საზოგადოება

მეტროსადგურ „გოცირიძეზე“ ეტლით მხოლოდ შესვლაა შესაძლებელი — რა ხდება შემდგომ?

28 მარტი, 2023 • 1875
მეტროსადგურ „გოცირიძეზე“ ეტლით მხოლოდ შესვლაა შესაძლებელი — რა ხდება შემდგომ?

თბილისში სულ  23 მეტროსადგურია. ეტლით მოსარგებლე ადამიანს შესვლა მხოლოდ განახლებულ „გოცირიძეზე“ შეუძლია, რადგან დანარჩენი 22 სადგური ადაპტირებული არ არის. შესაბამისად, გოცირიძეზე ეტლით შესული ადამიანი ვერსადაც ვერ წავა და უკან მობრუნება მოუწევს.

მეტროსადგური „გოცირიძე“ სამწლიანი გაჭიანურებული და არაერთხელ გადადებული სამუშაოების შემდეგ, 18 მარტს გაიხსნა. ეს სადგური ერთადერთია, რომელიც მეტ-ნაკლებად ესადაგება შშმ პირთა საჭიროებებს — აქ დაამონტაჟეს ორი ლიფტი და დააგეს ტაქტილური ბილიკები, რომელიც უსინათლოების გადაადგილებისთვის არის განკუთვნილი.

მერიაში ამბობენ, რომ იგეგმება მეტროსადგურების ადაპტაცია და ამაში ჩართულნი არიან „აზიის განვითარებისა“ და „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების“ ბანკებიც. თუმცა, ეს პროექტის ყველა – 23-ვე მეტროსადგურს არ ეხება და კონკრეტულ ვადებზე და თარიღებზე ჯერჯერობით საუბარი რთულია.

პირადი გამოცდილებები

„მეტროთი საერთოდ ვერ ვმგზავრობ, რადგან ვარ ეტლით მოსარგებლე“ ,- ამბობს ნეტგაზეთთან ინტერვიუში აქტივისტი ნატა ბუკია.

ის იხსენებს, რომ როდესაც „გოცირიძის“ მეტროსადგური გაიხსნა და ამის ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელში გავრცელდა, ბევრმა იხუმრა კიდეც, ეს ერთადერთი სადგურია, სადაც მგზავრობა შესაძლებელი იქნებაო.

„თუმცა ხუმრობაზე მეტად მგონია, რომ გვჭირდება სერიოზული დისკუსია. ჩვენს ქვეყანაში მოქმედებს საქართველოს კანონი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ, გვაქვს მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტი, რომელთა მიხედვითაც, ნებისმიერი ახალი კონსტრუქცია თუ შენობა, რომელიც აშენდება, ან რასაც ჩაუტარდება რეაბილიტაცია, უნდა იყოს მისაწვდომი არა მხოლოდ ეტლით მოსარგებლეთათვის, არამედ სხვა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის — ყველა უნდა იყოს გათვალისწინებული“, —ამბობს ის.

ნატა განმარტავს, რომ საჭიროა იმის ჯეროვნად შეფასებაც, რამდენად ესადაგება „გოცირიძის“ მეტროსადგური ყველა სტანდარტს. ამასთანავე, ის დასძენს, რომ მანამ, სანამ რეაბილიტაცია სხვა მეტროსადგურებს ჩაუტარდება და ეტლით მოსარგებლეები მეტროთი მგზავრობას შეძლებენ, მნიშვნელოვანია, უკვე დამონტაჟებული ლიფტები არ დაზიანდეს.

„რამდენიმე წლის წინ უნივერსიტეტის მეტროსადგური როდესაც გაიხსნა, იქ არ გაითვალისწინეს და სრულიად გამოტოვეს ადაპტირების საკითხები. შესაბამისად, ეს  მეტროსადგური ადაპტირებული არ არის. ეს რომ ასე არ მომხდარიყო, ახლა უკვე ორი ადაპტირებული მეტროსადგური გვექნებოდა.

რაც მე მაშინებს, არის ის, რომ „გოცირიძის“ მეტროს რეაბილიტირებას დასჭირდა დაახლოებით სამი წელი და თუ იგივე ტემპით გაგრძელდება სხვა მეტროსადგურებზე, რა თქმა უნდა, ძალიან დიდხანს არ გვექნება შესაძლებლობა ეტლით მოსარგებლეებს, რომ მეტრო გამოვიყენოთ და, მით უმეტეს, მაშინ,როდესაც არც სხვა საზოგადოებრივი ტრანსპორტია ბოლომდე ჩემთვის ადაპტირებული“, — ამბობს ნატა. 

