საზოგადოება

ხელფასები გაიზრდება — გაფიცულებსა და „საირმეს“ შორის შეთანხმება შედგა

21 მარტი, 2023 • 1269
ხელფასები გაიზრდება — გაფიცულებსა და „საირმეს“ შორის შეთანხმება შედგა

„საირმე მინერალ ვოთერსის“ თანამშრომლებსა და ხელმძღვანელობას შორის შეთანხმება შედგა. ინფორმაციას ადასტურებს როგორც თავად კომპანია, ისე პროფკავშირი “ლაბორი”, რომელიც დასაქმებულებს ეხმარებოდა.

“საირმის” 30-ზე მეტი თანამშრომელი 13 თებერვლიდან იყო გაფიცული ხელფასის 30%-იანი მატების, ქარხნის სანიტარულად მოწესრიგებისა და სხვა მოთხოვნებით.

“შპს „საირმე მინერალ ვოთერსის“ მიერ, საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის მხარდაჭერით, მიღწეულ იქნა შეთანხმება გაფიცულ თანამშრომლებთან, რომლებიც ერთ დღეში სამუშაო პროცესს შეუერთდებიან”, — აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში, რომელიც 20 მარტის ღამით გავრცელდა.

პროფკავშირ “ლაბორის” თავმჯდომარის, გიორგი დიასამიძის ინფორმაციით, დაკმაყოფილდა როგორც ხელფასის ზრდის, ისე იმ სამი მენეჯერის თანამდებობიდან გათავისუფლების მოთხოვნა, რომლებიც “გაუსაძლის მდგომარეობაში აყენებდნენ დასაქმებულებს”.

დიასამიძის ცნობით, აწ უკვე ხელმოწერილი შეთანხმების თანახმად, დასაქმებულთა ხელფასები 22.5%-ით გაიზრდება, ზეგანაკვეთური ანაზღაურება კი — 125%-ით.

მისივე ცნობით, ღამის სამუშაო ანაზღაურების ტარიფი 34%-ით იზრდება, ყოველწლიურად კი ხელფასები ავტომატურად უნდა გაიზარდოს 2-დან 5%-მდე.

“დამლაგებელს, რომელიც ერთი ჰყავდა ქარხანას, ხელფასი გაეზარდა და კიდევ ერთი დამლაგებელი დაემატა”, — დასძენს გიორგი დიასამიძე.

მისივე ინფორმაციით, შეთანხმება ქარხნის ტექნიკური მხარის მოწესრიგებასაც ითვალისწინებს.

“ასევე, თითოეულ ადამიანს 800-800 ლარით აუნაზღაურდება გაფიცვის დღეები”, — ამატებს პროფკავშირის თავმჯდომარე.

დიასამიძე “ნეტგაზეთს” ეუბნება, რომ ხსენებული შეთანხმება, თავისი პუნქტებით, ხელმოწერის დღიდან ძალაშია.

გაფიცვა 1 თვეზე მეტხანს გაგრძელდა. როგორც დასაქმებულები უცხადებდნენ “ნეტგაზეთს”, ქარხანა სრულად პარალიზებული იყო, რასაც კომპანიის ხელმძღვანელობა უარყოფდა და დასძენდა, რომ “ქარხანა არ გაჩერებულა”.

მასალების გადაბეჭდვის წესი