საზოგადოება

ევროპარლამენტი: გადაიყვანეთ სააკაშვილი, დაასანქცირეთ ივანიშვილი

15 თებერვალი, 2023 • 1671
ევროპარლამენტი: გადაიყვანეთ სააკაშვილი, დაასანქცირეთ ივანიშვილი

ევროპარლამენტი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანისკენ მოუწოდებს.

შესაბამისი რეზოლუცია ევროპარლამენტმა 577 ხმით, 33-ის წინააღმდეგ მიიღო.

ევროპარლამენტარები აცხადებენ, რომ ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისადმი მოპყრობა საქართველოს მთავრობის ევროპული ღირებულებებისადმი ერთგულების ლაკმუსის ტესტია. რეზოლუციაში ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის ირგვლივ შექმნილი ვითარება აზიანებს საქართველოს რეპუტაციას და აფერხებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების პერსპექტივას.

ევროპარლამენტარები შეახსენებენ საქართველოს ხელისუფლებას, რომ სააკაშვილის ჯანრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა მათ ეკისრებათ.

გარდა ამისა, რეზოლუცია ხაზს უსვამს იმ ფუნდამენტურ როლს, რომელიც ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა ითამაშა სააკაშვილის პატიმრობაში, „როგორც პირადი ვენდეტის ნაწილს“. ამიტომ, პარლამენტი იმეორებს თავის მოწოდებას საბჭოსა და დემოკრატიულ პარტნიორების მიმართ, განიხილონ ივანიშვილისთვის სანქციების დაწესება „საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში“ მისი როლისთვის. სანქცირების შესახებ ევროპის სახალხო პარტიის (EPP) ინიცირებულ შესწორებას 362-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

ევროპარლამენტი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებს გამოიყენოს კონსტიტუციური უფლება და შეიწყალოს სააკაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი