საზოგადოება

ნიშნავს თუ არა უკრაინის გამარჯვება რუსეთის ავტომატურ მარცხსაც საქართველოში | დისკუსია

16 თებერვალი, 2023 • 1777
ნიშნავს თუ არა უკრაინის გამარჯვება რუსეთის ავტომატურ მარცხსაც საქართველოში | დისკუსია

საქართველოს პროდასავლურად განწყობილი მოქალაქეებისგან ბოლო პერიოდში ხშირად მოისმენთ მოსაზრებას, რომ თუ რუსეთი უკრაინაში დამარცხდება, ეს ავტომატურად გამოიწვევს რუსული გავლენების მარცხს საქართველოში. ეს დისკუსია განსაკუთრებით აქტუალურია ოპოზიციის ან ნეიტრალურ ამომრჩეველში, რომლებიც ახლო მომავალში ვერ ხედავენ პერსპექტივას, როგორ უნდა შეცვალონ „ქართული ოცნება“, რომელიც პირდაპირ კონფრონტაციაშია საქართველოს დასავლელ მეგობრებთან და უკრაინის ხელისუფლებასთან, სამაგიეროდ კი შექებას იმსახურებს რუსეთის საგარეო საქმეთ მინისტრ სერგეი ლავროვისგან.

ეჭვგარეშეა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის შედეგები არა მხოლოდ ამ ორ ქვეყანაზე, არამედ მთელ ევროპაზე აისახება. ქართული საზოგადოების ნაწილი იმედოვნებს, რომ მიუხედავად იმისა, ვის მხარეს დგას და რა გადაწყვეტილებებს მიიღებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, უკრაინის გამარჯვებით საქართველოც საბოლოოდ დაუსხლტება რუსეთის გავლენის სფეროს და მიიღებს ავტომატურ სარგებელს — იქნება ეს ევროინტეგრაციის თუ დეოკუპაციის მიმართულებით. ამ სტატიაში გთავაზობთ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტების მოსაზრებებს, თუ რამდენად რეალურია ავტომატური წარმატების სცენარი.

„სამოქალაქო იდეის“ თავმჯდომარე, თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი:

„საქართველოს ბედი დღეს ერთმნიშვნელოვნად უკრაინაში წყდება. რუსეთის დამარცხების კვალობაზე საქართველოს შანსები როგორც ინტეგრაციის, ასევე ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის თვალსაზრისით იზრდება. დასუსტებულ რუსეთთან ბოლო სამშვიდობო შეთანხმების ნაწილი სავსებით შესაძლებელია საქართველოს დეოკუპაციის თემატიკაც გახდეს. მაგრამ არ ვეთანხმები, რომ ეს მოხდება, მიუხედავად იმისა, საქართველოს ხელისუფლებას მოინდომებს თუ არა. ხელისუფალთ აქვთ „უნარი“, ისტორიულ მომენტს ისეთ მდგომარეობაში დახვდნენ, როდესაც ყველა პრინციპული გადაწყვეტილება უკვე მიღებული იქნება. საერთაშორისო ურთიერთობების და მოლაპარაკებების დღის წესრიგში საქართველოს თემატიკის შენარჩუნება ყოველ ჯერზე, როდესაც საქმე შეეხება უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის გადაწყვეტას, ჩვენი საბრძოლველია. ჩვენ თუ არ ვიბრძვით — ვგულისხმობ, პოლიტიკურად და დიპლომატიურად — ჩვენს მაგივრად ამას არავინ გააკეთებს. ამიტომ, ბოლომდე ვერ ვიზიარებ მოსაზრებას, რომ უნდა ვისხდეთ და ველოდოთ, ზელენსკი ომს როდის მოიგებს და მერე ყველაფერი თავისით დალაგდება“.

„საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ (GIP) დირექტორი კორნელი კაკაჩია:

„პოტენციურად საქართველოს წარმატება შეიძლება მართლაც მიბმული იყოს უკრაინაზე, მაგრამ რეალურად ბევრი რამ დამოკიდებულია საქართველოს ხელისუფლების პოზიციონირებაზე. საქართველომ უკვე მიიღო რეპუტაციული ზიანი უკრაინის ხელისუფლებასთან დაკავშირებული პოზიციის, ანტიდასავლური რიტორიკისა და დემოკრატიის უკუსვლის გამო. თუ ხელისუფლების პოლიტიკა არ შეიცვლება, უფრო რისკებზე შეგვიძლია ვისაუბროთ. თუ უკრაინამ გაიმარჯვა (და იმედია, ასეც მოხდება), შეიძლება უცებ გაიხსნას ახალი შესაძლებლობის ფანჯარა მისი ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, საქართველო კი გარეთ დარჩეს“.

საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ლაშა ძებისაშვილი:

„დასავლეთის გეოპოლიტიკური ხედვაა, რომ რუსეთის სამეზობლო, რომელიც ადრე ერთგვარად მიჩნეული იყო რუსეთის ექსკლუზიურ ზონად, აღარ შეიძლება ასეთად დარჩეს. ახლა პრიორიტეტი უკრაინაზეა, მაგრამ ომის დასრულების შემდეგ ძირითადი აქცენტები გადავა ეკონომიკურ აღორძინებაზე და სამხრეთ კავკასიის მიმართ როგორც პოლიტიკური, ეკონომიკური, ისე სატრანსპორტო თვალსაზრისით ინტერესი გაიზრდება. ოღონდ ერთია ევროკავშირის გეოპოლიტიკური ინტერესი, რომ მის გარშემო იყოს განვითარების და უსაფრთხოების სარტყელი, მეორე კი— საკუთრივ ქვეყანა, რომელიც ამ სარტყელში იმყოფება, დაინტერესებული იყოს ამ მიზნების მიღწევაში. დასავლეთი თავს არ მოგვახვევს თავის პოლიტიკას, თუ ჩვენ არ გვინდა. ომის დასასრულს სარგებელი ექნება საქართველოს, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანი როლი ენიჭება საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს. მე ვიტყოდი, თანაფარდობა 50/50-ზეა. უკრაინის ომი გლობალურად ცვლის ბევრ რამეს — უსაფრთხოების არქიტექტურიდან დაწყებული, ეკონომიკური, კულტურული და ცივილიზაციური საკითხების გადაწყობით. საქართველოს ხელისუფლება უბრალოდ იძულებული იქნება, ანგარიში გაუწიოს პროცესს და გარკვეული ცვლილებები განახორციელოს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ავტომატურად გავხდებით ევროპის ნაწილი ან 100%-ით მივიღებთ იმ უამრავ სარგებელს, რასაც ამ ომში გამარჯვება უკრაინას მოუტანს. იმისთვის, რომ მაქსიმალური სარგებელი მივიღოთ მომავალი ცვლილებიდან, ჩვენ, როგორც საქართველოს მოსახლეობას, შეგვიძლია ხელისუფლება ვაიძულოთ მოიქცეს სათანადოდ — პირველ რიგში, შეასრულოს EU-ის 12 რეკომენდაცია“.

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) უფროსი მკვლევარი, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გიგი გიგიაძე:

„უკრაინის გამარჯვება იქნება ცივილიზებული სამყაროს გამარჯვება ტირანიაზე და ცალსახად იქნება ქართველი ხალხის გამარჯვებაც. მაგრამ არ მინდა, ეს ავტომატიზაციის რეჟიმში გადავიყვანო. საქართველოს ხელისუფლების ქმედებები და პოზიციონირება თავიდან ბოლომდე არასწორია. შედეგად,  ჩვენი ქვეყნისადმი დამოკიდებულება ნეგატიურისკენ შეიცვალა. საერთაშორისო დისკუსიაში, სადაც უკრაინის და ევროპის მომავალი ფიგურირებს, საქართველო ნაკლებად ჩანს. თუ საქართველოს ხელისუფლება გააგრძელებს პოლიტიკას, რომელსაც ახლა ატარებს უკრაინასთან და ევროპასთან მიმართებით, ომში უკრაინის გამარჯვება ავტომატურ რეჟიმში ჩვენზე ვერ გავრცელდება“.

კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლის დეკანი ეკა აკობია:

„უკვე შეიმჩნევა საქართველოს ერთგვარი ამოვარდნა პროდასავლური ლიბერალური დემოკრატიის კონტექსტიდან, რაც პროგრესის ნაკლებ შესაძლებლობას გვიტოვებს. მეორე მხრივ, და ალბათ, რა ტალღაზე Free riding-საც („უბილეთო მგზავრობა“, კოლექტიური სიკეთით სარგებლობა მის შექმნაში მონაწილეობის გარეშეცდილობს საქართველოს მთავრობა, ისაა, რომ უკრაინის გამარჯვება ნიშნავს ლიბერალური, თავისუფლების მოყვარული საზოგადოების გამარჯვებას, რომელთა ბუნებაშიც არ ზის მცირე ქვეყნების ჩაგვრა. ლიბერალური სახელმწიფოების თანამეგობრობის  წარმატების შემთხვევაში საქართველოს მიმართ ნაკლებად უნდა ველოდოთ რევანშს. უკრაინის გამარჯვების შემთხვევაში ჩვენ მაინც ვიქნებით წარმატებული სახელმწიფოების რიგებში, თუმცა, განვითარების შედარებით დაბალსიჩქარიან ზოლში. საქართველოს მთავრობის დღევანდელი პოლიტიკა არის სურვილი, რომ თავისუფლად გაისეირნოს უკრაინის წარმატების ხარჯზე, მაგრამ დემოკრატიული კრიტერიუმების თვალსაზრისით ჩამორჩენა იქნება მიზეზი იმისა, რატომაც  პროგრესის ნაკლები შესაძლებლობები გვექნება“.

რა ჩაითვლება რუსეთის მარცხად?

ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რასაც ანალიტიკოსები ხაზს უსვამენ, არის ის, რომ საქართველოსთვის საფრთხეების ნიველირებისთვის საკმარისი არ არის რუსეთის უკრაინაში მხოლოდ სამხედრო დამარცხება.

„იმისთვის, რომ მოსკოვს არ დარჩეს საქართველოსთვის რესურსი, რუსეთში უნდა მოხდეს პოლიტიკური შინააშლილობა და გარკვეული პერიოდი გაგრძელდეს კლანებს შორის ბრძოლა ცენტრალური ხელისუფლებისთვის.  შიგნით, ხელისუფლების კონსოლიდაციამდე, საქართველოსთვის არ ეცლებათ. ხოლო თუ კრემლში დარჩა რევიზიონისტული, თუნდაც სხვა ხელისუფლება, რომელიც დროებით შეეგუა სამხედრო დამარცხებას, მაგრამ ისევ ინახავს იმპერიის აღორძინების ილუზიებს, კრემლის ინტერესი საქართველოს მიმართ კი არ შემცირდება, კიდევ უფრო გაიზრდება, ვინაიდან მას დასჭირდება ერთგვარი კომპენსაცია საგარეო-პოლიტიკური მარცხისთვის“, — ამბობს ლაშა ძებისაშვილი.

ეკა აკობიას აზრით, საქართველოს უსაფრთხოება გაიზრდება, თუ უკრაინაში მარცხის შედეგად რუსეთის ხელისუფლებაში მოვა ლიბერალურ მსოფლიო წესრიგთან თავსებადი ძალა, ან რუსეთს ინსტიტუციურად შეეზღუდება უპირატესი საერთაშორისო რეჟიმები და ძალაუფლება, მაგალითად, გაეროს უშიშროების საბჭოში.

„რუსეთი არა მგონია იმდენად დასუსტდეს, რომ აქ დესტაბილიზაციისთვის ძალა და შესაძლებლობები არ ეყოს. ამიტომ იმაზე გათვლით, რუსეთი დამარცხდება თუ არ დამარცხდება, ჩვენ დღევანდელი ამორფული, ნეიტრალური და ხანდახან მავნებლურად ჩუმი პოზიციებით ფონს ვერ გავალთ. ჩვენი უსაფრთხოება რომ გაიზარდოს, ამისთვის გვჭირდება საერთაშორისო თანამეგობრობა. არ ვართ თვითმყოფადი უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის და თუ ჩვენივე ნებით ჩამოვშორდებით თავისუფალ თანამეგობრობას, დავრჩებით მოწყვლადი საფრთხეების ბევრნაირი კასკადის მიმართ“, — მიიჩნევს აკობია.

„ოცნების“ ვექტორი

თინა ხიდაშელის აზრით, „ქართული ოცნების“ ქმედებები გამომდინარეობს ბიძინა ივანიშვილის ფუნდამენტური რწმენიდან, რომ რუსეთი საბოლოოდ გაიმარჯვებს და გამარჯვებულს ყბაში არ უნდა ჩაუვარდეს.

„მაგრამ არსებობს ზღვარი სიფრთხილესა და უკან დახევას შორის; სიფრთხილესა და შემობრუნებას შორის.  „ევროკავშირი საბჭოთა კავშირია და იქ რა გვინდა“  ტიპის რიტორიკას სიფრთხილის არანაირი ნიშან-წყალი არა აქვს. ეს უკვე პირდაპირი განაცხადია ევროკავშირის ალტერნატივის ძიებაზე. აქამდე საქართველოს ხელისუფლება არაფერს აკეთებდა დაახლოებისთვის, მაგრამ პირდაპირი მნიშვნელობით არც დისტანცირებისთვის აკეთებდა რამეს და ვფიქრობდი, გამოუსწორებელი შეცდომა არ დაგიშვია. პირველად შევშფოთდი ფუნდამენტურად, როცა ბოლო დღეების განმავლობაში ღია ტექსტით დაიწყეს საუბარი იმაზე, თუ რა გვინდა ევროკავშირში, სადაც თურმე რაღაც ცუდი ამბები ხდება. ალბათ, ყველამ იცის, რომ სოზარ სუბარი და ზაზა შათირიშვილი ასეთ განცხადებებს შემთხვევით არ აკეთებენ. საუბრის გარდა ამას ქმედებაც თუ მოჰყვა, საფრთხე კიდევ უფრო გაიზრდება“.

გიგი გიგიაძე კი ფიქრობს, რომ რუსეთისკენ შემობრუნების პროცესი მინიმუმ 2022 წლის 24 თებერვლიდან არის დაწყებული.

„სპეკულაცია იმაზე, რასთან გვაქვს საქმე, შორს წაგვიყვანს, მაგრამ ერთი რამ ცხადია — საქართველოს ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ მაქსიმალურად ასიამოვნოს რუსულ მხარეს და მოხდეს ჩვენი ტრადიციული პარტნიორებისგან დისტანცირება. დასკვნა გამოიტანოს ქართულმა საზოგადოებამ. ჩემი აზრით, დასკვნა ძალიან ცხადია – ეს არის ხელისუფლება, რომელიც ცალსახად იხრება პრორუსული ორბიტისკენ“.

კორნელი კაკაჩია არ გამორიცხავს, რომ რუსეთის „არგაღიზიანების პოლიტიკა“ შიშით იყოს განპირობებული და შეიცვალოს, როცა შიშის ფაქტორი მოიხსნება რუსეთის დამარცხების შედეგად: „მაგრამ იმ დროისთვის შეიძლება დაგვიანებული აღმოჩნდეს. გაწყობილ სუფრაზე მისვლა ძალიან რთულია“.

ამასთან, ექსპერტების აზრით, რუსეთის ფაქტორის მოხსნა თავისთავად არ არის საქართველოში ღია ავტორიტარიზმის და დემოკრატიის უკუსვლის გარანტირებული პრევენცია იმ ფონზე, როდესაც საქართველოს მთავრობისთვის ევროატლანტიკური ინტეგრაცია ნაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე ძალაუფლებაში დარჩენა.

„მმართველი გუნდის ძირითადი ამოცანა არის არაფორმალური მმართველისთვის ძალაუფლების ისეთი ვერტიკალის და შემადგენლობის შენარჩუნება, რომელიც მის ინტერესებს ემსახურება“, — ამბობს ეკა აკობია.

მისი თქმით, გეოპოლიტიკური მნიშვნელობიდან გამომდინარე სახელმწიფოები ერთგვარ სარგებელს იღებენ ურთიერთდამოკიდებულებიდან. მათ შორის შავ ზღვაზე გამავალი შუა დერეფნის პროექტი მთავრობის მიერ მოაზრებულია, რომ ეს თითქოს საკმარის გეოპოლიტიკურ მიმზიდველობას სძენს საქართველოს, მაგრამ ნაკლებ სავარაუდოა, რომ ამ პროექტის გამო ევროკავშირი თვალს დახუჭავს დემოკრატიის ჩავარდნაზე.

„წარმოსახვით მომავალში რომც არსებობდეს ასეთი მოლოდინი, ფორტუნას თამაში არ არის სახელმწიფოს მართვა. ჩვენი თითოეული ფუძემდებლური დოკუმენტი, ისევე როგორც ქართველი ხალხის არჩევანი, არის ერთმნიშვნელოვანი — დემოკრატიზაცია გვინდა არა მარტო იმისთვის, რომ ევროკავშირში გავწევრიანდეთ, არამედ იმიტომ, რომ დემოკრატიული ყოფა, დემოკრატიული საზოგადოებრივი ცხოვრება გაცილებით უფრო უსაფრთხო და სამართლიანია საზოგადოების თითოეული წევრისთვის. ამისკენ ეს ხელისუფლება არ ისწრაფვის“, — ამბობს იგი.

ხელისუფლებაში დარჩენის სანაცვლოდ „ქართული ოცნება“ საერთაშორისო იზოლაციას არ მოერიდება კორნელი კაკაჩიას აზრითაც, მაშინაც კი, თუ რუსეთი უკრაინაში დამარცხდება:

„ხელისუფლებამ უნდა შეასრულოს 12 რეკომენდაცია, შეწყვიტოს ზეწოლა მედიაზე, კანონის უზენაესობის პრობლემები მოხსნას; შეწყვიტოს ანტიდასავლური რიტორიკა და თავდასხმები საერთაშორისო პარტნიორებზე, სამოქალაქო საზოგადოებაზე და რეალურად დაიწყოს ნამდვილი დემოკრატიზაცია და შეუქცევადი ევროპეიზაცია. შედეგად, შეიძლება არჩევნები წააგონ, მაგრამ ქვეყანა მოიგებს“.

ზემოაღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით, სად იქნება საქართველო უკრაინაში რუსეთის ომის დასრულების შემდეგ, რთული სათქმელია და თინა ხიდაშელის აზრით, დამოკიდებულია 2 ფაქტორზე:

„ერთი, როგორი ექნება საქართველოს ხელისუფლებას ევროკავშირთან დაშორების ტემპი, რამდენს გაბედავს, ან უფრო სწორად რომ ვთქვათ, ჩვენ, დანარჩენი სამი მილიონი ადამიანი ერთად რამდენს გავაბედვინებთ და მეორე მხრივ, თავისთავად უკრაინაში რა ტემპით და რა სისწრაფით განვითარდება მოვლენები”.

მასალების გადაბეჭდვის წესი