საზოგადოება

ჩამონგრეული ფერდობი რიკოთზე: დარღვევები მშენებელ და ზედამხედველ კომპანიებში

14 მარტი, 2023 • 1085
ჩამონგრეული ფერდობი რიკოთზე: დარღვევები მშენებელ და ზედამხედველ კომპანიებში

13 მარტს აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გზის უბისა-შორაპნის მონაკვეთზე ფერდის ზედაპირი ჩამოიშალა. საავტომობილო გზების დეპარტამენტში მომხდარს მეწყრულ პროცესებს უკავშირებენ, თუმცა აღნიშნავენ, რომ როგორც პროექტის დაყწებამდე, ასევე მისი მიმდინარეობისას, ყველა საჭირო კვლევა უწყებამ ჩაატარა. მათ შორის, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თქმით, შესაწავლილია გეოლოგიური მიმართულებაც.

რაც შეეხება 13 მარტის ინციდენტს, გზების დეპარტამენტში ამბობენ, რომ უხვი ნალექის შედეგად გააქტიურებულმა მეწყრულმა პროცესებმა ჩამოშალა ფერდის ერთ-ერთი უბნის დროებით მოპორკეთებული ზედაპირი, რამაც დააზიანა გარე ბეტონის სექცია.

„ნეტგაზეთი“ მომხდართან დაკავშირებით დაუკავშირდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატრას. ჩვენ გვაინტერესებდა, დაიწყო თუ არა მომხდარზე გამოძიება, თუმცა ამ ეტაპზე არცერთი უწყებისგან პასუხი არ მიგვიღია.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თქმით, აღნიშნულ მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოებს ჩინური კომპანაი China Road and Bridge Corporation (CRBC) აწარმოებს, მას კი ზედამხედველობას უწევს ფრანგული ფირმა, Egis International.

როგორც ირკვევა, კითხვები ორივე კომპანიის მიმართ უკვე წლებია არსებობს როგორც შესაძლო კორუფციის, ასევე, შრომის უსაფრთხოების მიმართულებით.

კერძოდ, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ ანგარიშის მიხედვით, აღნიშნულ მონაკვეთზე გზის მშენებლობა 2018 წელს დაიწყო. ორგანიზაციის განცხადებით, პროქეტი ევროპის საინვესტიციო ბანკმა დააფინანსა. „სამოქალაქო იდეა“ აღნიშნავს, რომ ტენდერში მონაწილეობა, ჯამში, 8 კომპანიამ მიიღო. 2018 წლის 21 ნოემბერს გამოვლინდა გამარჯვებული CRBC, რომელთანაც 901 973 206 ლარის ღირებულების კონტრაქტი გაფორმდა.

ორგანიზაციის თქმით, ვინაიდან პროექტთან დაკავშირებით გამოცხადებული ტენდერი არ არის განთავსებული სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, უცნობია, რა კრიტერიუმებით შეირჩა სწორედ CRBC, მოხდა თუ არა სხვა მონაწილეების დისკვალიფიკაცია, და თუ მოხდა, რა მიზეზით.

„ორგანიზაცია დაუკავშირდა საავტომობილო გზების დეპარტამენტს აღნიშნული ინფორმაციის მისაღებად, თუმცა უწყებამ განაცხადა, რომ მხოლოდ დისკვალიფიცირებულ მონაწილეს შეუძლია მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია და განმარტებები, შერჩევის პროცესში მისთვის დისკვალიფიკაციის მინიჭებასთან დაკავშირებით“, — ნათქვამია ორგანიზაციის ანგარიშში.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2018 წლის 13 ივნისს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა საკუთარ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა სატენდერო განაცხადი E-60 მაგისტრალის უბისა-შორაპნის გზის მონაკვეთის მშენებლობის ზედამხედველობასთან დაკავშირებითაც.

