საზოგადოება

შაჰინი და დურბინი ქართველ პოლიტიკოსებს შეხვდნენ – რაზე ისაუბრეს სენატორებმა ოპოზიციასთან

19 თებერვალი, 2023 • 1620
შაჰინი და დურბინი ქართველ პოლიტიკოსებს შეხვდნენ – რაზე ისაუბრეს სენატორებმა ოპოზიციასთან

თბილისში ოფიციალური ვიზიტით მყოფი სენატორები, ჯინ შაჰინი და დიკ დურბინი ქართველ პოლიტიკოსებს, მათ შორის ოპოზიციის ლიდერებს შეხვდნენ. შეხვედრაზე იმყოფებოდნენ “ნაციონალური მოძრაობის”, “ლელოს”, “მოქალაქეების”, “საქართველოსთვის”, “დროას”, “გირჩი – მეტი თავისუფლების”, “სტრატეგია აღმაშენებლის” წარმომადგენლები.

როგორც შეხვედრის შემდეგ “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა, სენატორებთან ისაუბრეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე და მის მოსაპოვებლად საჭირო რეკომენდაციების შესრულებაზე, ასევე უსაფრთხოების გამოწვევებზე და “მთავარი არხის” დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას პატიმრობის საკითხებზე:

“მასთან საუბარი გვქონდა იმ გამოწვევებზე, რაც აქვს ქვეყანას. ის, ისევე როგორც საქართველოს მოქალაქეების დიდი უმრავლესობა, გულდაწყვეტილია, რომ ქვეყანა დარჩა კანდიდატის სტატუსის გარეშე. დააინტერესა როგორ მიმდინარეობს ევროკავშირის მოთხოვნების შესრულება, გვქონდა საუბარი უსაფრთხოების გამოწვევებზე და ასევე ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე. მაგალითად, მე მასთან ასევე მქონდა საუბარი ნიკა გვარამიას პატიმრობის თემაზე. მას ძალიან კარგად ესმის, რომ ქვეყანაში, სადაც დამოუკიდებელი ტელევიზიის დირექტორია დაპატიმრებული ჩვენი ევროპული განაცხადის წარმატების შანსი მცირდება. ასევე გავაცანით ჩვენი მოლოდინი, როგორ შეიძლება დასავლეთმა ხელი შეუწყოს იმას, რომ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი გადარჩეს და ჩვენ კანდიდატის სტატუსის მიღების მცდელობა შემოდგომაზე მორიგი კრახით არ დავასრულოთ”, – განაცხადა სამადაშვილმა.

შეხვედრას ესწრებოდა ენმ-ს პოლიტსაბჭოს წევრი, ხატია დეკანოიძეც. მისი თქმით, სენატორებთან სამადაშვილის მიერ ჩამოთვლილი საკითხების გარდა ისაუბრეს საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და ასევე “ხალხის ძალის” ინიცირებულ კანონპროექტზე “უცხოური გავლენის აგენტების” შესახებ:

“ოპოზიციის ყველა წარმომადგენელმა აუხსნა რა მნიშვნელოვანია, მათ შორის, ამ კანონპროექტის შეჩერება და განხილვაში არ შეშვებაც კი, იმიტომ, რომ ესეც ძალიან აზიანებს საქართველოს ევროპულ მომავალს. რა თქმა უნდა, შეკითხვები ჰქონდათ [სენატორებს ამ საკითხზე]… ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი იყო ასევე უსაფრთხოებაზე… შეკითხვები ჰქონდათ მიხეილ სააკაშვილზეც”, – განაცხადა დეკანოიძემ “ტვ პირველთან” და განმარტა, რომ შეხვედრის ფორმატი პირისპირ ერთი-ერთზე საუბარს არ ითვალისწინებდა, თუმცა ის ესაუბრა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ სენატორებს და “ყველა იმ ადამიანს, რომელიც დაინტერესებულია საქართველოს ევროპული მომავლით”.

დეკანოიძის თქმით, შეხვედრაზე ასევე იმყოფებოდნენ “ქართული ოცნების” წევრები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებიც. შეხვედრას ესწრებოდა აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანიც.

მასალების გადაბეჭდვის წესი