ და ვერც მერე. საჩივარიც წარვადგინეთ, მაგრამ მერიას ასეთი პრაქტიკა აქვს, – საჩივრებს საერთოდ არ განიხილავენ. გეუბნებიან, რომ პირდაპირ სასამართლოს მიმართო… რატომღაც მოსამართლე საქმეს აჭიანურებს, როცა კანონით გათვალისწინებული ყველა ეტაპი გავიარეთ  და გადაწყვეტილების გამოცხადება იყო დანიშნული, სასამართლომ ისევ შეკითხვების ეტაპზე დააბრუნა საქმე. ოთხი მოპასუხეა  საქმეში და ალბათ უჭირს გადაწყვეტილების მიღება. ოქტომბერში შეტანილ სარჩელზე პროცესი დღესაც არ დაუნიშნავს. საბოლოო სხდომა არ ყოფილა და ამიტომ გადაწყვეტილება არა გვაქვს“, – ამბობს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი ანა შალამბერიძე.

მისივე თქმით,  საიას ანალოგიური დავები სხვა თანამდებობის პირების შემთხვევაშიც ჰქონდათ.

თანამდებობის პირების მიერ ქონებრივი დეკლარაციების წარდგენის აუცილებლობა,  კანონის მიხედვით, ანტიკორუფციულ ღონისძიებად ითვლება. ანტიკორუფციული ღონისძიების და მთავრობის მხრიდან ანგარიშვალდებულობის ნაწილია,  მოქალაქეებმა იცოდნენ თანამდებობის პირების ხელფასის და პრემიის  ოდენობა. ეს ინფორმაცია კი, ფაქტობრივად,  დახურულია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი