საზოგადოება

“ჩემი მანქანა ნივთმტკიცების სახით შსს-მ ერთი წლით კერძო სადგომზე დატოვა, 3000 ლარის გადახდა მე მომიწია”

20 აპრილი, 2023 • 2621
“ჩემი მანქანა ნივთმტკიცების სახით შსს-მ ერთი წლით კერძო სადგომზე დატოვა, 3000 ლარის გადახდა მე მომიწია”

მოქალაქე დეა სანაძის კუთვნილი ავტომანქანა, რომელიც გასულ წელს, 13 აპრილს გააქირავა, ერთი წელი ავტომანქანების კერძო, ფასიან სადგომზე იყო გაჩერებული.

დეა სანაძის მანქანა გახმაურებულ კრიმინალურ ისტორიაში აღმოჩდა. ტოიოტა პრიუსი დეა სანაძისგან გიორგი და ბექა შენგელიებმა იქირავეს, რომლებიც მოგვიანებით შსს-მ პატრულის ავტომანქანაზე განზრახ დაჯახების და პოლიციელის ჯანმრთელობის დაზიანების ბრალდებით დააკავა. როგორც დეა ამბობს, მანქანა, რომელშიც შენგელიები ისხდნენ, სწორედ მისგან ჰქონდათ ნაქირავები.

აღნიშნული შემთხვევის შემდეგ, დეას თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ავტომანქანა, ნივთმტკიცების სახით ფასიან სადგომზე გადაიყვანა. დეას თქმით, საგამოძიებო უწყებაში უთხრეს, რომ გამოძიების პროცესში მანქანა იქ უნდა ყოფილიყო გაჩერებული, თუმცა არ გაუფრთხილებიათ, რომ ამ პერიოდის განმავლობაში ყოველდღიურად 8 ლარი იქნებოდა გადასახდელი.

დეას მანქანა ავტოსადგომზე

დეა აღნიშნავს, რომ მას, როგორც ავტომობილის მფლობელს, არ აქვს დაზარალებულის სტატუსი, რადგან იმის თაობაზე, რომ ასეთი სტატუსის მინიჭების მოთხოვნა შეეძლო, პროკურატურას არ უცნობებია. ამის გამო კი თანხის გადახდის პასუხისმგებლობა ახლა ეკისრება არა ბრალდებულებს, არამედ მას.

დეას თქმით, ის, რომ სადგომი ფასიანი იყო და ამ თანხის გადახდა მოუწევდა რამდენიმე თვის შემდეგ, სხვისგან შეიტყო. საქმის გამომძიებელი კი ამ პერიოდის განმავლობაში მანქანასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვებს მკაფიო პასუხებს არ სცემდა. ასევე, მისი თქმით, არ მიუღია არავითარი ოფიციალური წერილი ან დოკუმენტი, სადაც ნათქვამი იქნებოდა, თუ რა თანხა გროვდებოდა ყოველდღიურად ავტომანქანის სადგომზე გაჩერებისთვის, ან ვის დაეკისრებოდა დავალიანების გადახდა.

დღიური 8-ლარიანი გადასახდის შესახებ კი მას შემდეგ გაიგო, რაც მანქანის სანახავად ადგილზე მივიდა, თუმცა, მისი თქმით, ამ დროს უკვე ისეთი თანხა იყო დაგროვილი, რის გადახდასაც ვერ შეძლებდა. ამასთან, არ სურდა თანხის გადახდა, რადგან დანაშაული, რომლის გამოძიების ფარგლებშიც მოხვდა მისი ავტომანქანა კერძო ავტოსადგომზე, მას არ ჩაუდენია.

აქედან გამომდინარე ჯერ ადგილზე, სადგომის ხელმძღვანელობას სთხოვა, რომ არსებული თანხა ხელშეკრულების საფუძველზე გაეყინათ, გადაენაწილებინათ ან ავტომობილის გაყვანის შესაძლებლობა მიეცათ, სანამ ფულის შეგროვებას შეძლებდა. შემდეგ კი არაერთხელ მიმართა საგამოძიებო უწყებებს, რომ დახმარებოდნენ სადგომზე ყოფნის პერიოდში დაგროვილი თანხის შემცირებაში, სრულად გაუქმებაში ან მისი გადახდის ბრალდებულებისთვის დაკისრებაში, თუმცა, უშედეგოდ:

“რა წერილი აღარ დავწერე პროკურორის სახელზე, ვუთხარი, რომ ვარ მარტოხელა დედა, რომ იმ პერიოდში ფრილანსერად (შტატგარეშე) ვმუშაობდი და ავტომობილის სადგომზე დაყენებით მნიშვნელოვვანი ფინანსური შემოსავალი დავკარგე. რომ მანქანის გამო დიდი კრედიტი გამოვიტანე, რომ დამნაშავე არ ვიყავი… 3000 ლარი არაფრის გამო მე უნდა გადამეხადა, ამას მანქანის შეკეთების თანხაც ემატებოდა და საბოლოოდ 5000 ლარის ვალის წინაშე დავდექი. გამომძიებელს რომ დავურეკე, მითხრა: “15-ლარიან სადგომზე გაჩერებაც შეგეძელოო”.

ხომ შეიძლებოდა, რომ შემოსულიყვნენ ჩემს მდგომარეობაში, მით უმეტეს, როცა მე არ ვარ დამნაშავე?! აბსოლუტურად არ გამითვალისწინეს. მხოლოდ იმით შემოიფარგლნენ, რომ “შეეძლოთ 15-ლარიან სადგომზე დაეყენებინათ” მანქანა და ეს არ გააკეთეს. ბოდიშიც კი არ მოუხდიათ. ანუ თავისი ინფორმაცია მიიღეს და მე დამტოვეს ასეთ მდგომარეობაში”, – ამბობს დეა “ნეტგაზეთთან”.

მისი თქმით, პროკურატურაში ურჩიეს, რომ სარჩელი შეეტანა ბრალდებულების წინააღმდეგ, თუმცა დეა აღნიშნავს, რომ ეს მისთვის დამატებითი ხარჯები იქნებოდა, თანხის დაბრუნების შანსი კი მცირე იყო, რადგან ბრალდებულები ამბობენ, რომ მანქანის შეკეთებისთვის საჭირო თანხებიც არ ჰქონდათ.

მანქანის შეკეთებაზე უარი განაცხადა სადაზღვევო კომპანიამაც, რადგან ექსპერტიზის დასკვნაში ნათქვამია, რომ ბრალდებულებმა მანქანა განზრახ დააჯახეს საპატრულო პოლიციის ავტომობილს.

საბოლოოდ, მას კერძო ავტოსადგომიდან მანქანის გამოსაყვანად ბანკიდან სესხის გამოტანა მოუხდა.

დეა ფიქრობს, რომ ის არ არის ერთადერთი, ვინც მსგავს ვითარებაში აღმოჩნდა. მისი ვარაუდით, გარკვეული პერიოდის შემდეგ შემთხვევით რომ არ გაეგო, მისი მანქანის კერძო ავტოსადგომზე გაჩერება რა ფასი ჯდებოდა, ერთბაშად ათეულობით ათასი ლარის გადახდა მოუწევდა.

აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით “ნეტგაზეთი” პროკურატურას დაუკავშირდა, თუმცა უწყებაში გვითხრეს, რომ ავტოსადგომთან დაკავშირებული საკითხები შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკუთვნის.

ჩვენ შსს-ს მივმართეთ როგორც დეა სანაძის საქმესთან დაკავშირებით, ასევე იმის გასარკვევად, თუ რა ვალდებულებები და უფლებები აქვს სამინისტროს გამოძიების ფარგლებში ავტომანქანის, როგორც ნივთმტკიცების, სადგომზე გაჩერების შემთხვევაში.

უწყებაში კომენტარი არ მოგვცეს და გვითხრეს, რომ საჯარო ინფორმაცია უნდა გამოვითხოვოთ, რასაც მინიმუმ 10 სამუშაო დღე ესაჭიროება. დამატებითი ინფორმაციის მიღების შემთხვევაში სტატია განახლდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი