საზოგადოება

ოპოზიციონერი დეპუტატები სთხოვენ პრეზიდენტს, აღარ მოიწვიოს 11 აპრილს რიგგარეშე სხდომა

10 აპრილი, 2023 • 896
ოპოზიციონერი დეპუტატები სთხოვენ პრეზიდენტს, აღარ მოიწვიოს 11 აპრილს რიგგარეშე სხდომა

ოპოზიციონერი დეპუტატები, რომლებიც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ხვალ, 11 აპრილს, პარლამენტის რიგგარეშე სხდომის დანიშვნას სთხოვდნენ, ახლა მიმართავენ მას, სხდომა აღარ დანიშნოს.

ამის მიზეზი, როგორც ბრიფინგზე დამოუკიდებელმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ განაცხადა, ისაა, რომ საქართველო მოულოდნელად დატოვა ორმა დეპუტატმა, რის შედეგადაც ოპოზიციას აღარ ჰქონდა საკმირისი ხმები საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად.

„ოპოზიციას არ ყოფნის ხმები. […] ოპოზიცია შეთანხმებულია კომისიის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე. გვსურს, კენჭისყრა ჩატარდეს მაშინ, როცა ოპოზიცია სრულად იქნება წარმოდგენილი.

საკითხის ჩავარდნას ჯობია საკითხის გადაწყვეტის გადადება. მივმართავთ პრეზიდენტს, რომ ხვალინდელი სხდომა არ მოიწვიოს“, – თქვა კორძაიამ.

ხათუნა სამნიძის განცხადებით, ქვეყანა დატოვეს დეპუტატებმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ – პარტიის თავმჯდომარმე ლევან ხაბეიშვილმა და ანა წითლიძემ, მიუხედავად ოპოზიციის წინასწარი შეთანხმებისა მობილიზების თაობაზე.

„ლელოს“ დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა „ტვ პირველთან“ საუბარში „უკიდურესი პოლიტიკური უპასუხისმგებლობა“ უწოდა ხაბეიშვილისა და წითლიძის გამგზავრებას.

განახლება: ლევან ხაბეიშვილმა და ანა წითლიძემ ამ თემაზე კომენტარი გააკეთეს.

ხაბეიშვილის ამბობს, რომ ისინი იმყოფებიან პოლონეთში ვიზიტით, რომელიც „უკავშირდება პრეზიდენტ სააკაშვილისთვის გადასაცემ უმნიშვნელოვანეს ჯილდოს“. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე „მწუხარებას გამოთქვამს გამოგონილი და უსაფუძვლო ისტერიკის გამო“ და დასძენს:

„არაანაზღაურებადი, ოფიციალური მივლინებით ვიმყოფებით პოლონეთში და, შესაბამისად, უმარტივესად შეეძლო ენახათ იმ ადამიანებს, ვინც კონკრეტულ საკითხზე მუშაობდა“.

ანა წითლიძის განცხადებით, მისი და ხაბეიშვილის საზღვარგარეთ, – პოლონეთში, პოლონური მხარის მიწვევით, – გამგზავრება ჯერ კიდევ ორი კვირის წინ იყო დაგეგმილი. დეპუტატი ამბობს, რომ მას და ხაბეიშვილს პარლამენტში აუნაზღაურებადი შვებულება აქვთ გაფორმებული, რაც სისტემაშიც ჩანს.

როგორც წითლიძე ამბობს, ის არ იყო ინფორმირებული თარიღზე, ხოლო სხდომის დანიშვნა სხვა დროსაც შეიძლება. ხდომის ჩავარდნას მისი და ხაბეიშვილის გამო იგი ტყუილს უწოდებს.

„კომისიის შექმნაზე თანხმობა განვაცხადე, მაგრამ თარიღზე ინფორმირებული ნამდვილად არ ვიყავით – ამიტომ პრობლემა, ვფიქრობ, კომუნიკაციის პრობლემა არის, მეგობრებო.

საგანგებო სხდომის დანიშვნა შესაძლებელია ნებისმიერ სხვა დღეს და ასევე შესაძლებელია მაგ კომისიის შექმნა ნებისმიერ დროს – ისტერიკის გარეშე.

ტყუილი,ა რომ მხოლოდ ჩემი და ხაბეიშვილის გამო ჩავარდა აღნიშნული საკითხი. ჩვენ გარდა კიდევ ორი დეპუტატი არ იქნება ადგილზე თვის ბოლომდე“, – წერს იგი და ამატებს, რომ ინიციატორებს მართებთ „მეტი ორგანიზება და არა გადაბრალება“.

10 აპრილის დილით ოპიზიციონერმა დეპუტატება მიმართეს პრეზიდენტს თხოვნით, ჩაენიშნა საკანონმდებლო ორგანოს რიგგარეშე სხდომა სამართლოს სისტემაში კორუფციულ და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებათა შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნისათვის.


წითლიძემ და ხაბეიშვილმა საქართველო მართლაც დატოვეს. უკანასკნელის ფეისბუქ-გვერდის თანახმად, ისინი პოლონეთში იმყოფებიან, რათა პატივი მიაგონ ლეხ კაჩინსკის – პოლონეთის პრეზიდენტს, რომელიც 13 წლის წინ ავიაკატასტროფაში დაიღუპა.

მასალების გადაბეჭდვის წესი