რაც შეეხება პირად გამოცდილებებს, მისივე თქმით, ქალაქის სატრანსპორტო სისტემა ჯერ კიდევ არ არის მორგებული შშმ პირთა საჭიროებებისთვის. ის გვიყვება, რომ მისი სახლიდან ავტობუსის გაჩერებამდე მისასვლელი გზა მოუწესრიგებელია, მიუხედავად არაერთი განცხადებისა და წერილისა მერიაში.

„ყოველ ჯერზე პასუხი არის ის, რომ პროექტში ვერ მოხვდა ჩემი განცხადება, აქედან გამომდინარე, ტრანსპორტამდე მისვლაშიც კი ხელი მეშლება, მიწევს, რომ პირადი ავტომობილით გადავაადგილდე, რადგან ტრანსპორტამდე ფიზიკურად ვერ მიაღწევ. ჩემი, როგორც მოქალაქის, ერთ-ერთი უფლებაა, შემეძლოს საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენება ისევე, როგორც არა შშმ პირებს და ისევ გავიმეორებ: უბრალოდ, ეს ჩვენი სურვილი კი არ არის, ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც გაწერილია როგორც კანონში, ასევე კონვენციაში. იმას ვითხოვთ, რაც გვეკუთვნის“, — დასძენს ის.

ნატალი ბუკია. ფოტო: პირადი ფოტოკოლექცია

მეტროთი ხშირად გაადგილდება აქტივისტი ანა სიხაშვილი. ანა დიდი ხანია შშმ პირთა უფლებებისთვის იბრძვის და ითხოვს უფრო ინკლუზიურ ქალაქს.

„მეტროთი გადაადგილება ყველაზე მოსახერხებელია უსინათლოსთვის, მიუხედავად იმისა, რომ საფრთხის შემცველია გარკვეულ საკითხებში. იმიტომ, რომ ბოლოს და ბოლოს გაჩერებები ცხადდება, იცი, სად ხარ და მეტროსადგურები ასე თუ ისე ერთმანეთს ჰგავს, ერთი პრინციპითაა გაკეთებული, რაც ასევე ძალიან გეხმარება“,  — ამბობს ის.

ნეტგაზეთთან საუბარში სიხაშვილი აღნიშნავს, რომ უსამართლობაა, რომ შშმ მოქალაქეებს გააადგილების მხოლოდ წინასწარ განსაზღვრული მარშრუტები აქვთ – „სახელმწიფოში როცა ცხოვრობ, ისე უნდა გადაადგილდებოდე საზოგადოებრივი ტრანსპორტით, როგორც გინდა. მაგრამ ჩვენთვის ხელმისაწვდომობა პრობლემურია და გიწევს, სულ იმ მარშრუტით იარო, რომელიც ე.წ. მობილობის ტრენერმა გაგიწერა“. 

„მთავარი გამოწვევა მეტროთი სარგებლობისას არის თუნდაც ტაქტილური ბილიკების არარსებობა იმიტომ, რომ ძალიან საფრთხის შემცველია. მაგალითად, ლიანდაგამდე რომ მიდიხარ, მაინც თავი უნდა დაიცვა. მატარებელი რომ მოდის, ამ დროსაც არ არის უსაფრთხო ბოლომდე, რადგან კარი უნდა იპოვო, კარის პოვნისას კი ფრთხილად იყო, რათა ვაგონებს შორის ნაპრალში არ ჩავარდე. ან ესკალატორამდე რომ მიდიხარ, არანაირი მანიშნებელი არ არის.

ასევე პრობლემაა ისიც, რომ ესკალატორებს მიმართულებას უცვლიან ხოლმე, რაც გაუფრთხილებლად ხდება, რადგან გამოდის, არ იცი, ზემოთ მიდის თუ ქვემოთ. ხშირად ხდება ისიც, რომ როდესაც შესამოწმებლად მივდივარ ესკალატორთან, მოქალაქეები მოდიან და მეუბნებიან, უი, მანდ არ წახვიდეო, მე კი უბრალოდ შემოწმება გინდა“, — ამბობს ანა.

ანა სიხაშვილი. ფოტო: პირადი ფოტოკოლექცია

მისივე თქმით, წესით, რელიეფური ბილიკების დაგება ყველა მეტროსადგურში ყველაზე მარტივად მოგვარებადი ამბავი უნდა იყოს. ეს კი, თავის მხრივ, ძალიან გააუმჯობესებდა ხელმისაწვდომობას.

მერიის დაპირება

ნეტგაზეთმა კითხვით მიმართა თბილისის მერიასაც და მის დაქვემდებარებაში არსებულ სამსახურებს, უწყებაში გვითხრეს, რომ „გოცირიძის“ რეაბოლიტაციით მეტროსადგურების ადაპტაციის პროცესი დაიწყეს.

მათივე თქმით, ამჟამად თბილისის სატრანსპორტო კომპანია თანამშრომლობს ორ მსხვილ საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტთან, რათა მეტროსადუგრები საბოლოოდ სტანდარტის შესაბამისად ადაპტირდეს. თუმცა, რაკი ტენდერები და შესყიდვები ახლა საწყის ეტაპზეა, კონკრეტული ვადები ჯერჯერობით ვერ სახელდება.

თუმცა, როგორც პასუხებიდან ირკვევა, დაგეგმილი ღონისძიებები არ ეხება ყველა მეტროსადგურს, არამედ მხოლოდ რამდენიმეს.

მაგალითად, მეტროში ტურნიკეტებზე საუბრისას 23 მარტს თბილისის მერმა თქვა:

„ყველაფერზე ვმუშაობთ აზიის განვითარების ბანკთან, ასევე, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან ერთად, რომ მოხდეს 12 მეტროსადგურის სრული რეაბილიტაცია, განახლება და ათ მეტროსადგურზე შესაბამისი პროექტის განხორციელება“, — განაცხადა კახა კალაძემ.

რეაბილიტირებული გოცირიძის მეტროსადგური. ფოტო: თბილისის მერია

როგორც მუნიციპალიტეტში აცხადებენ, „აზიის განვითარების ბანკთან [ADB]“ მერიას აქვს პროექტი სახელად – „„მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამა – უნივერსალური წვდომა და ინკლუზიური მობილობა თბილისის მეტროში“. პროექტის ფარგლებში იგეგმება შემდეგი:

  1.  თბილისის მეტროსადგურების – “დიდუბის”, “დელისის”, “ტექნიკური უნივერსიტეტის”, “ახმეტელის თეატრის” სრული რეაბლიტაციის და შიდა წვდომის გაუმჯობესების პროექტი;
  2.  თბილისის მეტროსადგურების ამოსასვლელების – “დელისის”, “ტექნიკური უნივერსიტეტის”, “ახმეტელის თეატრის”, “სადგურის მოედნის” სრული მექანიზებული წვდომა, რაც გულისხმობს სადგურების ლიფტებით, დამატებითი შიდა ესკალატორებით და შშმ პირებისთვის სპეციალური დამხმარე მოწყობილობებით აღჭურვას, ასევე, პანდუსების, დამხმარე ნიშნების, განათების სისტემის, ტაქტილური ზედაპირების, საინფორმაციო და ბილეთების შეძენის პუნქტების კეთილმოწყობას.
  3. თბილისის მეტროსადგურების ამოსასვლელების – “ღრმაღელეს”, “ნაძალადევის”, “სადგურის მოედნის”, “მარჯანიშვილის”, “რუსთაველის”, “თავისუფლების მოედნის”, “300 არაგველის”, “ისნის”, “ტექნიკური უნივერსიტეტის”, “დელისის”, “დიდუბის” მისასვლელი გზების და მიმდებარე სივრცეების (200მ რადიუსი) განახლებისა და კეთილმოწყობის პროექტი.

„ამ ეტაპზე, ააიპ “თბილისის განვითარების ფონდის” მიერ გამოცხადებულია ტენდერი საკონსულტაციო მომსახურების შესახებ. პირველი ეტაპი უკვე დაიხურა და მიმდინარეობს შერჩევის პროცედურები“, – ნათქვამია მერიის მიერ მოწოდებულ პასუხში.

რაც შეეხება „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს [EBRD]“, პროექტის ფარგლებში, რომელიც 12 მეტროსადგურის რეაბილიტაციას ითვალისწინებს, ასევე იგეგმება:

  1.  სადგურის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების პროექტი: დაყენდება დახრილი ლიფტები მიწისქვეშა სადგურების შესასვლელებზე – “გურამიშვილი”, “სარაჯიშვილი”, “სადგურის მოედანი 3”, “სადგურის მოედანი 2”, “წერეთელი”.
  2.  2 ლიფტი დაყენებდება პირველი ხაზიდან მე-2 ხაზამდე წვდომის გასაუმჯობესებლად.

ამ ეტაპზე, უწყების ცნობით, EBRD-თან მიმდინარეობს სესხის და გრანტის გაფორმების პროცედურები.

მასალების გადაბეჭდვის წესი