„სამოქალაქო იდეის“ თქმით, ტენდერში მონაწილეობდა 9 კომპანია. 2019 წლის 5 ივლისს გამოვლინდა გამარჯვებული – Egis International in association with Engineering Monitoring Group Ltd. კონტრაქტის მინიჭების შესახებ ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ საკონტრაქტო ღირებულება შეადგენს 2.48 მილიონ დოლარს, 3.59 მილიონ ევროსა და 9.36 მილიონ ლარს. როგორც CRBC-ის შემთხვევაში, ამ ტენდერის ფარგლებშიც უცნობია შერჩევის პროცედურა და კრიტერიუმები.

რაც შეეხება საგზაო სამუშაოებზე ზედამხედველობისთვის შერჩეულ Egis International in association with Engineering Monitoring Group Ltd-ს, ანგარიშის ავტორები აცხადებენ, რომ ის ფრანგული კომპანიაა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში რამდენიმე მიმართულებით ოპერირებს, თუმცა 2018 და 2020 წლებში ისიც მსოფლიო ბანკის სანქციების ქვეშ იმყოფებოდა.

ამასთან, დოკუმენტის ავტორები აცხადებენ, რომ 2018 წელს Egis International-ის შვილობილი კომპანიის Egis International Indonesia-ის წინააღმდეგ 15-თვიანი სანქციები დააწესა მსოფლიო ბანკმა. კომპანიამ ცრუ ინფორმაცია მიუთითა კონტრაქტში ძირითადი სპეციალისტის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით. ორგანიზაციის თქმით, აღნიშნული კონტრაქტი ეხებოდა ტიმორ-ლესტეში საგზაო სამუშაოების განხორციელებას.

„2018 წელს საფრანგეთის პროკურატურამ ოფიციალურად დაიწყო გამოძიება „ეგისის“ შვილობილი კომპანიის – „ეგის ავიას“ წინააღმდეგ. კომპანიას ბრალად ედებოდა უცხოელი ოფიციალური პირების მოსყიდვა. მოგვიანებით Egis-მა ბრალი აღიარა და პროკურატურასთან გააფორმა საპროცესო შეთანხმება, რომლის ფარგლებშიც 2.6 მილიონი ევრო გადაიხადა სახელმწიფოს სასარგებლოდ.

2020 წლის 17 ივნისს მსოფლიო ბანკმა კვლავ დააკისრა სანქციები Egis-ს, ამჯერად ინდოეთში, კარნატაკის სახელმწიფო გზატკეცილის გაუმჯობესების მეორე პროექტსა (“KSHIP II”) და უტარ-პრადეშის ძირითადი საგზაო ქსელის განვითარების პროექტთან (“UPCRNDP”) დაკავშირებული კორუფციისა და თაღლითობის ფაქტების გამო“, — ნათქვამია ანგარიშში.

„სამოქალაქო იდეის“ თქმით, მაშასადამე, უბისა-შორაპნის გზის მონაკვეთის მშენებლობის ზედამხედველობა დაევალა კომპანიას, რომლის სახელსაც უკავშირდება: კორუფცია, ცრუ ინფორმაციის გავრცელება, ქრთამის აღება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გზების მშენებლობის ფარგლებში.

შრომის უსაფრთხოება გზის მშენებელ კომპანიაში

„სამოქალაქო იდეის“ კვლევის მიხედვით, 2020 წლის 17 თებერვალს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია სოფელ უბისაში, უბისა-შორაპნის მონაკვეთის მშენებელი კომპანიის, CRBC-ის საამქროს თუნუქის სახურავის ჩამოშლასთან დაკავშირებით:

ანგარიშში მითითებულია, რომ შემთხვევის შედეგად მსუბუქად დაშავდა ჩინეთის ორი მოქალაქე, ხოლო საქართველოს ერთმა მოქალაქემ მძიმე დაზიანება მიიღო.
დოკუმენტის ავტორები აღნიშნავენ, რომ საავტომობილო გზების დეპარტამენტის მაშინდელმა თავმჯდომარემ, ირაკლი ქარსელაძემ ტელეკამერების წინ მკაცრად გააფრთხილა კომპანიის წარმომადგენლები შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვასთან დაკავშირებით. ქარსელაძის განცხადებით:

„ამასთანავე, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექცია უკვე ატარებს მოკვლევას და ხარვეზების დადგენის შემთხვევაში უმკაცრესად დაისჯება ყველა პასუხისმგებელი პირი. ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვაგრძელებთ მონიტორინგს, რათა ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში ყველა დარღვევა მყისიერად აღმოიფხვრას“.

შრომის ინსპექციამ, საქმის სრულად მოკვლევამდე, დროებით შეაჩერა წინამდებარე მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები.

ორგანიზაციის თქმით, დამსაქმებლის განცხადებით, დიდთოვლობის გამო სახურავი  ჩამოინგრა, თუმცა რადიკალურად განსხვავებული პოზიციები ჰქონდათ დასაქ მებულებსა და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებას.

პროფკავშირების იმერეთის კოორდინატორის, ირაკლი მხეიძის განცხადებით:
„არ არის ინდივიდუალური დაცვის საშუალებები უზრუნველყოფილი, არ არის კოლექტიური დაცვის საშუალებები უზრუნველყოფილი, შენობები, რომელიც აშენებულია, არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ტექნიკურ რეგლამენტებს და ა.შ. მრავლობითი დარღვევებია და იქ არსებული დარღვევები ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. სწორედ ამიტომ, 20 დღის წინ ჩვენ წამოვიწყეთ შრომითი დავა, ამჟამად მიმდინარეობს მედიაცია და ჩვენ ვითხოვთ, რომ ამ კომპანიამ უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობით უზრუნველყოფილი იმ სტანდარტების დაცვა, რაც აუცილებელია ადამიანთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის“.

„სამოქალაქო იდეა“ აცხადებს, რომ აღნიშნულ შემთხვევამდე ზუსტად ორი დღით ადრე, უბისა-შორაპნის გზის მონაკვეთის მშენებლობაზე დასაქმებუმა ერთ-ერთმა მუშამ – ბექა ჭეიშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს მიაწოდა სამშენებლო ტერიტორიაზე შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევის ამსახველი კადრები.

ანგარიშში ნათქვამია, რომ დასაქმებულის განცხადებით, დამსაქმებელი კომპანია CRBC სამუშაო ადგილზე არ იცავდა მინიმალურ სანიტარულ ნორმებს, დასაქმებულებს აიძულებდნენ ზეგანაკვეთურ სამუშაოს და, რაც ყველაზე მთავარია, ტერიტორიაზე არ იყო შექმნილი შრომის უსაფრთხოების პირობები. ორგანიზაციის თქმით, დასაქმებულმა ეს კადრები შრომის ინსპექციასაც მიაწოდა, რაც შემდგომში მისი გათავისუფლების რეალური მიზეზი გახდა.

„სამოქალაქო იდეამ“ საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან გამოითხოვა საჯარო ინფორმაცია აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებზე, რომლის პასუხადაც უწყებამ განაცხადა, რომ მიუხედავად CRBC-ის გაფრთხილებისა და ბატონი ქარსელაძის დაპირებისა, შრომის უსაფრთხოების მიმართულებით მონიტორინგი გამკაცრდებოდა, სამწუხაროდ, ორგანიზაციის თქმით, 2020 წლის მაისში კვლავ განმეორდა გზის მშენებლობაზე უბედური შემთხვევა.

კერძოდ, „სამოქალაქო იდეა“ აცხადებს, რომ 2020 წლის 18 მაისს უბისა-შორაპნის საავტომობილო გზის სამშენებლო სამუშაოებისას ბულდოზერის ოპერატორი მძიმედ დაშავდა. ოპერაციის ჩასატარებლად იგი ზესტაფონში, „ფერო-მედის“ საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი. მუშას ფეხები დაუზიანდა. საბოლოოდ, ექიმებმა მხოლოდ ერთი ფეხის შენარჩუნება შეძლეს, ხოლო მეორე ფეხზე ამპუტაცია გახდა საჭირო.

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ CRBC-მა განაცხადა, რომ დაშავებულის მკურნალობისა და რეაბილიტაციის ხარჯებს სრულად დაფარავდა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება „ინსპექტირების დეპარტამენტის მიერ, კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი შეტყობინების საფუძველზე, დაწყებული იქნა მოკვლევა. თუმცა, კონტრაქტორი კომპანიის ცნობით, მოკვლევის შედეგთან დაკავშირებით არანაირი ოფიციალური შეტყობინება არ მიუღია.

ასევე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ აღნიშნულ ფაქტზე დაწყებულ იქნა გამოძიება. საქმეზე ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ სამუშაოთა მწარმოებელი პასუხისგებაში მისცეს ბრალდებულის სახით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით.“

ორგანიზაციის განცხადებით, 2020 წლის სექტემბერში საავტომობილო გზების დეპარტამენტმა კვლავ გამოაქვეყნა ინფორმაცია CRBC-ის სამუშაო ტერიტორიაზე – უბისა-შორაპნის გზატკეცილზე ერთ-ერთი კონტრაქტორი კომპანიის სპეციალისტის ჯანმრთელობის დაზიანებასთან დაკავშირებით. „სამოქალაქო იდეა“ აღნიშნავს, რომ დაშავებულს გადაუდებელი ოპერაცია დასჭირდა.

„აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებითაც დაიწყო გამოძიება. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ინსპექტირების სამსახურს შეტყობინება CRBC-ისთვის არ გაუგზავნია, ვინაიდან დაზარალებული სხვა კომპანიის თანამშრომელი იყო, თუმცა ფაქტი ფაქტად რჩება – ადამიანმა ჯანმრთელობის სერიოზული დაზიანება მიიღო CRBC–ის სამუშაო ტერიტორიაზე, სადაც ყველანაირი პირობა უნდა ყოფილიყო შექმნილი უსაფრთხო სამუშაო გარემოსათვის“, — ვკითხულობთ ანგარიშში.

აღნიშნულის შემდეგ, ორგანიზაციის თქმით, ერთი წლის განმავლობაში უბისა-შორაპნის გზატკეცილზე 3 შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც შრომის უსაფრთხოების პირობების დაუცველობის გამო მომუშავე პერსონალი მძიმედ დაშავდა. „სამოქალაქო იდეა“ აღნიშნავს, რომ სწორედ, CRBC-ის ვალდებულება იყო მაგისტრალზე მომუშავე პეროსნალისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა.

„საინტერესოა, კომპანიამ, რომელმაც უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში 200-ზე მეტი გზა ააშენა, რატომ ვერ მოახერხა სამუშაო ტერიტორიაზე პერსონალისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა? ასევე, რა როლს ასრულებდა უსაფრთხო გარემოს შექმნასა და კონტროლში ზედამხედველი კომპანია Egis International in association with Engineering Monitoring Group Ltd., რომელთანაც 2.48 მილიონი დოლარის, 3.59 მილიონი ევროსა და 9.36 მილიონი ლარის ღირებულების კონტრაქტი გაფორმდა?“ — აცხადებენ ორგანიზაციაში.

„სამოქალაქო იდეის“ თქმით, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და „Egis International in association with Engineering Monitoring Group Ltd as Sub-Consultant“-ს შორის 2019 წლის 5 ივლისს გაფორმებულ ხელშეკრულებაში პირდაპირაა განსაზღვრული Egis-ის ვალდებულება, რომ კონტრაქტორს გაუწიოს კონსულტაციები შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი

საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „აგენტების“ შესახებ.
მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია.
ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.