საზოგადოება

მოსახლეობას ახლა სურს, მთავრობამ შეასრულოს დაპირება EU კანდიდატის სტატუსის მისაღწევად – დეგნანი

10 მარტი, 2023 • 1200
მოსახლეობას ახლა სურს, მთავრობამ შეასრულოს დაპირება EU კანდიდატის სტატუსის მისაღწევად – დეგნანი

“საქართველოს მოსახლეობას ახლა სურს დაინახოს, რომ მათმა მთავრობამ შეასრულოს დაპირება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღწევად და იმედი მაქვს, რომ ახლა მთელი ენერგია და ყურადღება ამისკენ იქნება მიმართული”, – ეს განცხადება საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა გააკეთა.

მას კითხვა დაუსვეს ქართული ოცნების მიერ “უცხოური აგენტების” შესახებ კანონპროექტების გაწვევისა და მიმდინარე საპროტესტო აქციების შესახებ.

“ქართველმა ხალხმა, განსაკუთრებით სტუდენტებმა და ახალგაზრდებმა, ხმამაღლა და გარკვევით თქვეს თავისი სათქმელი და ბოლოს და ბოლოს მმართველმა პარტიამ მათ მოუსმინა. ახლა ჩვენ ყველა ველით, რომ პარლამენტის თითოეული წევრი წითელ ღილაკს დააჭერს ხელს და ოფიციალურად უარყოფს იმ კანონებს, რომლებიც კრემლის მიერ არის შთაგონებული და არ სჭირდება საქართველოს.

საქართველოს ეს კანონები არ სჭირდება. უკვე არსებობს საკმაო დაცვა და გამჭვირვალობა იმ ფინანსური დახმარებისა, რაც საქართველოში ქართველი ხალხის საუკეთესო ინტერესებს ემსახურება, რათა დაეხმაროს მათ, ვინც მთელ ქვეყანაში საკუთარი გარემოს გაუმჯობესებაზე დაუღალავად მუშაობს – სწორედ ამას ემსახურება საერთაშორისო დახმარება საქართველოში უკვე 30 წელია და ამის დასანახად საკმარისია მიმოიხედოთ ამ ქვეყნის ნებისმიერ კუთხეში და დაინახოთ, რომ ძალიან კარგი საქმე კეთდება.

საქართველოს მოსახლეობას ახლა სურს დაინახოს, რომ მათმა მთავრობამ შეასრულოს დაპირება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღწევად და იმედი მაქვს, რომ ახლა მთელი ენერგია და ყურადღება ამისკენ იქნება მიმართული. ეს არის უზარმაზარი შესაძლებლობა თითოეული ქართველის ცხოვრების გასაუმჯობესებლად და სწორედ ქართველი ხალხი აკისრებს მთავრობას პასუხისმგებლობას კანდიდატის სტატუსის მინიჭების დაპირებაზე”, – განაცხადა დეგნანმა.

რა ხდება

საქართველოს პარლამენტის 76-მა დეპუტატმა 7 მარტის სესიაზე პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი რუსულ კანონპროექტს, რომლის მიზანიც ქვეყანაში მედიისა და სამოქალაქო სექტორის დისკრედიტაცია და შეზღუდვაა.

მსგავსი კანონი რუსეთში 2012 წელს მიიღეს და მას შემდეგ ქვეყანაში, ფაქტობრივად, გაქრა დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო სექტორი. ისინი ჯერ „უცხოეთის აგენტებად“ გამოაცხადეს, შემდეგ კი საქმიანობაც აუკრძალეს.

კანონს საქართველოს დასავლური ინტეგრაციის შემაფერხებლად მიიჩნევენ საქართველოს დასავლელი პარტნიორები, მათ შორის, აშშ და ევროკავშირი.

მმართველი გუნდის ამ ნაბიჯს საქართველოს მრავალი მოქალაქის პროტესტი და მასშტაბური დემონსტრაციები მოჰყვა. 7-8 მარტს, მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ, ხელისუფლებამ გამოიყენა ფიზიკური ძალა, წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი.

დარბევებისას პოლიციის მიმართულებით სხვადასხვა საგანს ისროდა აქციის მხარეს მყოფი ადამიანების ნაწილი. დაზიანდა პოლიციის ავტომობილები, დაშავდნენ როგორც პოლიციელები, ისე – აქციის მონაწილეები.

8-9 მარტის ღამეს, რუსთაველზე აქციის დაშლის შემდეგ სპეცრაზმმა აქციის მონაწილეებს მიმდებარე ქუჩებზე დილამდე სდია და აკავებდა მათ.

ორდღიანი საპროტესტო აქციებისა და დარბევის შემდეგ ხელისუფლებამ თქვა, რომ გაიწვევს რუსულ კანონს, რომელიც ქვეყანაში სამოქალაქო სექტორსა და მედიას ზღუდავს.

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ რა ფორმითაც არ უნდა მიიღონ ეს კანონი, მას ვეტოს დაადებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი