პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ზბიგნევ რაუ ქართველ კოლეგა ილია დარჩიაშვილთან გამართულ პრესკონფერენციაზე საუბრობს იმ მხარდაჭერაზე, რომელიც თბილისს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ვარშავისგან აქვს.
ზბიგნევ რაუ თბილისში რამდენიმე დღით იმყოფება და ქვეყნის ხელისუფლების ლიდერებს ხვდება.
“მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ მინისტრს ილია დარჩიაშვილს სამუშაო ვიზიტით მოწვევისთვის საქართველოში და მსოფლიოში ცნობილი ქართული მასპინძლობის გაწევისთვის. საქართველო და ქართული საზოგადოება ტრადიციულად დიდი სიმპათიით სარგებლობს პოლონეთში. ესაა სიმპათია, რომელიც ჩამოყალიბდა ჯერ კიდევ ჩვენი ქვეყნების დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის პერიოდში და ასევე რუსეთის იმპერიალიზმის მიმართ ერთობლივი წინააღმდეგობის გაწევისას, რომლის მსხვერპლი არის დღეს უკრაინა, 2008 წელს კი იყო საქართველო”, – განაცხადა რაუმ.
მისი თქმით, პოლონეთი ყოველთვის ერთმნიშვნელოვნად უჭერდა მხარს საქართველოს საზოგადოების მისწრაფებას, რომ ჰქონოდა დამოუკიდებლობა, თავისუფლება და მშვიდობა, ასევე, სუვერენული უფლება, თავად აერჩია განვითარების მოდელი, ალიანსი და ინტეგრაციული ინსტიტუტი.
“როგორც ეს თავის დროზე იოანე პავლე მეორის მიერ ითქვა, ჩვენ ველოდებით იმ დროს, როდესაც ევროპა ისუნთქებს თავისი ორივე ფილტვით, ანუ დაიწყებს ცხოვრებას დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის ტრადიციით.
ჩვენ მიგვაჩნია, რომ ევროპული უსაფრთხოების და მისი განუყოფლობის პრინციპებიდან გამომდინარე, პრაქტიკაში უნდა შემოვიღოთ ღია კარის პოლიტიკა, როგორც ევროკავშირის, ისე ნატოს შემთხვევაში.
ამ პოზიციას იზიარებდა პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი, რომელიც 2008 წლის ბუქარესტის ნატოს სამიტზე კატეგორიულად ითხოვდა საქართველოსთვის MAP-ის მინიჭებას. როდესაც საქართველოს თავს დაესხნენ, მაშინ ლეხ კაჩინსკი ჩადგა საერთაშორისო მეგობრების სათავეში და ყველა ღონე იხმარა, რომ ეს აგრესია შეეჩერებინა.
მისი განზრახვა სწორედ რუსეთის იმპერიალიზმის შეჩერება და ევროპის ყველა ხალხისთვის თანაბარი განვითარების შანსების შექმნა იყო. სწორედ მაშინ შეიქმნა ევროკავშირის მიერ პოლონეთის ინიციირებული აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკა, რომელშიც საქართველომ სათანადო ადგილი დაიკავა. ამ და სხვა რიგი მიზეზების გამო პოლონეთი ყოველთვის იქნება საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერი და ეს არ არის რაიმე საფრთხე ევროკავშირისა და ნატოსთვის, ეს არის შანსი და ეს შესაძლებლობა რეალობად რომ იქცეს, საჭიროა ყველა ამ პროცესში ჩართული მხარის მაქსიმალური ძალისხმევა”, – განაცხადა რაუმ.
პოლონელი მინისტრის თქმით, აქ გულისხმობს როგორც ევროკავშირის და ნატოს ინსტიტუტებს, ასევე საქართველოს მთავრობას და ქართულ საზოგადოებას.
“გვიახლოვდება ვილნიუსის ნატოს სამიტი და ამ წლის ბოლომდე შესაძლებელია, რომ ევროკავშირმა მიიღოს გადაწყვეტილება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე. შესაბამისად, ძალიან ინტენსიური დიპლომატიური სამუშაოები მიმდინარეობს, რომელშიც ყველა პარტნიორი არის ჩართული, მათ შორის- ვაიმარის სამკუთხედის პარტნიორები.
სულ ცოტა ხნის წინ საქართველოს სტუმრობდა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი და უახლოეს მომავალში იგეგმება საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი. თბილისში ჩემი დღევანდელი სამუშაო ვიზიტი არის სწორედ ამ გააქტიურებული დიპლომატიური სამუშაოების ნაწილი. ჩემი ვიზიტის მიზანია, ჩვენი ტრადიციული მეგობრობის გათვალისწინებით და ამ ფონზე, განვავითაროთ მსჯელობა გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე და ამ პრობლემების დაძლევის შესაძლო გზებზე.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გასულ კვირას იმყოფებოდა ევროკავშირის საბჭოში, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე გაიმართა.
ეს ვიზიტები არის ბუნებრივი გაგრძელება იმ კონსულტაციებისა, რომელსაც ჩვენ ყველანი ვაწარმოებთ ბრიუსელში. ეს კონსულტაციები ეხება როგორც საქართველოს ევროინტეგრაციას, ასევე ევროპულ უსაფრთხოებას ვილნიუსის ნატოს სამიტის კონტექსტში.
ასევე განვიხილეთ ყოფილი პრეზიდენტის სააკაშვილის სიტუაცია.
ყველა ზემოხსენებულ საკითხში პოლონეთი ცდილობს, რომ იპოვოს გონივრული გამოსავალი და საქართველოს გაუწიოს ყველანაირი შესაძლო დახმარება, რაკიღა, ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ ჩვენი თანამშრომლობა ევროპისა და ფართო გაგებით თავისუფალი სამყაროს ინტერესებშია”, – განაცხადა ზბიგნევ რაუმ.
2023 წლის 26-28 აპრილს საქართველოში იმართება პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის ზბიგნევ რაუს ვიზიტი.
ვიზიტის ფარგლებში პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრას გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.
ზბიგნევ რაუს მიიღებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირებს და გვირგვინით შეამკობს მემორიალს.








