საზოგადოება

ბელარუსელი პარტიზანები: მინსკთან რუსული თვითმფრინავი ჩვენ ავაფეთქეთ

27 თებერვალი, 2023 • 2106
ბელარუსელი პარტიზანები: მინსკთან რუსული თვითმფრინავი ჩვენ ავაფეთქეთ

ბელარუსელი ოპოზიციონერი აქტივისტების ცნობით, პარტიზანებმა დრონებით შეუტიეს რუსულ A-50 ტიპის სადაზვერვო თვითმფრინავს, რომელიც ბელარუსის დედაქალაქ მინსკთან ახლოს მდებარე აეროდრომზე იდგა.

“დრონები იყო. ოპერაციის მონაწილეები ბელარუსელები არიან”, — დასძენს ალიაქსანდრ აზაროვი, რომელიც ბელარუსის უსაფრთხოების ძალების ყოფილი წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებულ გუნდს, Bypol-ს ხელმძღვანელობს.

როგორც აზაროვმა ტელეკომპანია Belsat-ს უთხრა, ოპერაცია რამდენიმე თვის მანძილზე მზადდებოდა, მასში მონაწილეებმა კი უკვე დატოვეს ბელარუსის ტერიტორია და უსაფრთხოდ არიან.

Bypol-ის მიხედვით, მაჩულიშის საჰაერო ბაზაზე, ჯამში, ორი აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც დაზიანდა თვითმფრინავის წინა და ცენტრალური ნაწილები, ისევე როგორც სარადარო ანტენა.

ორგანიზაციის თანახმად, დაზიანება იმდენად სერიოზულია, რომ თვითმფრინავი “ნამდვილად არსად გაფრინდება”.

რუსეთისა და ბელარუსის მთავრობებს ამის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად არ დაუდასტურებიათ.

როგორც სააგენტო Reuters წერს, Beriev A-50 რუსული სადაზვერვო თვითმფრინავია, რომელიც აღჭურვილია შესაძლებლობით, ერთდროულად 60 სამიზნეს ადევნოს თვალყური.

“ეს ყველაზე წარმატებული დივერსიაა 2022 წლის დასაწყისიდან [დღემდე]”, — წერს Twitter-ზე ბელარუსელი ოპოზიციონერი ლიდერის, სვეტლანა ტიხანოვსკაიას მრჩეველი ფრანაკ ვიაკორკა.

ბელარუსული ორგანიზაცია “ვიასნა” იუწყება, რომ ქალაქ მაჩულიშჩიში ქალი დააკავეს, თუმცა უცნობია, უკავშირდება თუ არა დაკავება თვითმფრინავის აფეთქების ფაქტს.

ბელარუსი, რომელსაც ალექსანდრე ლუკაშენკოს რეჟიმი მართავს, უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიან ომში პირდაპირ არ მონაწილეობს, თუმცა მინსკმა საშუალება მისცა რუსეთს, ქვეყნის მიწა უკრაინაზე თავდასასხმელად გამოეყენებინა.

მეორე მხრივ, არაერთი ცნობა არსებობს საბოტაჟის აქტების შესახებ როგორც ბელარუსის, ისე რუსეთის იმ რეგიონებში, რომლებიც უკრაინას ესაზღვრება. მსგავსი აქტები განსაკუთრებით ხშირი იყო რუსეთ-უკრაინის დამაკავშირებელ სარკინიგზო ხაზზე, რომელიც ბელარუსზე გადის.

“მეამაყება ყველა ბელარუსელი, რომელიც აგრძელებს წინააღმდეგობას რუსეთის მიერ ბელარუსის ჰიბრიდული ოკუპაციის წინააღმდეგ და იბრძვის უკრაინის თავისუფლებისთვის.

თქვენი მამაცური მოქმედებები აჩვენებს მსოფლიოს, რომ ბელარუსი იმპერიული აგრესიის წინააღმდეგ დგას. დიდება ჩვენს გმირებს!” — წერს სვეტლანა ტიხანოვსკაია.

ბელარუსს, რომელიც უკრაინას ჩრდილოეთიდან ესაზღვრება, თითქმის 30 წელია  ალექსანდრე ლუკაშენკო მართავს.

2020 წელს, როცა მან მორიგ არჩევნებში გამოაცხადა თავი გამარჯვებულად, ბელარუსის ქუჩებში მასშტაბური ანტისამთავრობო პროტესტი გაჩაღდა. აქციებს ხელისუფლებამ მასობრივი დაკავებებითა და ძალადობით უპასუხა.

ბელარუსის ოპოზიციის ლიდერების ნაწილი ახლა ციხეშია, სხვები კი აიძულეს, დაეტოვებინათ ქვეყანა. ქვეყანაში ხშირად აკავებენ ადამიანებს მრავალი მიზეზით, მათ შორის, სოციალურ მედიაში დატოვებული კომენტარების გამო.

გარეკანის ფოტო: Cantiana/commons.wikimedia.org

მასალების გადაბეჭდვის წესი