საზოგადოება

ხაბეიშვილი და წითლიძე ეხმაურებიან რიგგარეშე სხდომის ხმების არქონის გამო გადატანის თხოვნას

10 აპრილი, 2023 • 3027
ხაბეიშვილი და წითლიძე ეხმაურებიან რიგგარეშე სხდომის ხმების არქონის გამო გადატანის თხოვნას

დეპუტატები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ლევან ხაბეიშვილი და ანა წითლიძე ეხმაურებიან ოპოზიციონერი დეპუტატების მიმართვას საქართველოს პრეზიდენტისადმი, აღარ ჩანიშნოს 11 აპრილს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, რომელზეც უნდა შეექმნათ სამართლოს სისტემაში კორუფციულ და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებათა შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია.

10 აპრილის საღამოს გამართულ ბრიფინგზე თამარ კორძაიამ განაცხადა, რომ ორი დეპუტატის საზღვარგარეთ მოულოდნელად წასვლის გამო ოპოზიციას კომისიის შესაქმნელად ხმები აღარ ჰყოფნიდა. ხათუნა სამნიძის თქმით, საზღვარგარეთ სწორედ ხაბეიშვილი და წითლიზე გაემგზავრნენ.

ხაბეიშვილის ამბობს, რომ ისინი იმყოფებიან პოლონეთში ვიზიტით, რომელიც „უკავშირდება პრეზიდენტ სააკაშვილისთვის გადასაცემ უმნიშვნელოვანეს ჯილდოს“. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე „მწუხარებას გამოთქვამს გამოგონილი და უსაფუძვლო ისტერიკის გამო“ და დასძენს:

„არაანაზღაურებადი, ოფიციალური მივლინებით ვიმყოფებით პოლონეთში და, შესაბამისად, უმარტივესად შეეძლო ენახათ იმ ადამიანებს, ვინც კონკრეტულ საკითხზე მუშაობდა“.

განცხადება გააკეთა ანა წითლიძემაც. დეპუტატი ამბობს, რომ მისი და ხაბეიშვილის საზღვარგარეთ, – პოლონეთში, პოლონური მხარის მიწვევით, – გამგზავრება ჯერ კიდევ ორი კვირის წინ იყო დაგეგმილი. დეპუტატი ამბობს, რომ მას და ხაბეიშვილს პარლამენტში აუნაზღაურებადი შვებულება აქვთ გაფორმებული, რაც სისტემაშიც ჩანს.

როგორც წითლიძე წერს, ის არ იყო ინფორმირებული თარიღზე, ხოლო სხდომის დანიშვნა სხვა დროსაც შეიძლება. ხდომის ჩავარდნას მისი და ხაბეიშვილის გამო იგი ტყუილს უწოდებს.

„კომისიის შექმნაზე თანხმობა განვაცხადე, მაგრამ თარიღზე ინფორმირებული ნამდვილად არ ვიყავით – ამიტომ პრობლემა, ვფიქრობ, კომუნიკაციის პრობლემა არის, მეგობრებო.

საგანგებო სხდომის დანიშვნა შესაძლებელია ნებისმიერ სხვა დღეს და ასევე შესაძლებელია მაგ კომისიის შექმნა ნებისმიერ დროს – ისტერიკის გარეშე.

ტყუილია, რომ მხოლოდ ჩემი და ხაბეიშვილის გამო ჩავარდა აღნიშნული საკითხი. ჩვენ გარდა კიდევ ორი დეპუტატი არ იქნება ადგილზე თვის ბოლომდე“, – წერს იგი და ამატებს, რომ ინიციატორებს მართებთ „მეტი ორგანიზება და არა გადაბრალება“.

მასალების გადაბეჭდვის წესი