საზოგადოება

პრემიერის მტკიცებით, აქციების დაშლისას არავინ დაშავებულა – ზაზა ბირიაშვილმა თვალში მხედველობა დაკარგა

3 აპრილი, 2023 •
პრემიერის მტკიცებით, აქციების დაშლისას არავინ დაშავებულა – ზაზა ბირიაშვილმა თვალში მხედველობა დაკარგა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მტკიცებით, 7-9 მარტის აქციების სამართალდამცავების მიერ დარბევისას „არავინ დაშავებულა“ და ოპერაცია პოლიციამ „სუფთად ჩაატარა“.

„როცა საქმე ეხება უსაფრთხოებას, სტაბილურობას, მანდ უკომპრომისო ბრძოლა მიდის. ჩვენ, ასე სუფთად ჩაატარა პოლიციამ, არავინ არ დაშავებულა, რეალურად. მაქსიმალური სიფრხილით მოვეკიდეთ“, – განაცხადა მან მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

პრემიერის განცხადების მიუხედავად, აქციების დარბევისას სულ მცირე ერთი მოქალაქე მძიმედ დაშავდა – ერთ თვალში მხედველობა დაკარგა ზაზა ბირიაშვილმა.

გარდა ამისა, მიუხედავად არაერთი მცდელობისა, „ნეტგაზეთმა“ ვერ მიიღო ინფორმაცია ოფიციალური სტრუქტურებისგან დაშავებულთა რაოდენობის შესახებ – შესაბამისი უწყებების პრეს-სამსახურებმა ეს ცნობები არ მოგვაწოდეს. ამჟამად „ნეტგაზეთი“ გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციას ელოდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი